„ჰერეთის“ მიერ კომისიისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მათი ინფორმაციით, რადიო „ცხელი შოკოლადის“ (FM 98.5) ინვესტირება სააქციო საზოგადოება „ვიდოფონმა“ შეაჩერა, რის გამოც რადიოდან თანამშრომლები დაითხოვეს და რადიოს კონცეფციის შეცვლა იგეგმება.
„თუკი რადიო „ცხელ შოკოლადს“ აღარ შეუძლია თანამშრომლების ყოლა, ვერ ამზადებს გადაცემებს და აღარც დამფინანსებელი ჰყავს, იგი ვერ შეძლებს მაუწყებლობას და შესაბამისად, ვერ შეასრულებს კონკურსის პირობებით დაკისრებულ ვალდებულებებს და საკუთარი კონცეფციით გაწერილ პროგრამული დაპირებების განხორციელებას“, - აღნიშნულია წერილში.
Presage.tv შეეცადა, რადიო „ცხელი შოკოლადის“ ერთ-ერთ მეწილე, შორენა შავერდაშვილთან გადაემოწმებინა ინფორმაცია კომპანიაში არსებული ვითარების შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, მან სატელეფონო ზარებზე მას შემდეგაც არ გვიპასუხა, რაც მივწერეთ, თუ რასთან დაკავშირებით გვსურდა კომენტარის მიღება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივნის, ხატია ყურაშვილის თქმით, სპონსორისა, თუ დამფინანსებლის შეცვლით კანონი არ ირღვევა.
„შეიძლება ეს ინვესტიცია სხვა წყაროდან მოიტანონ, ეს კომისიის კომპეტენციის სფერო არ არის. გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის თანახმად, მაუწყებელს შეუძლია წელიწადში გადაბმულად 90 დღით და წყვეტილად 120 დღით ნებისმიერი მიზეზით შეაჩეროს მაუწყებლობა. შესაბამისად კომისია რაიმე სახის დარღვევას ვერ ხედავს“,- განაცხადა ხატია ყურაშვილმა.
ინტერნეტ გამოცემა Media.Ge-ს ინფორმაციით, რადიო „ცხელ შოკოლადში“ რეორგანიზაციის მიმდინარეობს და თანამშრომლების ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლება რადიოს დირექტორმა ქეთევან ბაბუნაშვილმა დაადასტურა, თუმცა, მან განაცხადა, რომ რადიო მაუწყებლობას არ წყვეტს.
„რადიო სრული დატვირთვით არ გასულა ეთერში. საცდელი მაუწყებლობა გვქონდა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ შეიძლება შეიცვალოს რაღაცები. შიდასტრუქტურული ცვლილებები იგეგმება“, - აღნიშნა ქეთევან ბაბუნაშვილმა.
რა ხდება, და რატომ ითხოვს რადიო „ჰერეთი“ „ცხელი შოკოლადისთვის“ ლიცენზიის შეჩერებას presage.tv ამის გარკვევას რადიო „ჰერეთის“ დირექტორთან, რამაზ სამხარაძესთან შეეცადა.
როგორც ცნობილია, რადიო „ცხელმა შოკოლადმა“ მაუწყებლობის ლიცენზია, FM 98.5 სიხშირეზე, 2011 წლის 30 სექტემბერს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ კონკურსზე მოიპოვა. ამავე კონკურსში მონაწილეობდა რადიო „ჰერეთიც“, რომელსაც კახეთის გარდა თბილისშიც სურდა მაუწყებლობის დაწყება. თუმცა, მან ლიცენზია ვერ მიიღო.
ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ეს გადაწყვეტილება „ჰერეთმა“ სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
როგორც სამხარაძე ამბობს, ცნობილი გახდა, რადიო „ცხელ შოკოლადს“ დაფინანსება შეუჩერეს, თანამშრომლები კი სამსახურიდან გაუშვეს, რამდენადაც ცნობილია „ვიდოფონმა“ უარი განაცხადა დაფინანსებაზე და პრობლემები ამის გამო შეიქმნა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადიო „ცხელი შოკოლადი“ ვერ შეასრულებს საკონკურსო პირობებს და ამიტომ ვითხოვთ მისთვის ლიცენზიის გაუქმებას“, - აცხადებს სამხარაძე
რადიო „ცხელი შოკოლადისთვის“ ლიცენზიის შეჩერების მოთხოვნით რადიოკომპანია „ჰერეთმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვარს მიმართა.
სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „მედია ჰაუს დეკომს“ მიენიჭა რადიო „ცხელი შოკოლადის“ მაუწყებლობისთვის.
11 იანვრის განჩინებით, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რაც „ჰერეთმა“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას დაეთანხმა. შემდეგი სასამართლო პროცესი 21 ინვნისს გაიმართება.
