„საქართველოს ლეგიონი“ აქტიურ საქმიანობას უბრუნდება

„საქართველოს ლეგიონი“ აქტიურ საქმიანობას უბრუნდება

დღეს „საქართველოს ლეგიონის“ წევრების შეკრება გაიმართა, სადაც „საქართველოს ლეგიონის“ ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა „ლეგიონის“ დამფუძნებელი, თადარიგის მაიორი მალხაზ თოფურია. ასევე, თანათავმჯდომარედ არჩეული იქნა თადარიგის გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ლეგიონს“ თავმჯდომარე არ ჰყავდა მას შემდეგ, რაც გასული წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ „ლეგიონის“ თავმჯდომარეობიდან გადადგა გიორგი ყარყარაშვილი. როგორც „ლეგიონის“ წევრებმა დღეს განაცხადეს, გიორგი ყარყარაშვილი ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარედ რჩება.

presage.tv გთავაზობთ ინტერვიუს „ლეგიონის“ ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან, მალხაზ თოფურიასთან.

მალხაზ თოფურია: „პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „ლეგიონის“ გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო და ჩემთვის დიდი პატივია „ლეგიონის“ წევრების, ჩემთვის საამაყო გენერლების, ჩემი თანამებრძოლების და ავტორიტეტული ადამიანების მიერ გამოცხადებული ნდობა. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის წინასწარ ცნობილი არ ყოფილა და მართლა ძალიან გახარებულიც ვარ და ცოტა დაბნეულიც, რადგან ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში ჩვენც ჩვენს წვლილს შევიტანთ.

რა მიზნები და გეგმები აქვს „საქართველოს ლეგიონს“?

- „საქართველოს ლეგიონისთვის“, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მთავარ ამოცანად დარჩება სამართლიანობისთვის, კანონის უზენაესობისათვის ზრუნვა, ასევე ადამიანის ღირსებისათვის ზრუნვა. „ლეგიონი“ თავისი განცხადებებით, სხვადასხვა აქციებში მონაწილეობით და ღონისძიებებით  საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული.

ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი აწუხებს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით,  პოლიტიკური მეთოდებით, თუნდაც, თეორიულად მოსალოდნელი აგრესიის თავიდან აცილებით, ქვეყანაში მშვიდობისა და თანხმობის დამყარების.

როგორც კი საშუალება მოგვეცემა, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ყველა იმ პროექტში, რომელიც სამოქალაქო სექტორის მხრიდან შეიარაღებული ძალების  მხარდასაჭერად იქნება მიმართული. დღეს ამის საშუალება არ გვაქვს, რადგან ყოვლად გაურკვეველი რეზერვების და რაღაც ფორმირებების შექმნის ფონზე, ჩვენ სრულიად იგნორირებული და დაბლოკილები ვართ. ამდენად, ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან, რომლისთვისაც მთავარი არის ერთი ადამიანის ბედი, მისი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობა. ვითანამშრომლებთ იმ ძალებთან, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია უკანონოდ დაპატიმრებული პირების ბედი. ჩვენ თუ არ ვიაქტიურებთ და თუ ამ უკანონობას შევეგუებით, ასობით ადამიანს საქართველოს ციხეებში უამრავი წლის გატარება ემუქრება. ამასთანავე, მუდმივად ვიქნებით დებატებში ყველა იმ პიროვნებასთან, რომელიც თავისი შემგუებლური ნაბიჯებით ხელს უწყობს ასობით ადამიანის ტანჯვისა და უბედურების გახანგრძლივებას.

როგორი იქნება ამ ორგანიზაციაში გია ყარყარაშვილის როლი?

- ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია საქართველოში ვეტერანთა რომელიმე აქტივობა, თუკი მასში გენერალ გიორგი ყარყარაშვილის სახელი არ ფიგურირებს. ყველა ვეტერანმა იცის გია ყარყარაშვილის სახელი და როგორც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, იგი იქნება „ლეგიონის“ საპატიო თავმჯდომარე და ამ ორგანიზაციის მოქმედებაში მისი აზრი და რჩევა ყოველთვის იქნება გათვალისწინებული.