შაშკინი ისევ ტყუის, მისი ბრძანებაც ისეთივე ყალბი აღმოჩნდა, როგორც ატესტატები

შაშკინი ისევ ტყუის, მისი ბრძანებაც ისეთივე ყალბი აღმოჩნდა, როგორც ატესტატები

კოალიცია „ქართული ოცნების“, „თავისუაფლი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ნინო გოგუაძე, presage.tv-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ოფიცილური დოკუმენტი გადასცა, რომელიც ადასტურებს, რომ განათლების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს არავითარი ბრძანება არ გამოუცია, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ 600 ყალბი ატესტატი გასცა.

„თქვენი ა.წ. 4 ოქტომბრის Nგ140/01-1 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის N453 ბრძანება საქართველოს ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ არის“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს წერილში. წერილს ხელს აწერს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე გიორგი წიკლაური; წერილი დათარიღებულია 2011 წლის 13 ოქტომბრით; რეგიტრაციის N151გ-302. 

*****

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2011 წელს განათლების სამინისტრომ 600 ყალბი ატესტატი გასცა. ამის საპასუხოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რითაც ირწმუნებოდა, რომ მიმინოშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება.

„სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატები მიიღეს 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ კატეგორიაში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები შედიან, რადგან მათ სკოლის გამოსაშვები გამოცდები ვერ დაძლიეს. მეორე კატეგორიაში კი 14 განსაკუთრებით ნიჭიერი ქართველი მოსწავლე წარმოადგენს, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩააბარეს.

„ამ უნივერსიტეტებს გააჩნიათ საკუთარი საგამოცდო სისტემა, რომელიც დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. გამომდინარე იქიდან, რომ დაცული იქნეს თითოეული მოსწავლის უფლება, სამინისტრომ მიიღო ამ მოსწავლეებზე სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის გადაწყვეტილება. სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე მოსწავლეებს არ აქვთ საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატების“ განათლების სფეროს ხელმძღვანელმა, ნინო გოგუაძემ presage.tv-ს სკანდალურ ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, მისი თქმით, ბრძანება, რომლითაც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნული ატესტატები გასცა, ბუნებაში არ არსებობს.

ნინო გოგუაძე: „პირველ რიგში, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ საქმე გვაქვს სიყალბესთან. ეს იყო ყალბი ატესტატები და ამის დამამტკიცებელი საბუთები მე მაქვს.

2011 წელს განათლების სისტემამ კოლაფსი განიცადა. შეგახსენებთ, მანამდე გატარდა ლომაიას რეფორმა, რომლის შედეგადაც იმისათვის, რომ უმაღლესში ჩაებარებინა, მოსწავლეს მხოლოდ იმ რამდენიმე საგანში მომზადება სჭირდებოდა, რაც უმაღლესში ჩასაბარებლად იყო აუცილებელი. შედეგად მივიღეთ ბევრი სიგიჟე - ტრიმესტრული სწავლება, არასწორი ინტეგრირებული სწავლება, სრულიად უხარისხო სასწავლო გეგმები და სახელმძღვანელოები. საერთოდ, ეს რეფორმა ძალიან დიდი ხარვეზებით გატარდა. გამოვიდა ისე, რომ სკოლაში სიარული ბავშვებისთვის საერთოდ არ იყო აუცილებელი. იმისთვის, რომ უმაღლესში ჩაებარებინათ, მათ შეეძლოთ სკოლის გარეთ ამ ოთხ საგანში მომზადებულიყვნენ, გასულიყვნენ ეროვნულ გამოცდებზე და სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება ამით გარანტირებული იყო. ამიტომ, სკოლამ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი საერთოდ დაკარგა.

სახელმწიფომ შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ სკოლაში სიარული და განათლების მიღება შეუძლებელიც კი იყო. ეს სახელმწიფო სისტემის არასწორი ორგანიზებისა და განათლების სამინისტროს ცუდი მუშაობის და არასწორი რეფორმების შედეგი იყო.

როდესაც შაშკინი მოვიდა, მან გარდა იმისა, რომ სრულიად საპირისპირო რეფორმის გატარება და პოლიციური სისტემის შექმნა დაიწყო, თუმცა, ეს სხვა თემაა და ამაზე ამჯერად არ შევჩერდები.

ერთი სიტყვით, ერთ წელიწადში შაშკინმა საატესტატო გამოცდები შემოიღო. ჩვენ გამოცდების წინააღმდეგი არ ვართ, რა თქმა უნდა, გამოცდები უნდა ჩატარდეს, ბავშვი სკოლაში უნდა დადიოდეს და განათლებას ღებულობდეს, მაგრამ ამ გამოცდების ასე უეცრად შემოღება, თან იმ სიტუაციაში, რაც სახელმწიფომ თავად შექმნა, მე და სხვა, ძალიან ბევრ ადამიანს სრულიად გაუმართლებლად მიგვაჩნდა.

