ეს 2-3 დღეა რაღაც ეს ყველაფერი თვალში საცემი გახდა, უფრო უემოციოდ და ცივი გონებით ვსჯი და ვფიქრობ უკვე დროა!
დასაბამიდან დღემდე, რომ ბევრი ცოდვა-მადლი ტრიალებს ამ წუთისოფელში, ამაზე არც მე დავფიქრებულვარ ახლა და არც თქვენთვის იქნება სიახლე, მაგრამ სანამ ეს ცოდვა-ბრალი საკუთარ კართან არ მოგვიკაკუნებს მანამ ნაკლებად ვწუხვართ.
ეს ამბავი რომ სამწუხაროა და გულგრილად ვერ შეხვდები, თავისთავად ცხადია, მითუმეტეს ვინც თამთას იცნობდა. მე ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ამბავმა, მივხვდი რომ ურთიერთობებს უფრო უნდა გავუფრთხილდეთ, ვცდილობ სხვას არ ვატკინო და მეც რომ მტკენენ უფრო მეტად მტკივა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ტრაგედია თამთას სახელს რომ არ დაკავშირებოდა ჩემთვის სხვა დანარჩენი, „უტოიაზე“ დაღუპული ახალგაზრდების სიცოცხლე, ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობდა.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენი სამძიმარი კიდევ ერთხელ მოვისმინე შემთხვევით, არ ვაპირებდი. იმ დროს მეც ტაძარში ვიდექი, მახსოვს რომ მაშინაც არ მესიამოვნა რაღაცეები, მაგრამ ახლა ცივი გონებით რომ განვსაჯე, უფრო მეტი უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა.
საქართველო ახალგაზრდებს ეკუთვნისო...
უკაცრავად მაგრამ, რომელ ახალგაზრდობას?!
უსაქმურობისაგან რომ გაჭორიკნდნენ და ყველაზე და ყველაფერზე, რომ ლაპარაკობენ და რას არ იციან?!
იქნებ იმ ახალგაზრდობას „უგზო უკვლოდ“ რომ არიან „მორწმუნეები“ და რა და რისი სწამთ რომ არ იციან?!
ან იქნებ იმ ახალგაზრდობას ასე უაზროდ რომ იხოცებიან (სამწუხაროდ)...
ვინც აზროვნებს, იცის, ხვდება და ხედავს, ყველას გაქცევა უნდა, ან უკვე წავიდნენ საქართველოდან, ან ეძებენ გზებს და ოცნებობენ როდის დატოვებენ ქვეყანას. მე მესმის, რომ გამოსავალი გაქცევა არაა, გამოსავალი ადგილზე რომ იპოვო უკეთესია, მაგრამ როცა ადგილზე ამის საშუალება არ გვეძლევა „სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს.“
... და სანამ „საქართველოს მომავალს, იმედს, დღევანდელობის მნიშვნელოვან ნაწილს დავკრძალავთ“ და ამის განცხადებას პანაშვიდებზე არ გავაკეთებთ, იქნებ მანამდე დაფიქრებულიყავით და მიგექციათ ყურადღება იმ საზღვარგარეთ გაქცევაზე მეოცნებე ახალგაზრდებისათვის, რომლებიც შეიძლება მართლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის უკანასკნელი იმედები იყვნენ!
ნუ შეხედავთ მტრებს ახალგაზრდებში, რომლებსაც რაიმე არ მოსწონთ და ამას ხმამაღლა ამბობენ, თუ რომელიმე არასამთავრობოს წევრები არიან... მერწმუნეთ, ჩვენც გვტკივა ჩვენი ქვეყანა და გვინდა სხვის კარზე ყოფნას, საკუთარი ქვეყნის მტვერი ვყლაპოთ, საკუთარი ქვეყნის „დანჯღრეულ“ გზებზე ვიაროთ, ხანდახან ელექტროენერგიის გამორთვის გამო, სანთლებიც ავანთოთ, რომანტიკა რომ არ დაგვავიწყდეს, შადრევნების შხეფები მოგვხვდეს, ჩვენი ქვეყნის ბონდის ხიდებზე ვიაროთ, მაგრამ ვიცოდეთ რომ არ გვატყუებენ, გაკეთებულ გზებს და ხიდებს არ გვჩრიდნენ ყველა უკმაყოფილების გამოხატვის დროს!
როცა რომელიმეს გაგვიმართლებს და ევროპის რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში 70% -ანი დაფინანსებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცემა, დარჩენილი 30%-ის დღე და ღამე ძიებას შედეგი მოყოლოდეს!
მერწმუნეთ, ასეთ პირობებში დაბოღმილები და გაბრაზებულები არ ვიქნებით და არც თქვენ მოგეჩვენებით „მტრებად“.
მთავარია ყველამ ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულით გამთბარი გულები დავანახოთ და მჯერა, რომ ერთმანეთის ნდობას დავიბრუნებთ!
არ ვიცი ვისში რა ემოციას გამოიწვევს ეს წერილი, არ ვიცი რა მოჰყვება, ვინ როგორ შეაფასებს, ვინ როგორ გაიგებს, საერთოდაც თუ წაიკითხავს ვინმე, მაგრამ თუ რამეს შეცვლის, თუ ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს, ჩავთვლი რომ ტყუილად არ დაწერილა და თუ ეს ყველაფერი ასე არაა და მე მეჩვენება გამძაფრებულად, მაშინ მითხარით, მე სხვა ქვეყანაში მოვხვდი? მეც მაჩვენეთ ის საქართველო სადაც თქვენ ცხოვრობთ!
ამ ყველაფერს ჩემი “facebook” -ელი მეგობრის სიტყვებით დავასრულებ:
„...ჩვენ ყველანი ტერორისტები ვართ,
კეთილი ტერორისტები,
რომლებსაც გვინდა დღევანდელი დღით რამე წარმოვადგინოთ.
...მატყუარა
და არაფრის ტერორისტები ვართ...“
იმედია არ მიწყენს ამ სიტყვების ავტორი, რადგან ჩემი წერილის დაწერაში მისმა წერილმაც ითამაშა დიდი როლი, ამიტომ მივეცი თავს უფლება გამომეყენებინა.“