საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო სექტორის მიერ წამოწყებული კამპანიის „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში, პარლამენტში მორიგი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შევიდა. 35 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს საარჩევნო კოდექსში გამკაცრდეს მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წესები, გაიხსნას მედია სივრცე, შეიზღუდოს ფარული პოლიტიკური რეკლამა, გაძლიერდეს მედია მონიტორინგი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა საკაბელო ოპერატორების რეგულაცია.
ბოლო ორი წლის მანძილზე, ტელეკომპანია „მაესტრო“ ათზე მეტმა მომქმედმა საკაბელო ოპერატორმა გამორთო, ახალმა მსხვილმა საკაბელო ოპერატორებმა კი საერთოდ უარი თქვეს „მაესტროს“ ჩართვაზე.
მაუწყებლობის დაწყების შემდეგ ზუსტად ანალოგიური პრობლემები შეექმნა ტელეკომპანია „მეცხრე არხსაც“.
ცნობილია, რომ „მეცხრე არხი“ თავის ბადეში მხოლოდ ერთმა საკაბელო მაუწყებელმა, „გლობალ TV“-მ ჩასვა. დიდი საკაბელო ტელეკომპანიები, როგორიც არის „სილქ ტვ“, „სუპერ ტვ“ (ყოფილი „აიეტი“) და „კავკაზუს TV“ ამაზე არ მიდიან. როგორც მე-9 არხის ხელმძღვანელობა აცხადებს, მათ ყველა საკაბელო ტელეკომპანიას გაუგზავნეს წერილი, თუმცა პასუხი არც ერთი მათგანისგან არ მიუღიათ.
მოკლედ, ე.წ ოპოზიციური არხებისადმი დამოკიდებულებამ ფაქტობრივად, კამპანიის სახე მიიღო. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო სექტორმა გამოსავალი მოძებნა და ხელისუფლებისგან ითხოვს, საკაბელო ტელეკომპანიებს ქართული ტელეარხების რეტრანსლირების ვალდებულება დაუწესოს, რაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.
საკაბელო ბაზარზე სამი-ოთხი მსხვილი და უამრავი წვრილი საკაბელო კომპანიაა, რომლებიც მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ.
საკაბელო ბაზარს დაახლოებით 180 ათასი მომხმარებელი ჰყავს, საიდანაც „გლობალი“ 15 ათას აბონენტს ფარავდა, ბოლო დროს კი „გლობალ TV-მ“ აქტიური კამპანია წამოიწყო და საკუთარი მომხმარებლის რაოდენობის გაზრდას გეგმავდა. როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ „გლობალ TV-ს“ ჩაძირვა ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოყვანით გადაწყვიტა.
ასე გაჩნდა ახალი საკაბელო მაუწყებელი „ბლექ სი სატი“ ყოფილი კომპანია „მედიაქეიშენი“, რომელიც „ბლექსი გრუპისთან“ შერწყმის შემდეგ „ბლექ სი სატის“ სახელით გამოჩნდა ბაზარზე.
„გლობალ TV-ს“ ხელმძღვანელობა იმასაც ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამით ორი კურდღლის დაჭერას აპირებს, ეს არის წმინდა კომერციული, დიდ მოგებაზე ორიენტირებული ნაბიჯი და მეორე, რაც უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება „ბლექ სი სატს“, მით ნაკლებ აბონენტს ექნება ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება.
„ბლექ სი სატი“ არც ისე დიდი ხნის წინ, 2011 წლის მარტში შეიქმნა. მისი დირექტორი მამუკა ცქიტიშვილი 5 პროცენტის მფლობელია. კომპანიის 70 პროცენტი შპს „ბლექ სი გრუპს“ ეკუთვნის, დანარჩენი წილები კი ასე ნაწილდება - გიორგი აბუაშვილი 10 პროცენტი, თამარ გრძელიშვილი - 10 პროცენტი, ლევან გიორგაძე - 5 პროცენტი.
თავის მხრივ, „ბლექ სი გრუპის“ 70 პროცენტს „ბლექ სი როუდი“ ფლობს, 25 პროცენტს კი - გიორგი კალანდაძე, რომელსაც „ბლექ სი როუდის“ 50 პროცენტი აქვს, დანარჩენ წილს ამირან მამუჭაძე ფლობს.
„ბლექ სი გრუპი“ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაობს აწარმოებს. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, „ბლექ სი სატის“ რეალური მფლობელი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეა, მამუკა ცქიტიშვილი აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ გივი თარგამაძეს „ბლექ სი სატთან“ კავშირი არ აქვს.
