ლაზიკის პროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტი ახალი კანონპროექტის მიხედვით აპირებს ამოიღონ მუხლები, რის შედეგადაც გაუქმდება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
2011 წლის 13 ოქტომბრის N5128 კანონით „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კოლხეთის ეროვნული პარკიდან ამოირიცხა 842,4 ჰა ფართობი და შეიქმნა მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. ამ ცვლილების მიზეზად მაშინ, ფოთი ანაკლიის გზის მშენებლობა დასახელდა.
ექსპერტი ირაკლი მაჭარაშვილი თვლის, რომ ეს ცვლილება, თავიდანვე შეცდომა იყო.
„კანონში ამ მიზნით შეტანილი ეს ცვლილება იყო გარემოს დაცვის სამინისტროს და პარლამენტის შეცდომა. კანონით „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისათვის.
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საჭიროებს ხმელეთის შედარებით დიდ ფართობს, ან აკვატორიას, რომელიც წარმოადგენს წყლის აკუმულაციის, ტყეებისა და საძოვრების პროდუქტიულობას, ნადირობის, თევზჭერისა და ნადირ-ფრინველის გავრცელებას, აგრეთვე, ტურიზმისათვის საჭირო ბუნებრივ საფუძვლებს.
დასაშვებია, იგი იყოს ნაწილობრივ სახეცვლილი და მოიცავდეს დასახელებებსაც. ტერიტორიაზე არ უნდა ხვდებობეს ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნები“, - ამბობს მაჭარაშვილი.
ამდენად, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა კოლხეთის ეროვნული პარკის მკაცრად დაცული ნაწილის ნაცვლად, წარმოადგენდა „დაცული ტერიტორიების სისტემის“ შესახებ კანონის დარღვევას.
„ახლა ცდილობენ იურიდიულად გაასწორონ ეს დარღვევა, მაგრამ პრაქტიკულად ეს ნიშნავს კოლხეთის ეროვნული პარკის შუაგულის დეგრადაციას. რა თქმა უნდა, 842 ჰექტარის გაუქმება ძალიან ცუდია, მაგრამ უკეთესია ვიდრე 14 ათასი ჰექტარის გაუქმება, რასაც მედია წერდა.
კანონპროექტი ეწინააღმდეგება რამსარის, ბერნის და ორჰუსის კონვენციებს, ასევე ევროკავშირის „ჰაბიტატების დირექტივას“, „ფრინველების დაცვის დირექტივას“ და „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ დირექტივას. ამდენად, განმარტებითი ბარათში არასწორადაა მითითებული, რომ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მრავალმხრივ ხელშეკრულებებს (ამაში იგულისხმება საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები) და ევროკავშირის დირექტივებს. „ეს კი საფუძველს ქმნის, რომ კანონი გასაჩივრდეს მისი დამტკიცების შემთხვევაში, როგორც საქართველოს სასამართლოში, ისე შესაბამისი კონვენციების გასაჩივრების მექანიზმების გამოყენებით“, - აცხადებს ექსპერტი, რომელიც თვლის, რომ გარემოს დეგრადაციის გამომწვევი კანონის ინიცირება უარყოფითად აიასხება დონორების მიერ საქართველოში პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებებზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
ფოთში, ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, როგორც სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ივა დავითაიამ განმარტა, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, არ ირღვევა არც ერთი საერთაშორისო კონვენციის მიერ ქვეყნისთვის დაკისრებული ნორმა. საჭიროების შემთხვევაში, ისინი მიმართავენ ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის რამსარის კონვენციის სამდივნოს, რათა დიდი მშენებლობები არ შეფერხდეს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განმარტებით კი, ჩვენს შეკითხვაზე-ხომ არ ირღვევა საერთაშორისო ვალდებულებები გარემოზე ზემოქმედებით?-კუბლაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„არანაირად, მსგავსი პრობლემების შექმნა არ არის მოსალოდნელი. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების მიხედვით ამ პროექტის შეფასება, მაგრამ ის პროექტი, რომელიც იგეგმება განხორციელდეს, ლაზიკას მშენებლობის სახით, არანაირად არ უკავშირდება რაიმე ფორმით პრობლემებს, რომელიმე კონვენციასთან მიმართებაში“,- აცხადებს კუბლაშვილი.
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ ანალიტიკოსი, ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ რამსარის კონვენციის სამდივნოსთვის შეტყობინების გაგზავნა, უკვე დაგვიანებულია.
„ლაზიკას პროექტის მხარდამჭერთა კომენტარები იმის თაობაზე, რომ პროექტი არ მოახდენს ზეგავლენას გარემოზე და არ არღვევს საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, რბილად რომ ვთქვათ, დილეტანტურია, უფრო მკაცრად კი, ეს საზოგადოების მოტყუების მცდელობაა - ასეთი განცხადებების გაკეთებას ერთი კვლევა მაინც უნდა ედოს საფუძვლად.
რამსარის კონვენციისთვის სამდივნოსთვის „მიმართვის საჭიროება“ დიდი ხანია დგას. სახელმწიფოს ეს უნდა გაეკეთებინა მაშინვე, როდესაც ლაზიკას პროექტი და მისი სავარაუდო ადგილდებარეობა პირველად გაჟღერდა. რამსარის კონვენცია პირდაპირ ავალდებულებს მის მხარეებს, დაუყოვნებლივ შეატყობინონ კონვენციის ბიუროს იმ დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ან უკვე ზეგავლენას ახდენს კონვენციით დაცული ჭარბტენიანი ტერიტორიის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე“, - აცხადებს გუჯარაიძე.