ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 30 სექტემბერს შპს „მედია ჰაუს დეკომს“ (რადიო „ცხელი შოკოლადი“) „ინოვაციური პროექტისთვის“ და პროგრამული მრავალფეროვნებისთვის თბილისში მაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ „მედია ჰაუს დეკომი“ კონკურსის გამოცხადების შემდეგ დარეგისტრირდა და მას რადიომაუწყებლობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. კონკურსში მონაწილეობდა სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთიც“, რომელსაც რადიომაუწყებლობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს და 6 წელია თბილისში მაუწყებლობას ითხოვს.
„ჰერეთი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ კონკურსი არასამართლიანად და არათანაბარ პირობებში ჩატარდა.
კერძოდ, „მედია ჰაუს დეკომმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სრულყოფილად არ წარადგინა დოკუმენტაცია - მათ შორის ინფორმაცია დამფუძნებლებისა და პარტნიორების შესახებ („მედია ჰაუს დეკომის“ წილის მფლობელია კომპანია ს.ს „ვიდოფონი“. დღემდე გაურკვეველია, არის თუ არა ეს ორგანიზაცია ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია). საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის 37-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ლიცენზიას არ შეიძლება ფლობდეს კომპანია, თუ მას პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს ოფშორულ ზონასთან. საქმე სასამართლოშია.
სამწუხაროდ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მედია ჰაუს დეკომის“ საბუთები დეტალურად არ შეისწავლა და უფრო მეტიც, წერილი ინვესტიციის შესახებ საკმარისი აღმოჩნდა კონკურსში მონაწილეობისთვის. შესაბამისად, დაირღვა კანონი და კონკურსის მიუკერძოებლობა.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ ჰერეთის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გერმანიიდან ს.ს. „ვიდოფონის“ წესდება და რეგისტრაციის დოკუმენტაცია გამოითხოვა, „მედია ჰაუს დეკომის“ მსხვილმა პარტნიორმა ს.ს „ვიდოფონმა“ შეწყვიტა რადიო „ცხელი შოკოლადის“ დაფინანსება. ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ დოკუმენტაციის გამოთხოვა გახდა „ვიდოფონის“ პარტნიორობაზე უარის თქმის მიზეზი.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შპს „მედია ჰაუს დეკომს“ მთელი სამაუწყებლო კონცეფცია სწორედ ს.ს „ვიდოფონის“ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და მის სამაუწყებლო მიდგომებზე ჰქონდა გათვლილი.
„მედია ჰაუს დეკომის“ (რადიო „ცხელი შოკოლადი“) დამფუძნებლებისგან ცნობილი გახდა, რომ, „ვიდოფონი“ ვეღარ შეძლებს კომპანიის მართვას. შესაბამისად, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, „ცხელ შოკოლადს“ გამოეცალა ინოვაციური ტექნოლოგიებით მხარდაჭერა.
სწორედ, ამ ცვლილებების შედეგია ის, რომ „ცხელი შოკოლადი“ ვერ ახერხებს სრულფასოვან მაუწყებლობას და თანამშრომელთა ნაწილი გაუშვა სამსახურიდან, დანარჩენი ნაწილი კი საკუთარი სურვილით წავიდა რადიოდან.
რადიოს ერთ-ერთი დამფუძნებელი შორენა შავერდაშვილი აცხადებს, რომ ისინი ცვლიან კონცეფციასა და მიდგომებს. ჩვენ ვთლით, რომ ეს კონკურსის პირობების უხეში დარღვევაა - მათ უპირატესობა სწორედ წარდგენილი კონცეფციით მიენიჭათ (პროგრამული მრავალფეროვნების საფუძველზე) და თუკი მას ვერ ასრულებენ, კონკურსი უნდა გამოცხადდეს თავიდან, რომ გაიმარჯვოს იმ მაუწყებელმა, რომელიც შეასრულებს მარეგულირებელი კომისიისთვის წარდგენილ კონცეფციას.
გამოდის, რომ „ცხელმა შოკოლადმა“ თუნდაც 1 საინფორმაციო გამოშვება რომ გაუშვას დღის განმავლობაში, ის სალიცენზიო ვალდებულებებს ასრულებს. ეს კი, კონკურსის პირობების უგულებელყოფაა და აზარალებს იმ ქართულ საზოგადოებას, რომელიც „ბი-სი-ჯი“-ს კვლევის მიხედვით პროგრამულ მრავალფეროვნებას მოითხოვს. სწორედ, აღნიშნული ანალიზი გახდა კომისიის ამოსავალი წერტილი, როდესაც ისინი კონკურსანტთა კონცეფციებს ადარებდნენ.
რადიო „ჰერეთი“ თვლის, რომ კონკურსი თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიაზე უნდა გამოცხადდეს თავიდან.
ამის მიზეზი უნდა გახდეს არა მხოლოდ „ცხელი შოკოლადის“ მიერ საკუთარი კონცეფციის შეცვლა, არამედ კონკურსის დროს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მათ მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა.
ჩვენ გთავაზობთ ორივე კომპანიის კონცეფციას, რომლებიც რადიო „ჰერეთის“ ვებგვერდზეა განთავსებული (http://www.heretifm.com/?2/4375/ და გთხოვთ, რომ მათი გაცნობის შემდეგ თავად გააკეთოთ დასკვნა, რამდენად სანდო და განხორციელებადია თითოეული მათგანი.
ამასთან, საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონისა და კომისიის დადგენილი წესების თანახმად, აღნიშნული კონცეფციები კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნებულიყო. მიუხედავად ამისა, არც კონკურსის პერიოდში და არც მის შემდეგ, ისინი არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, საზოგადოებას არ მიეცა მასზე მსჯელობისა და მათი შეფასების საშუალება.
მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, საქართველოში რამდენიმე ცნობილმა მედიაექსპერტა ინტერესთა კონფლიქტის, პირადი მოტივაციებისა და დამოკიდებულების გამო, თავი შეიკავა აღნიშნული კონცეფციების შეფასებისგან.
ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გავაქვს - თვალი მიადევნეთ ამ მოვლენებს და მხარი დაუჭირეთ სიმართლეს. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ დამოუკიდეველი მედიის განვითარება.
რადიო „ჰერეთის“ ცხელი ხაზი: 8354 22 51 46