ასპინძის ატომური ელექტროსადგური – ქართული ფუკუშიმა თურქული პროექტით

ასპინძის ატომური ელექტროსადგური – ქართული ფუკუშიმა თურქული პროექტით

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ასპინძის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების განსაჯაროებას ითხოვს. მისი მონაცემებით, თურქეთის ვიცე-პრემიერ ბულენთ არინჩის საქართველოში ჩამოსვლის რეალური მიზეზი ასპინძაში ატომური ელექ        ტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ფარულად აწარმოა. როგორც ცნობილია, თურქეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს შეხვდა, თუმცა მისი ვიზიტის პროტოკოლის ოქმები ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.

ხაჭაპურიძე ეჭვების გასაქარწყლებლად საქართველოს ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. მისი ინფორმაციით, ასპინძაში ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად გეოლოგიური სამუშაოები უკვე ჩატარებულია და საქართველო 59 წლის განმავლობაში მისგან სარგებელს ვერ მიიღებს.       

Presage.tv-სთან საუბარში ადვოკატი აცხადებს, რომ, თუ ხელისუფლებას ამ ინფორმაციის სანდოობაში ეჭვი ეპარება, მაშინ თავად უნდა იყოს დაინტერესებული, საჯარო გახადოს თურქეთის ვიცე-პრემიერთან გამართული მოლაპარაკებები.

„არსებობს პროტიკოლის ოქმები და გააცნონ ეს საზოგადოებას. ამასთან, შეგვიძლია, წავიდეთ და ადგილობრივ მოსახლეობას ვკითხოთ. ცნობილია, რომ დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაიხარჯა გეოდეზიური სამუშაოების ჩასატარებლად. ამიტომ გამოვლინდეს 2003 წლიდან დღემდე თურქეთთან დადებული სხვადასხვა ხელშეკრულებები“.

ხაჭაპურიძის თქმით, მართალია, საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ ასპინძაში ასაშენებელი ატომური ელექტროენერგიის სადგური 59 წლიანი მართვის უფლებით მთლიანად გადაეცა თურქებს და ქართული მხარე აქედან არცერთ თეთრს არ მიიღებს.

აქვე ადვოკატი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ასპინძა და სამცხე-ჯავახეთი სეისმური ზონაა, რაც ნიშნავს, რომ აქ ატომური სადგურის აშენება ქართველი ერის მიწის პირისგან აღგვას ნიშნავს.

ხაჭაპურიძის თქმით, უკვე ორი წელიწადია, ენერგეტიკის მინისტრ ხეთაგურის ხელმძღვანელობით, შექმნილია ერთობლივი კომისია, რომელშიც, ასევე, მონაწილეობს მინისტრი ხაჩიძე, ახლა კი ამ საქმეში ჩაერთო საქართველოს პრემიერი, ხოლო თურქეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, კომისიაში მონაწილეობდა აზერბაიჯანის მხარეც, რადგან აზერბაიჯანს მინიჭებული აქვს დამკვირვებლის ფუნქცია.

ადვოკატი აცხადებს, რომ ამ სამიოდე დღის წინ, თურქეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტისას, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან ქართულმა მხარემ თურქეთისგან  საკითხის არჩევნებამდე გაუხმაურებლობა ითხოვა:

„ვინაიდან დღევანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგედ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ცხადია, ატომური ელექტროსადგურის თემის გაჟღერება ჩვენს ხელისუფლებას სერიოზიულ ელექტორატს დააკარგვინებდა. ამაზე თურქულმა მხარემ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ არც ისინი არიან კარგ მდგომარეობაში და მათაც სჭირდებათ თავიანთი ელექტორატის გულის მოგება. მით უმეტეს, აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ელექტროენერგიის პრობლემაა და ამიტომაც აწყობთ ამ საკითხის გახმაურება. აქედან გამომდინარე, როგორ დამთავრდა მოლაპაკებები, ჩემთვის უცნობია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ რაღაც ვერ იყო კარგად მდგომარეობა და ინფორმაციამ გამოჟონა“.

თავისი წყაროს კეთილსინდისიერებაში ადვოკატი დარწმუნებულია, რადგან, მისი აზრით, ბევრ ადამიანს ეს ხელისუფლება გულზე დიდად არ ეხატება და პატრიოტებიც არიან, მაგრამ იძულებულნი არიან, მათთან ერთად გარკვეულ საკითხებზე იმუშაონ.