კომპანიამ სხვადასხვა სიხშირეები და ლიცენზიები გასული წლის დეკემბერში მიიღო. მანამდე კი მახათას მთაზე შექმნეს ე.წ. ტელეპორტი და ჩაფიქრებული ჰქონდათ ყველა ქართული არხის აყვანა მოეხერხებინათ შვედურ თანამგზავრზე „ასტრა 1-ზე“.
მას შემდეგ რაც „გლობალ TV“-მ დაიწყო მთელი საქართველოს მასშტაბით სატელიტური თეფშების დამონტაჟება, მათ გეგმები შეცვალეს, უარი განაცხადეს შვედურ თანამგზავრზე, „ასტრა1-ზე“ და გადავიდნენ „თურქსატზე“, რომელ თანამგზავრთანაც ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი „გლობალ TV-ს“.
როგორც „გლობალ TV-ს“ წარმომადგენლები ამბობენ, მათი ტექნიკით მომხმარებელი თავისუფლად შეძლებს „ბლექ სი სატის“ სიგნალის მიღებასაც.
როგორც „გლობალ TV-ს“ მარკეტინგის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე ამბობს, „კოდირებაც კი ჩვენი აირჩიეს - ეს არის უკრაინული კომპანიის, „ტოპი ელექტრონიქსის“ კოდირება, რეალურად, მათი ჩანაფიქრი საკმაოდ გონივრული და რაციონალურია, აგერ ვიღაც ხარჯავს თანხებს, აკეთებს უზარმაზარ ქსელს, რომელიც ფაქტობრივად, მათი პოტენციური ქსელია“.
ვიდრე მაუწყებლობას დაიწყებდა, „ბლექ სი სატის“ დირექტორი მამუკა ცქიტიშვილი ამბობდა, რომ მათ ბადეში „ყველა ქართული ტელევიზია იქნებოდა, მათ შორის GMG-ს არხებიც. უცხოურ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით ჯერ არ ვიცით“. „ბლექ სი სატი“ მოლაპარაკებებს გამართავს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ტელეკომპანია „მე-9 არხთანაც.
„მე-9 არხიდან“ არავინ დაგვკონტაქტებია. შესაბამისად, არც უარი გვითქვამს არავისთვის. იქნება თუ არა ეს ტელეკომპანია ჩვენს პაკეტში, მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. თუმცა, მათ სატელიტზე უკვე აქვთ ადგილი და ჩვენ რაში ვჭირდებით“, - აღნიშნა „ბლექ სი სატის“ გენერალურმა დირექტორმა.
„ბლექ სი სატის“ წარმომადგენლებმა ისიც კი თქვეს, რომ მათ „მე-9 არხს“ წერილით მიმართეს, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავადვე უარყვეს. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ „მე-9 არხთან“ არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც მსგავსი წინადადებით არ მიუმართავს ვინმეს.
მიმდინარე წლის 1 ივნისს ქართულმა თანამგზავრულმა სამაუწყებლო კომპანიამ, „ბლექ სი სატმა“ ფუნქციონირება დაიწყო და ამ ფაქტთან დაკავშირებით გრანდიოზული პრეზენტაციაც მოაწყო.
პრეზენტაციაზე, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი, გია ბარამიძეც ესწრებოდა, ითქვა, რომ კომპანია ტელეპორტის საშუალებით 28 ქართული არხის სიგნალს ჩართავს და საქართველოსთან ერთად მთლიანად კავკასიას, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებსაც დაფარავს.
ამასთან „ბლექ სი სატი“ საშუალებას მისცემს მოსახლეობას ქართული არხები ნებისმიერ ტერიტორიაზე მიიღონ, მათ შორის იქ, სადაც არც საკაბელო, ან სხვა სიგნალის გადაცემა არ ხდება. უახლოეს მომავალში კი 100 ყველაზე პოპულარული უცხოური არხის ჩართვას და რადიოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული სარელეო სადგურების მშენებლობას გეგმავს.
კომპანიის ხელმძღვანელებმა ისიც თქვეს, რომ ასეთი თანამგზავრული მაუწყებლის დაარსება მნიშვნელოვანია საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გზაზე, რადგან 2015 წლიდან საქართველოს მოუწევს მთლიანად ციფრულ ფორმატზე გადასვლა. ამიტომ, ეს არის ერთერთი პირველი ნაბიჯი განვითარებისთვის, არა მარტო საქართველოში.
„ჩვენ მივაწვდით სიგნალს დაახლოებით ურალიდან მთელი ევროპის კონტინენტის ჩათვლით ქართულ მოსახლეობას, ვინც ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აინტერესებს ქართული არხები“, - აღნიშნა მამუკა ცქიტიშვილმა.
