2:0 presage.tv-ს სასარგებლოდ - სასამართლომ ეროვნული მუზეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა

2:0 presage.tv-ს სასარგებლოდ - სასამართლომ ეროვნული მუზეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, ნანა ჭიჭილეიშვილმა ეროვნული მუზეუმის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა მიმდინარე წლის 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით.

ნანა ჭიჭილეიშვილის მიერ, 6 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ეროვნულმა მუზეუმმა presage.tv-ს კორესპონდენტს ნინო მიქიაშვილს ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს იმ კითხვებზე, რომლითაც გასული წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს მუზეუმს მიმართა. ამასთან, მუზეუმმა ჟურნალისტს იმ დოკუმენტების ასლებიც უნდა გადასცეს, რომელიც ასევე სვანეთის საგანძურს უკავშირდება. გამორიცხული არ არის მუზეუმმა დროის გაწელვის მიზნით სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

“რაც არ უნდა შეეცადნონ დროის გაწელვას, ვერაფერს გახდებიან და ვერ ასცდებიან იმ ინფორმაციის გაცემას, რომელიც არის საჯარო და ამავდროულად საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. სანამ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს და იმ დოკუმენტების ასლებს არ გადმოგვცემენ, რაც მათ უკვე ორი ინსტანციის სასამართლომ დაავალა, არ გავჩერდებით. ამას ვამბობ, როგორც ჩემი, ისე ნინო მიქიაშვილის და მთელი presage.tv-ს სახელით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის განმავლობაში აქვს მუზეუმს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების ვადა. თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს იმის კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ დრო გაჰყავთ, მაგრამ, როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყვის, ნურას უკაცრავად - მათ მაინც მოუწევთ პასუხი გასცენ კითხვებზე, რომელიც ეხება მეცხრე საუკუნის ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ოთხთავებს, ჯვრებს, საეკლესიო ნივთებს და სხვა ექსპონატებს“, - ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამჟამად სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული საქართველოს სააგანძური და სხვა ექსპონატები (200 000-ზე მეტი) ერთ დღეში, 2011 წლის 2 დეკემბერს სახელდახელოდ შეკრული კონტეინერებიდან რვა მანქანით გადაიტანეს  მესტიის აეროპორტის გზაზე არსებული ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში. იქიდან მოყოლებული დღემდე საგანძური და სხვა ექსპონატები ამ შენობაშია, რომელიც არის ნაპრალებიანი, დამეწყრილი და ნესტიანი.

საქართველოს საპატრიარქომ 2011 წლის 14-20 დეკემბრის “საპატრიარქოს უწყებანში“ გამოაქვეყნა ზემოხსენებული შენობის ტექნიკური დასკვნა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ შენობა უვარგისია.

ის ადგილი, სადაც ძველი მუზეუმის ძველი შენობა იყო, კლიმატური თვალსაზრისით  მესტიაში ყველაზე ცუდ ადგილად ითვლება, მაგრამ ხელისუფლება ამას არაფრად აგდებს და ახალი მუზეუმის გახსნას სწორედ იმ ადგილას აპირებს - ამჟამად ძველი მუზეუმის ნანგრევებზე ახალი კელდები ამოიყვანეს, მაგრამ ჯერ არ გადაუხურავთ. როგორც მესტიელებისგან ტელეფონით შევიტყვეთ, სამშენებლო სამუშაოები გამალებით მიმდინარეობს. ხელისუფლებას მუზეუმის გახსნის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით არ დაუანონსებია.