„ეს ადამიანები სამშობლოზე ზრუნავენ, მით უმეტრეს, ახლა, როცა პოლიტიკაში  ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ამ ხალხის ქმედება უფრო აშკარა გახდა. ასეთი ინფორმაციები კიდევ წამოვა, ისე, როგორც ეს განათლების ეროვნულ ცენტრში მოხდა. ნაცმოძრაობის რღვევა დაწყებულია“.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძე ხელისუფლების მხრიდან ფულად დაინტერესებაზე საუბრობს. მისი აზრით, ხელისუფლებამ  უნიათობა გამოიჩინა, რის შედეგადაც კაბალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თურქებს მათდამი ისეთივე მიდგომა აქვთ, როგორც უკანასკნელი წყალწაღებულის მიმართ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის აზრით, ასპინძაში ატომური სადგურის მშენებლობის ალბათობა არსებობს, რადგან თავის დროზე ენერგეტიკის მინისტრმა  სეულში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მან განიხილა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა. თუმცა ვადები არ მიუთითებია.

„თურქულ მხარეს შეუძლია, საქართველოს ტერიტორიაზე ააშენოს ატომური სადგური, თუკი საქართველოს მთავრობა დათანხმდება. თავის დროზე ჩვენ,  „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა–დედამიწის მეგობრები“, წინააღმდეგნი ვიყავით და ახლაც ვეწინააღმდეგებით ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას, განსაკუთრებით, ჩერნობილის ავარიის შემდეგ და მას შემდეგაც, რაც მოხდა იაპონიაში. ზუსტად შარშან მოხდა ეს საშინელება და ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ  შეიმუშავა პროგრამა ატომური ელექტროსადგურების დახურვასთან დაკავშირებით. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა პროექტი, რომ საქართველოში უნდა აშენებულიყო ატომური ელექტროსადგური, დალის წყალსაცავიც აშენდა ატომური ელექტროსადგურისთვის, მაგრამ, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ მაშინ სხვა პრიორიტეტი იყო უფრო მნიშვნელოვანი და დაწყებული პროექტი გაჩერდა“.

ნინო ჩხობაძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხო არ არის ატომური ელექტროსადგურებისთვის, რადგან ჩვენი ძირითადი ტერიტორია 9 ბალიან სეისმურ ზონაშია მოქცეული. ატომურ ელექტროსადგურებს კი ჯერჯერობით ისეთი დაცვითი სისტემა არ აქვს, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს. ამის დასტურად ნინო ჩხობაძეს ფუკუსიმას ტრაგედია ახსენდება, სადაც ტექნოლოგია საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ იქაც კი იაპონიამ საკუთარი მოსახლეობა რადიაციული გაჟონვისგან ვერ დაიცვა. ამასთან, ექსპერტი ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე სასიკეთოდ ეს ჰიდროენერგეტიკა არ აისახება, რადგანაც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაცხადებული პროგრამით, იგი ენერგიის შემდგომი გაყიდვისკენაა მიმართული.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ასპინძაში საამისოდ გეოლოგიური სამუშაოები უკვე ჩატარდა, ნინო ჩხობაძე ამაზე ეჭვს გამოთქვამს. მისი აზრით, ატომურ ელექტროსადგურს  უფრო სერიოზული  გეოლოგიური სამუშაოები სჭირდება.

„ჰიდროს სჭირდება სხვა გეოლოგიური სამუშაოები და ატომურს სჭირდება სულ სხვა სამუშაოები. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მთავარია, რომ ასპინძაში მარტო გეოლოგიური მომენტი არ არის, იქ არის ძალიან სერიოზული კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შეიძლება, დაზიანდეს. საბჭოთა პერიოდში ეს დახურული ზონა იყო, იქ არქეოლგიური გათხრები არ წარმოებდა, ან წარმოებდა ძალიან მწირი რაოდენობით, თანაც, სასაზღვო ზონა იყო და, როცა უკვე აღარ იყო საბჭოთა კავშირი, არა მგონია, საქართველოს იმდენი საშუალება ჰქონოდა, იქ სრულფასოვანი არქეოლოგიური გამოკვლევა ჩაეტარებინა“.