თუმცა სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ მეზობელი სომხეთისგან განსხვავებით საქართველოში ციფრულ სისტემაზე გადასასვლელად არანაირი მოსამზადებელი სამუშაოები არ ტარდება.
ამდენად, მხოლოდ მისასალმებელია, რომ ქართულ ბაზარზე ასეთი მასშტაბის კომპანია გამოჩნდა, მაგრამ ძნელად ასახსნელია, ქართულმა ტელეკომპანიებმა რა მოტივით თქვეს უარი სხვა საკაბელო მაუწყებლებთან თანამშრომლობაზე. მათთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, მრავალრიცხოვანი მომხმარებელი.
ხუთ ქართულ ტელეარხს, ანუ ყველას ერთად, შეუძლებელია, „ბლექ სი სატთან“ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული მიზნები აკავშირებდეთ. მათი ქმედება მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით აიხსნება, რაც იმ დემოკრატიასთან, რასაც თითქოსდა ვაშენებთ, აშკარად, შეუთავსებელია.
არა და, სწორედ „ბლექ სი სატთან“ თანამშრომლობის მიზეზით საკაბელო კომპანია „გლობლ TV“-სთან მიმდინარე წლის მარტში ურთიერთობა გაწყვიტეს ყველაზე დიდმა ქართულმა ტელეკომპანიება „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“, „მზემ“, „საქართველომ“, „პირველმა სტერეომ“ და „ახალმა არხმა“.
ამავე მიზეზით „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ უარი თქვეს კიდევ ერთ თანამგზავრულ ტელევიზია „მაგთისატთან“ თანამშრომლობაზე, თუმცა ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები მაინც „გლობალ TV“ და „ბლექ სი სატი არიან“, რადგან ერთი და იმავე თანამგზავრიდან მაუწყებლობენ.
„მაგთისატმა“ მაუწყებლობა 2012 წლის 23 იანვრიდან დაიწყო. ტელევიზია ეთერში თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორის, SES -ის კუთვნილი სატელიტის, ASTRA-ს მეშვეობით გადის.
„მაგთისატი“ მომხმარებელს 80-მდე უცხოურ არხს გადასცემს. კომპანია SES თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 49 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს.
„მაგთისატმა“ ბოლო პერიოდში საკუთარ პაკეტში სამი ქართული ტელეკომპანია ჩასვა - საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“, რუსულენოვანი არხი, „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ (PIK) და „მაგთისატის“ აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ უყურონ ტელეკომპანია „მაესტროსაც“.
„ბლექ სი სატის“ მთავარი კონკურენტი, „გლობალ TV-ც“ ერთ-ერთი მსხვილი საკაბელო ოპერატორია საქართველოში. მისი ქსელი თბილისსა და რეგიონებში ვრცელდება. კომპანიის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია.
თავის დროზე ტელეკომპანია „იმედის“ იურისტი გიგა გიორგაძე იმასაც ამბობდა, რომ „გლობალ TV“-სთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი მხოლოდ „ბლექ სი სატია“, რომლის შექმნაშიც „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ მონაწილეობს და „გლობალ TV“ აბონენტებს მაუწყებლობას ზუსტად ისეთი ტექნიკური მახასიათებლით აწვდის, როგორი მაუწყებლობის მიწოდებასაც „ბლექ სი სატი“ გეგმავდა. „სწორედ ამიტომ, უშუალო კონკურენტი „გლობალ TV“-ია. მათ აქვთ დეკოდერები, თეფში და ანძის მეშვეობით ხდება სიგანლის მიწოდება. ანუ, თეფშით იღებენ მაუწყებლობას ანძიდან და არა სატელიტიდან. ამგვარად აპირებს მაუწყებლობის გავრცელებას „ბლექ სი სატიც“. სხვა პროვაიდერები კაბელის მეშვეობით გადასცემენ სიგნალს“,-აცხადებდა გიორგაძე და მისივე განმარტებით, „მაგთისატის“ პაკეტში ჩასმაც სწორედ კომერციული მიზნებიდან გამოდინარე არ სურდათ.
აი, აქ გამოადგებოდა საქართველოსა და ქართულ ბიზნესს ის ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც თავის დროზე ლიბერალური ეკონომიკის სახელით გააუქმეს და რომლის აღდგენასაც ევროპა დღემდე სთხოვს საქართველოს, თუმცა რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას არც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და არც სამართლიანი სასამართლო, საკაბელო ტელეკომპანიებს შორის გაჩაღებული ომიც თვალსაჩინოდ ადასტურებს.