ბათუმი, სარფი და გონიო შუა აზიელი გოგონების ტრეფიკინგის ბუდედ იქცა

ბათუმი, სარფი და გონიო შუა აზიელი გოგონების ტრეფიკინგის ბუდედ იქცა

„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საჯაროდ განაცხადა, რომ აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად გადაიქცა და ამ მიზნით იქ 16 წლამდე გოგონები შუა აზიიდან, კერძოდ კი, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან ჩაჰყავთ. მეტიც, ბაღათურიას თქმით, ტრეფიკინგის ერთ-ერთმა მსხვერპლმა გასულ დღეებში თავიც კი ჩამოიხრჩო.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ, თუკი ასეთი მასალა მართლაც არსებობს, იგი გაეცნობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადად გადასცემს. ამავდროულად, სპიკერმა ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებზე გაამახვილა, რომლებშიც მისივე თქმით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველი კატეგორიის ქვეყნად არის აღიარებული. Presage.tv ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.

რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ბათუმი, გონიო და სარფი ტრეფიკინგის ბუდედ იქცა?    

- აშკარაა, რომ აჭარაში მოქმედებს საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც აჭარა  ტრეფიკინგის ერთ-ერთ ადგილად გადააქცია. ამ დანაშაულის სათავეში თურქ მოქალაქეთა ჯგუფი დგას, თუმცა ამ ბიზნესში ჩართულნი არიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის, სახელისუფლო სტრუქტურები და, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან შეუძლებელია არალეგალი ადამიანების, ძირითადად, არასრულწლოვანი გოგონების ქვეყნის ტერიტორიაზე ასე მასობრივად შემოყვანა მათ შეუმჩნეველი რჩებოდეთ. თუმცა, მათ შორის, სრულწლოვანი გოგონებიც არიან.

ეს ახალგაზრდა გოგონები შემოყვანილნი არიან შუა აზიიდან, ისინი არიან ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, შესაძლოა, ყირგიზეთის მოქალაქეებიც, რომლებიც შეყრილი ჰყავთ  მასიურად  გახსნილ სამეძაო სახლებში და ტრეფიკინგის, სასტიკი მოპყრობის, ცემა-ტყეპის, წამების მსხვერპლნი ხდებიან.

როგორც ბათუმელებმა მაცნობეს, ერთ-ერთმა ახალგაზრდა გოგონამ მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ვითარებაში თავი ჩამოირჩო, თუმცა მისი ცხედარი „გაქრა“. როგორც წესი, მსგავს ბიზნესს ასეთი მძიმე შედეგები და დანაშაულებები ახასიათებს. სამეძაო სახლები მთელი აჭარის ტერიტორიაზეა განფენილი, მაგრამ კომპაქტური თავმოყრა განსაკუთრებით სარფსა და გონიოშია, ასევე, ბათუმში, კერძოდ, ქუთაისის ქუჩაზე. ასეთი მთელი კვარტალია, შეუიარაღებელი თვალითაც მიხვდებით, რომ პირდაპირ გახსნილია ე.წ. ყომარხანები, ჩაიხანები, სადაც აზარტული თამაშებით იქცევენ თავს და იქვე სამეძაო სოროებია.

მაგალითად, გონიოში, შემიძლია გითხრათ, რომ საჯარო სკოლიდან 15 მეტრში, სადაც ბავშვები სწავლობენ, სამეძაო სახლია გახსნილი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ დანაშაულს. ამ დროს კი სრულიად უმოქმედოა ძალოვანი სტრუქტურები, რაც ამტკიცებს, რომ ისინი ჩართულნი არიან და ხელს უწყობენ ამ დანაშაულს. ეს თითოეული მოქალაქისთვის სამარცხვინო და ჩვენი ღირსების შემლახავია, ეს სახელმწიფოს ღირსების შელახვაა. სამართლებრივადაც, ღვთის წინაშეც და მორალურადაც ძალიან მძიმე ცოდვაა, რასაც ხელისუფლებამ ფართოდ გაუხსნა კარი და შეიძლება ითქვას, ჩვენი ხელისუფლება ამ გარყვნილებისა და სიბილწის იმპორტს ქვეყანაში მეგზურობასაც კი უწევს. რა მნიშვნელობა აქვს, თურქმენი იქნება თუ ყაზახი, ამ ბავშვების ბედი სულ ერთი არ უნდა იყოს, რადგან ეს დანაშული ჩვენს სახელმწიფოში ხდება. განსაკუთრებით მძიმე პასუხისმგებლობა კი ეკისრება ხელისუფალს, რომელიც ამას ხელს უწყობს.

ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად გადავწყვიტე, ამ სიბინძურისგან გასაწმენდად გარკვეული პერიოდის მანძილზე ბათუმში გადავიდე. ეს ის პერიოდი იქნება, რაც ბათუმის გაწმენდას დასჭირდება. ამას პერმანენტულად გავაკეთებ და აჭარის მოსახლეობაც - ქართველები, რუსები და სომხები, ასევე, ყველა სხვა ეროვნება, ბათუმის იმ სიბინძურისგან გაწმენდას ელოდება, რასაც 21-ე საუკუნის ჩვენი სახელმწიფოს სირცხვილი ჰქვია.

კანონის ფარგლებშიკონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთრათა ხელისუფლებისგან პრობლემებს არ წააწყდეთ?

- პარლამენტის წევრსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ხალხთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. პერიოდულად ჩავალ ბათუმში, რათა ორგანიზება გავუწიო საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც იქ არსებობს. დღეს აჭარაში ნომერ პირველი პრობლემა სწორედ ტრეფიკინგია. ასევე, ნებისმიერი აჭარელი გეტყვით, რომ თურქეთიდან მომავალი საფრთხე არსებობს - იმ რუქების გამოჩენით, სადაც აჭარა და რიკოთამდე საქართველო თურქეთის ტერიტორიაშია შეყვანილი. ასევე, აჭარის რეგიონში თურქეთი საეჭვოდ აქტიურდება გეოლოგიური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

თუ ფლობთ მონაცემებსრომ ყაზახ გოგონებთან ერთად ტრეფიკინგფის მსხვერპლი ქართველი გოგონებიც არიან?

- რა თქმა უნდა, მეძავები ყოველ სახელმწიფოში არსებობენ, მაგრამ მათი იმპორტი დაუშვებელია. შუა აზიელი გოგონების გარდა, ამ პროცესში ქართველი გოგონებიც არიან ჩართულნი. ხოლო ორგანიზატორთა მხრივ, ამ ორგანიზებულ დანაშაულში თურქეთის მოქალაქეებს გარდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც არიან ჩაბმულნი, ძირითადად, ძალოვანი სტრუქტრების წარმომადგენლები, რომლებიც ორგანიზებაში ეხმარებიან თურქეთის მოქალაქეებს.

ამ ინფორმაციის უტყუარობის დასადასტურებლად რისი თქმა შეგიძლიათ?  

- მე თვითონ წავედი, დავათვალიერე, ბათუმელთა თხოვნით გავედით ტელეკამერებით, ჟურნალისტებმა მასალა გადაიღეს. არ დაგიმალავთ, რომ გარკვეულად, გადაღებები ზურგიდან ხდებოდა, ჩანაწერი უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო გაკეთებული. ასე რომ, ფაქტები გადაღებულია. ბათუმელი თვითმხილველები, იქვე მცხოვრები ადამიანები, ადასტურებენ ამ ყველაფერს. კადრები არსებობს და შსს-სა და პროკურატურას საქმის აღძვრა და მოკვლევის დაწყება შეუძლია. პირადად მივუთითებ, რა მიმართულებით უნდა დაიწყოს ძიება, დავასახელებ პირებს, ვინც უნდა დაიკითხოს. დამერწმუნეთ, სულ რამდენიმე მეძავი რომ აიყვანონ და დაკითხონ, ისინი აუცილებლად დაასახელებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მათი იმპორტირება მოახდინეს, რადგან არც ერთს არ აქვს ვიზა ჩარტყმული. ისე, სხვათაშორის, სამეძაო სახლებში ამ ადამიანების მიმტანებად და დამლაგებლებად გაფორმება უკვე დაიწყეს, მაგრამ ეს იმდენად მასიურია, რომ ამის შესახებ მთელმა აჭარამ იცის, ყველაფერი ხელის გულზე ღიად ჩანს და აშკარად ქუჩაში ხდება. ამის გამო, მთელი აჭარა ფეხზე დგას.