შპს „მედია ჰაუს დეკომი“ 2011 წლის 8 აგვისტოს დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ვენჩერ სექიურითი ჰოლდინგ ჯორჯიაა“.
„ვენჩერ სექიურითი ჰოლდინგ ჯორჯია“ 2011 წლის 3 ივნის არის დარეგისტრირებული, წილები კი ასე ნაწილდება: ქეთევან ბაბუნაშვილი -16%, შალვა ჩუბინიძე-17%, შორენა შავერდაშვილი -17%, სს „ვიდოფონი“- 50%.
კომპანია „ვიდოფონი“ გერმანიაში, 1998 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ლანა ღოღობერიძის სიძე აკაკი ტოგონიძეა.
როგორც ცნობილია, „ვოდოფონს“ აღებული ჰქონდა ნახევარმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება, თუმცა, მოულოდნელად, მან დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
სამხარაძე თვლის, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მედია ჰაუს დეკომისთვის“ ლიცენზიის მინიჭებისას ტენდენციურობა გამოიჩინა და დღეს სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის.
როგორც კახეთის რეგიონში პირველი და დამოუკიდებელი მედიასაშუალების, რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, კონკურსი თავიდან ბოლომდე დარღვევებით წარიმართა. რატომ ჩატარდა კონკურსი დარღვევებით, ამაზე სამხარაძეს საკუთარი მოსაზრება აქვს და კონკურსის მიმდინარეობის პერიოდს იხსენებს:
„ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან ჩემდა გასაკვირად, აქამდე მართლაც ობიექტურად მიდიოდა ყველაფერი. ლიცენზიის გაუცემლობის ერთ-ერთ მიზეზად კომისიამ დაასახელა ის, რომ „ჰერეთს“ რადიოში საბავშვო გადაცემები არ ჰქონდა.
ამ დროს კი, თუკი ბაზარზე სხვა მაუწყებელი საბავშვო გადაცემებს უშვებს, ახალ მაუწყებელს კონცეფციაში ამისი ჩადების უფლება არ აქვს. ეს შეიძლება იმის მიზეზადაც გამოიყენონ, რომ ლიცენზია არ მოგცენ. საზოგადოებრივ რადიოს მართლაც არაჩვეულებრივი საბავშვო გადაცემები აქვს. ამიტომ, ჩვენ საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რომ ეს გადაცემები ჩაგვედო ჩვენს კონცეფციაში.
ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე ჩვენი იგნორირება სურდათ, რადგან ძალიან ობიექტურად მოხდა საბუთების მიღება. შემდეგ „მედია ჰაუს დეკომს“ აკლდა გარკვეული საბუთები. საერთოდ არ გამოცხადდა უფლებამოსილი წარმომადგენელი პირი, ანუ დირექტორი. მოვიდა მხოლოდ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქალბატონი შორენა შავერდაშვილი, რომელსაც კომისიამ უთხრა, თქვენ საერთოდ ვინ ბრძანდებით, მინდობილობა არ გაქვთ და ახლა ჩვენი კეთილი ნება რომ არ იყოს, ამ სხდომას არც დაგასწრებოდითო. თქვენ არ გაქვთ კითხვის დასმისა და პასუხის გაცემის უფლებაო, მაგრამ მაინც დაასწრეს სხდომას, ყველანაირი საბუთი მოატანინეს, რაც აკლდა დოკუმენტაციას.
მის დოკუმენტაციაში არ იყო მფლობელების შესახებ ინფორმაცია, არ იყო მოცემული ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია და ინვესტორის დაფინანსების წერილი. ამიტომ მას დაევალა, ეს ყველაფერი ხუთი დღის ვადაში წარმოედგინა, რაც წარადგინა კიდეც.
თუმცა, ამის შემდეგ ჩატარებულ სხდომაზე შეცვლილი სურათი დავინახეთ. თუ აქამდე შორენა შავერდაშვილი და „მედია ჰაუს დეკომის“ წარმომადგენლები ყველა სხდომასა და კომისიის ყველა გადაწყვეტილებას ფეხების ბაკუნით აპროტესტებდნენ და მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებდნენ, კონკურსის დღეს აბსოლუტურად სხვა სურათი ვიხილეთ, ისინი ძალიან სიამტკბილობით იყვნენ განწყობილნი კომისიასთან.
