6 ივნისს, საღამოს 7 საათისთვის, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის ცენტრში ფოტოებს იღებდა... მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის და მაწანწალა ძაღლების გარდა, ჩვენმა ობიექტივმა საჯარო მოხელის რეალური სახეც დააფიქსირა _ დაბის ცენტრში მდგარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა "ოპელის" საჭესთან მჯდარი გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ლევან ჩხიკვაძე ფოტოკამერის დანახვაზე ასე რეაგირებს _ მანქანიდან ხელი გადმოჰყო და "შუა თითი" დაგვანახა, თუმცა, ერთი ხელით არ დაკმაყოფილდა და მანქანის ლუქიდან მეორე ხელიც გამოჰყო იმის სადემონსტრაციოდ, ყველას გაეგო, როგორია საჯარო მოხელის სახე ჩოხატაურში, რომელსაც მმართველმა პარტიამ ყველაზე უხვად დაფინანსებული ინფრასტრუქტურის სამსახური ჩააბარა. აუცილებლად ნახეთ ეს ფოტოები, რომლებზეც სხვადასხვა რაკურსით კარგად ჩანს ჩხიკვაძის "ზრდილი და თავდაჭერილი" საქციელი. ეს რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს. როგორია მისი პროფესიონალიზმი, რის მიხედვითაც, როგორც ხელისუფლება ამბობს, კადრებს არჩევს? ჩხიკვაძე, რამდენიმე წლის განმავლობაში "ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის ფილიალის მმართველი იყო. სწორედ ამ პერიოდში, ბანკში ბევრი დარღვევა აღმოაჩინეს, თუმცა, ჩხიკვაძეს ამისთვის პასუხი არ უგია. პასუხი მხოლოდ იმ ადამიანებმა აგეს, რომელთა სესხები "ვიღაცამ" გააგრძელა, რომლებსაც "ვიღაცის" დანაშაულის გამო, ასობით ლარი ზედმეტად გადაახდევინეს, თან ისე, რომ სამართალი ვერავინ იპოვა. ამ მოქალაქეთა რაოდენობა ჩოხატაურში ძალიან ბევრია და ამის შესახებ კარგად იციან იმ სტრუქტურებში, რომელთა კომპეტენციაში სიმართლის დადგენა შედის.
სიმართლე "ვერ დაადგინეს" და მმართველი ჩხიკვაძეც თანამდებობიდან უმტკივნეულოდ გაათავისუფლეს, მაგრამ, ცხადია, ასეთ "კადრს" ხელისუფლება უმუშევარს არ დატოვებდა _ ბანკიდან პრობლემების გამო წამოსულ ლევან ჩხიკვაძეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის სამსახური ჩააბარა!
როგორ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას ჩხიკვაძე, რომელსაც ყოველთვიურად ჩვენი ჯიბიდან 700 ლარს ვუხდით (ამას საწვავი, სატელეფონო ბარათები და ალბათ, პრემიებიც ემატება!) "გურია ნიუსი" აუცილებლად შეისწავლის და მკითხველსაც გააცნობს, ამჯერად კი ამ ფოტოების ნახვაც კმარა, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ საჯარო მოხელის სახე, მხოლოდ სამი თითის კომბინაციაა!