აფხაზეთში ქართული საფლავები მასობრივად ნადგურდება. ერთ-ერთი დევნილი ნათელა დგებუაძე 19 წლის შემდეგ სოხუმს ეწვია, რათა ომში გარდაცვლილი შვილის საფლავი მოეძებნა, თუმცა უშედეგოდ. იგი განმარტავს, რომ ყველა ქართული საფლავი განადგურებულია.
ნათელა დგებუაძის ინფორმაციით, სასაფლაოდან რამდენიმე მეტრში ოკუპანტები საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ და სასაფლაოს ტერიტორიაზეც გეგმავენ სახლების აშენებას. ეს ყველაფერი სოხუმის ცენტრში ხდება, სადაც ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს უკან მდებარე ქართულ საფლავებს განადგურების საფრთხე ემუქრება.
ამ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოში წითელი ჯვრის წარმომადგენლობა. მათი მონაცემებით, სოხუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს უკან მდებარე სასაფლაოს ტერიტერიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ამ საფლავების სრულ განადგურებას გამოწვევს.
მომხდარ ვანდალიზმს აღიარებს ვიცესპიკერი პაატა დავითაიაც. მეტიც, მას ამ ფაქტების ამსახველი ფოტომასალაც აქვს, თუმცა ფოტოების გამოქვეყნებისგან თავს იმ მოტივით იკავებს, რომ საფლავების საკითხი პირადულია, რამაც, შეიძლება, ბევრ ადამიანზე უარყოფითად იმოქმედოს. მანვე საფლავების განადგურება ეთნიკურ წმენდაზე უარესად შეაფასა და საკითხის ჟენევის ფორმატში განხილვა მოითხოვა.
რატომ მიადგნენ მაინცდამაინც ქართულ საფლავებს? ამის შესახებ Presage.tv-მ სხვადასხვა ვერსია მოისმინა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს კეთდება მარმარილოს ქვების მითვისების მიზნით, სხვა ვერსიით კი, შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ქალაქები შენდებოდეს.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი ამ ყველაფერში მერკანტილურ ინტერესს უფრო ხედავს, ვიდრე პოლიტიკურს.
„სოხუმის სასაფლაოები გაძარცვულია, რაც ვანდალიზმია. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ძვირფასი ქვების დაუფლებაა და არა მგონია, ეს პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდეს. ამ ქვების გამოყენებას მეორადი მიზნით აპირებენ და მათი გაყიდვა სურთ. საუბარია საფლავის ქვებზე, მარმარილოზე. აფხაზეთში გრძელდება მოროდიორობა, სახლები ხომ დაიტაცეს, გაძარცვეს და გაანადგურეს, ახლა საფლავებს მიადგნენ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ვიღაც ფიქრობდეს, ქართველების კვალი მოვსპოო, მაგრამ, ეს მხოლოდ ვარაუდია“, - აცხადებს მეცნიერი.
მისი თქმით, სასაფლაოები ახალია და მე-20 საუკუნეს განეკუთვნება.
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამ ფაქტის სინამდვილეს ვერ ადასტურებს, მაგრამ, თუ ეს რეალობაა, მისი აზრით, ამას ეთნიკური წმენდის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს.
მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქალაქო სასაფლაოებზე, სადაც აფხაზები, ქართველები და სხვა ეროვნების ხალხი განისვენებენ, ვისაც პატრონი ჰყავს, აფხაზები მიცვალებულების გადასვენების საშუალებას აძლევენ. თუმცა, იმ საფლავებს ემუქრება განადგურების საფრთხე, რომლებსაც პატრონი არ ჰყავს. მათ შორის, ქართველებისა და არაქართველების საფლავებიცაა. ისინი დღესდღეობით აფხაზეთში არ ცხოვრობენ და გამორიცხული არაა, მათი საფლავები განადგურდეს.
„ამას არანაირი საერთო არ აქვს ცივილიზებულობასთან. ვფიქრობ, მათ უნდა შეეტყობინებინათ ამ საფლავების პატრონებისთვის, რათა ისინი ჩასულიყვნენ და, აფხაზების მსგავსად, თავანთი დაღუპულები გადაესვენებინათ. დღეს უუნაროა ქართული საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხს არაფრის უფლებას არ აძლევს“.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ჟენევის მოლაპარაკების პროცესში უნდა დააყენოს ეს საკითხი.
ექსპერტ თემურ მჟავიას აზრით, ასეთი რამ ახალი არ არის და ეს პერმანენტულად აქამდეც ხდებოდა. კერძოდ, ამ უზნეობას იქაური საზოგადოების გარკვეული ნაწილი აქამდეც ეწეოდა და პრაქტიკულად, სრულად განადგურდა ქართული საფლავები.
„ჩემთვის ძნელია, დავამტკიცო, რომ ეს კვალის წასაშლელად კეთდებოდა, მაგრამ გარკვეული ინტერესი რომ არსებობდა, ამის უარყოფა შეუძლებელია. რეალურად კვალის წაშლა არ გამოვა, რადგან არსებობს სხვა სახის მემკვიდრეობა, რომელსაც, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ წაშლიან. ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას აღიარებს, რაც იმის გარანტია, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება განხორციელდება. ეს უკვე ჩვენგან მომდინარეობს, თუ რამდენად კონსოლიდირებული იქნება ჩვენი საზოგადოება ამ იდეის გარშემო“.
თემურ მჟავიას აზრით, აფხაზეთში ქართული კვალის წაშლა სიზიფეს შრომაა და აბსოლუტურად უნაყოფოა, რაც მავანთ ვერ მოუტანს იმ შედეგს, რაზეც ორიენტირებულია მსგავსი ქმედება. ამასთან, მჟავია მიიჩნევს, რომ მომხდარზე ხმა უნდა აიმაღლოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც.
მისი ინფორმაციით, აფხაზეთში თავისუფლდება ადგილები, სადაც ე.წ სამხედრო ქალაქების აშენებას აპირებენ.
„კარგად მოგეხსენებათ, ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც, სხვათაშორის, თვით ეთნიკურ აფხაზებს შორისაც იწვევს პროტესტს. ვერ დავამტკიცებ, უშუალოდ შენდება თუ არა ეს სამხედრო ქალაქები ქართველთა სასაფლაოების ტერიტორიაზე, მაგრამ სადაც არ უნდა შენდებოდეს, ეს ჩვენი გულისწყრომის საფუძველი უნდა გახდეს და ხმა უნდა ამოვიღოთ“, - აცხადებს თემურ მჟავია.
„კი ბატონო, სახლი ყველა ქვეყანაში შენდება, მაგრამ ეს ცივილიზებული ფორმით ხდება. ასე რომ, საქართველოს წარმომადგენლებს შეუძლიათ ჟენევის მოლაპარაკებაზე დასვან ეს საკითხი, რათა დადგინდეს, რომელი საფლავები ნადგურდება“, -აცხადეს ექსპერტი.
ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი თავისთავად არასასიამოვნოა, მაგრამ იგი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ.
„არა მგონია, ეს შემთხვევა ქართველების კვალის წაშლის მცდელობა იყოს, რადგან ამას აზრი არ აქვს. თუმცა თავად ფაქტი უსიამოვნოა. ცხადია, ამის შესაჩერებლად რაღაც უნდა გაკეთდეს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საკითხი კომპლექსურადაა გადასაწყვეტი“, - აცხადებს გიორგი ანჩაბაძე.