ეროვნულმა მუზეუმმა სვანეთის საგანძურზე presage.ge-ს მოგებული პროცესი გაასაჩივრა

ეროვნულმა მუზეუმმა სვანეთის საგანძურზე presage.ge-ს მოგებული პროცესი გაასაჩივრა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ივნისს 12 საათზე, N8-ე დარბაზში მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი ეროვნული მუზეუმის სააპელაციო საჩივარს განიხილავს. მუზეუმის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი შარაბიძე იცავს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოითხოვს გაუქმდეს 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა presage.ge-ს კორესპონდენტის ნინო მიქიაშვილის სარჩელის მთავარი მოთხოვნა - მოსამართლემ ეროვნულ მუზეუმს დაავალა ამომწურავი პასუხები გასცეს იმ კითხვებზე, რომლითაც გასული წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს presage.ge-ს კორესპონდენტმა მუზეუმს მიმართა. ამასთან, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მუზეუმმა ასევე უნდა მისცეს ჟურნალისტს ის დოკუმენტები, რომელსაც მოითხოვს და რომელიც ეხება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცულ საქართველოს საგანძურს.

“მუზეუმის სააპელაციო საჩივარი იმის დასტურია, რომ ინფორმაციას და დოკუმენტებს, რომელიც გამოვითხოვე, ისევ საგულდაგულოდ მალავენ; ან სათქმელი და საჩვენებელი არაფერი აქვთ და დროს წელავენ, მაგრამ ვერაფერს გახდებიან - არც ერთი წამით არ მოვადუნებთ ყურადღებას და ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით, მეც, მთელი presage.tv-ც და ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომელიც სასამართლოში ყოველგვარი ანგარების გარეშე იცავს ჩვენს ინტერესებს“, - ამბობს ნინო მიქიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული საქართველოს სააგანძური და სხვა ექსპონატები (200 000-ზე მეტი ექსპონატი) ერთ დღეში, 2011 წლის 2 დეკემბერს სახელდახელოდ შეკრული კონტეინერებიდან რვა მანქანით გადაიტანეს  მესტიის აეროპორტის გზაზე არსებული ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში. საგანძური და სხვა ექსპონატები იქიდან მოყოლებული დღემდე არის ამ შენობაში, რომელიც  ნაპრალებიანი, დამეწყრილი და ნესტიანია. საქართველოს საპატრიარქომ 2011 წლის 14-20 დეკემბრის “საპატრიარქოს უწყებანში“ გამოაქვეყნა ზემოხსენებული შენობის ტექნიკური დასკვნა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ შენობა უვარგისია.

ამჟამად ძველი მუზეუმის ნანგრევებზე ახალი კელდები ამოიყვანეს, მაგრამ ჯერ არ გადაუხურავთ. როგორც მესტიელებისგან ტელეფონით შევიტყვეთ, სამშენებლო სამუშაოები გამალებით მიმდინარეობს.

გავიგეთ ისიც, რომ მუზეუმს ეზოში ე.წ. კონტეინერების ნაწილი გადაიტანეს  და დადგეს მუსიკალური სკოლის გვერდზე - მასში მუზეუმის და დაცვის თანამშრომლები არიან. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს მუზეუმის დაცვის უფროსი. მიზეზის დაზუსტებით თქმა არ შეგვიძლია და ამიტომ, დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ.

23 მაისს დავათვალიერეთ ეროვნული მუზეუმის განახლებული ვებგვერდი, რომელზეც აღარ იძებნება საგანძურთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ადრინდელი განცხადება (2011 წლიუს 21 ნოემბერს გამოქვეყნებული) და სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი შუალედური დასკვნა, რომელიც 2011 წლის ნოემბერში, სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ შეადგინეს და გამოაქვეყნეს.

23 მაისს მუზეუმის ვებგვერდზე აღნიშნული იყო, რომ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნებოდა 2012 წლის 9 ივლისს. დღეს თუ შეხვალთ მუზეუმის ვებგვერდზე, მსგავს ინფორმაციას ვეღარ იპოვით. თუ გავითვალისწინებთ ამა თუ იმ შენობას რა ტემპითა და ხარისხით აშენებენ და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული, უნდა ვივარაუდოთ, რომ მუზეუმს მიხეილ სააკაშვილი ზარ-ზეიმით გახსნის წინასაარჩევნო პერიოდში. შესაძლებელია ექსპონატები გამოუშრობ კედლებში გადაიტანონ და მერე ისევ უკან დააბრუნონ, როგორც ეს მოხდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ცისფერი გალერეის ერთ-ერთი მორიგი გახსნის დროს.

presage.tv სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ საქართველოს საგანძურთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს და შესაბამის დოკუმენტებს ელოდება. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემის მიყურისძირებას! 6 ივნისს დანიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების პროგნოზირებისგან თავს ვიკავებთ და ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი გულდასმით მოუსმენს ორივე მხარეს და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.