კომისიის მხრიდან მე დავინახე კეთილგანწყობა და მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც გააკეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა. გადაწყვეტილების მიღებამდე, სანამ კენჭისყრა ტარდებოდა, ორივე მხარეს იქვე გამოგვიცხადეს (ჩანაწერიც არსებობს), რომ იმედი მაქვს, რადიოკომპანიები ერთმანეთს არ დაჭამთო. რას ნიშნავდა რადიოკომპანიები? ე.ი. გათვლა იქითკენ იყო, რომ „მედია ჰაუს დეკომს“ უნდა მიეღო ლიცენზია? ამის შესახებ პირდაპირაც კეთდებოდა მინიშნებები და ირიბადაც. მათი მხოლოდ პოზიტიური მხარეები წარმოადგინეს, მაშინ, როცა ჩვენი მხოლოდ ნეგატიური მხარე დაინახეს. ჩვენთან დაინახეს მარტო საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუები და მათთან მხოლოდ გართობა დაინახეს.
ამის გარდა „მედია ჰაუს დეკომმა“ სიცრუეზე აგებული კონცეფცია წარადგინა. მათი მთლიანი კონცეფცია დიასპორაზეა აგებული, აბსოლუტურად არ შეესაბამება „ბისიჯის“ კვლევის მოთხოვნებს, განსხვავებით, ჩვენი კვლევისგან, რომელიც ქართულ საზოგადოებას მიესადაგება.
„მედია ჰაუს დეკომს“, კონცეფციაში ეწერა, რომ თურმე კომპანია „ეპლთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებას რადიოსტრინინგისა და აპლიკაციის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაშვებაზე, რაც ტყუილია, რადგან ეს ინფორმაცია ჩვენ ბრიტანეთის ოფისში გადავამოწმეთ. მეტსაც გეტყვით, „ეპლთან“ არანაირი მოლაპარაკება არ არის საჭირო, ნებისმიერ მაუწყებელს შეუძლია განათავსოს რადიოსტრინინგი, ვინც მოინდომებს და შეუკვეთავს „ID COMPANY“-ს აპლიკაციას.
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო, თუ რატომ არ უნდა მიეცათ ლიცენზია „მედია ჰაუს დეკომისთვის“.
ამასთან დაკავშირებით ჩემი ვარაუდი მაქვს, რამდენადაც მაშინ, ქალბატონი შორენა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში იყო. მეორე ის, რომ შიდა ინფორმაცია ყველამ კარგად იცის, თუ როგორი სახით ხდებოდა და ხდება ტენდერები საქართველოში. წინასწარ რეგისტრირდებიან კომპანიები და შემდეგ სხვადასხვა კონკურსებში „იმარჯვებენ“. მესამეც, ეს სამაუწყებლო კონცეფციები, ვითომ, ყველასთვის საჯარო იყო, ამ დროს კი, რატომღაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა, საზოგადოებას არ მიეცა მსჯელობისა და საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმის საშუალება. მე მაინც ვვარაუდობ, რომ აქ შეიძლება იყოს გავლენიან ადამიანთა ინტერესები“.
რამაზ სამხარაძე იმასაც იხსენებს, როგორ შეექმნა პრობლემები ამ ხელისუფლებასთან.
„2007 წელს ჩემთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოვიდნენ და პირდაპირ განმიცხადეს, იმდროინდელ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილზე თუ არ ვიმუშავებდი, ლიცენზიასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. ხოლო, თუ ამას დავთანხმდებოდი, მივიღებდი „ენ“ რაოდენობის თანხას, შემეძლო, დამესახელებინა ნებისმიერი თანხა, რაც მინდოდა და ამ თანხის ჩემს ანგარიშზე გადმორიცხვა მოხდებოდა, ან ქეშად მომცემდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩავწერე.
არ დავთანხმდი ამ გარიგებას, თუმცა ვუთხარი, რომ არანაირი რეკლამის წინააღმდეგი არ ვიყავი - კი ბატონო, მოიტანეთ, რამდენი რეკლამაც გაგიხარდებათ, ოღონდ ეს ოფიციალურად გავაფორმოთ და ნუ მელაპარაკებით თქვენ, მელაპარაკოს თქვენი მარკეტინგის დირექტორი-თქო. რადგან ამ გარიგებას არ დავთანხმდი, კომუნიკაციების კომისია უცებ კახეთში ჩავიდა და ხუთი ათასი ლარით დაგვაჯარიმეს, ვითომ, ჩვენ მაშინ კახეთში უკანონოდ ვმაუწყებლობდით. ამ დროს ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში გვქონდა.
გარკვეულწილად, ლიცენზიის მოპოვებისას „ჰერეთს“ ბარიერი მუდმივად ექმნება. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან შორსაა აქ დამოუკიდებელი მედიაბიზნესი არსებობდეს და მედიამ თავისუფლად იმუშაოს. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს“.
სამხარაძეს თავისი ვარაუდი, თუ რატომ მოახდინა „ვიდოფონმა“ დაფინანსების შეჩერება, არ გააჩნია. თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა, ბევრი რამ შემდეგ სასამართლო პროცესზე გახდეს ნათელი.