 „მწვანეთა მოძრაობის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე ამ ხელისუფლებისგან არაფერს გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ თურქეთს თავად აქვს პრობლემები საკუთარ ტერიტორიაზე ატომური სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

„საზოგადოებამ ალბათ არ იცის, რომ რამდენიმე წლის წინ მათ თავიანთ ტერიტორიაზე ძალიან მსხვილი ატომური სადგურის მშენებლობა დაგეგმეს. ამაში ფარულად ჩართული იყო რუსული მხარე. თუმცა ირანის ბირთვული იარაღის პრობლემებთან დაკავშირებით, თურქეთს გაუჭირდა ატომური სადგურის მშენებლობა. ამას დაერთო ფუკუსიმას ატომური სადგურის ტრაგედია, რასაც მსოფლიოში საშინელი რეაქცია მოჰყვა და ის მშენებლობები, რომლებიც დაგეგმილი იყო, შეჩერდა. რუსებმა აქაც გამოიჩინეს ფხა და 2011 წლის მარტში ერდოღანისა და მედვედევის შეხვედრისას მოილაპარაკეს, რომ  ფუკუსიმას ატომურ სადგურზე მომხდარი საშინელი აფეთქებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ რეგიონში ატომური სადგურების მშენებლობის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი დაეხმარებოდა ატომური სადგურების მშენებლობას თურქეთის ტერიტორიაზე“.

გია გაჩეჩილაძის განმარტებით, ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტია და 20 მილიარდი დოლარი ჯდება, თუმცა დღეს ჩანასახის ფორმითაც არაა, რადგან ასე იოლად ვერ განხორციელდება. ამას სჭირდება მაგატეს ანუ გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს თანხმობა, ექსპერტიზა და საზოგადოების თანხმობა. თურქეთის მოსახლეობა კი თავის ტერიტორიაზე ატომური სადგურის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია.

„საქართველოში ამ სადგურის აშენება არარეალურია, რადგან მაშინ სამმაგი სტანდარტი  გამოდის. როცა თურქეთმა განაცხადა, ჩემს ტერიტორიაზე ავაშენებ ატომურ სადგურსო, იმავე წელს, 2011 წლის ნოემბერში, კატეგორიულად მოითხოვა სომხეთის ატომური სადგურის ფუნქციონირების შეჩერება და ერთი ამბავი  ატეხა. სხვათაშორის, ამას ჩვენმა პარტიამაც დაუჭირა მხარი, რადგან საფრთხის შემცველი სომხეთის ატომური სადგური არ უნდა არსებობდეს რეგიონში. მაშინ, ვერ გავიგეთ, თუ სომხეთის ატომური სადგურის ფუნქციონირების წინააღმდეგია თურქული მხარე და თავის ტერიტორიაზე იბრძვის ატომური სადგურის ასაშენებლად, საქართველოს ტეროტორიაზე რატომ სურს მეორე ატომური სადგურის მშენებლობა?!“

ამ აბსურდულ სიტუაციას ისიც ემატება, რომ ასპინძა 8 ბალიანი მიწისძვრების ზონაა. ამდენად, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერს წარმოუდგენლად მიაჩნია ამ პროექტის განხორციელება თურქეთის მხრიდან, რადგან თურქეთს თავისი ატომური სადგურიც ვერ გაუკეთებია საკუთარ ტერიტორიაზე.

„ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერაფერს გამოვრიცხავ, ფულის გულისთვის ნახევარ საქართველოს ჩააბარებენ, მაგრამ მაინც, თუ ვინმეს თავში მოსდის ასეთი რამ, პირობას ვიძლევი, მე, გიორგი გაჩეჩილაძე, სანამ ცოცხალი ვარ, საქართველოში თურქეთი კი არა, კოსმოსიდან რომ ჩამოვიდნენ უცხო პლანეტელები და მოინდომონ სადგურის აშენება, მათაც არ მივცემთ საქართველოს გენოციდის საშუალებას ატომური სადგურის მშენებლობის შედეგად“, _აღნიშნავს გია გაჩეჩილაძე  Presage.tv-სთან საუბარში.