გახსოვთ, ალბათ, თავად მოსწავლეებიც გამოვიდნენ ამ ინიციატივის წინააღმდეგ და პრეზიდენტმა მათ ოროსნებიც კი უწოდა.

თავად ამ რეფორმების მეთოდებირასაც განათლების მინისტრები გვთავაზობდნენრომელიმე ქვეყნის მოდელიდან იყოგადმოღებულითუ თავად საქართველოს განათლების სამინისტროს შემუშავებული და ხომ არ ხდებოდა ეს ყველაფერიმიზანმიმართულად?

- მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს მიზამიმართულად ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო ძალიან არაკომპეტენტურად, არაპროფესიონალების მიერ გაკეთებული რეფორმები და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მე რომ ვთქვა, რომ მათ განათლების სისტემა მიზანმიმართულად დაანგრიეს, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ საქმე არაპროფესიონალიზმთან გვქონდა. ეს პროგრამები აქ დაიწერა და რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, რომ შეუძლებელია ისინი გადმოთარგმნილი იყოს. იმდენი ლაფსუსი და სისულელე წერია ეროვნულ გეგმებში, რომ მეტი არ შეიძლება.

მე და კოტე ჯანდიერს გვქონდა ასეთი წერილი - „იდიოტიზმის ანატომია“ და იგი გიგი თევზაძის და სიკო ჯანაშიას რეფორმას ეხებოდა. ამ წერილში განხილული გვაქვს ყველა ლაფსუსი, რაც წერია სახელმძღვანელოებში, ეროვნულ სასწავლო გეგმებში (რაც ფუნდამენტური დოკუმენტია განათლების სისტემაში) და ნამდვილად ვერ დავაბრალებ სხვა ქვეყნების განათლების სისტემებს, რომ შეიძლება ფუნდამენტურ დოკუმენტში ამდენი ლაფსუსი ჰქონდეთ.

მთავარი ის არის, რომ ამ საატესტატო გამოცდების შემოღება ამ სიტუაციაში აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ გამოცდებს ძალიან ბევრი ბავშვი ნორმალურად ვერ ჩააბარებდა და ძალიან დიდი სიძნელეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

ამ დროს, გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა ორი ურთულესი ამოცანა - ჯერ ერთი, უნდა შეეასრულებინა შაშკინის ბრძანება (და სავარაუდოდ პრეზიდენტის სურვილი) და ეს გამოცდები ჩაეტარებინა, და მეორე, უნდა შემოეღო ისეთი სისტემა, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებ ბავშვს დააზარალებდა, რადგან თვითონ გამოცდების ცენტრმა ძალიან კარგად იცოდა, სწავლების თვალსაზრისით რა მდგომარეობა იყო სკოლებში. ამიტომ შემოიღეს ე.წ. “CAT“ -ის სიტემა, ანუ კომპიუტერული სისტემა, სადაც არის დახურული კითხვები. ისინი თვითონვე ამბობდნენ, რომ ეს არ არი ცოდნისა და უნარების შემოწმება, ეს არის შესაძლებლობების შემოწმებაო, განსაკუთრებით იმ საგნებში (მაგალითად ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში), სადაც სწავლება ასბოლუტურად ჩავარდნილი იყო. ქიმიის ტესტი რომ გენახათ, მიხვდებოდით, რომ მას ქიმიასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. ეს იყო სწორედ ისეთი ტესტი, როგორი სწავლების ხარისხიც იყო სკოლაში.

იმის მიუხედავად, რომ პირველი ნაკადის ტესტი მეორდებოდა მეორე ნაკადში, მესამე ნაკადში და ა.შ. მაინც ძალიან ბევრი ბავშვი ჩაიჭრა და შაშკინმა დახსნა ის დირექტორები, ვისი მოსწავლეებიც ჩაიჭრნენ. მოკლედ, განათლების სისტემაში ძალიან არაჯანსაღი პროცესები წავიდა.

მე სულ ვაკვირდებოდი ამ პროცესს და მქონდა ინიციატივა, რომ არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში მაინც გაკეთებულიყო პილოტირება. აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგადადაც პირველ წელს უნდა გაკეთებულიყო პილოტირება და ამ გამოცდებს ასეთი დატვირთვა არ უნდა მისცემოდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ეს მოწოდება ყურად არ იღეს.

მაია მიმინოშვილის მიერ ნახსენებ ყალბ ატესტატებთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?

- შარშან, აგვისტოს ბოლოს მეილზე მომივიდა ანონიმური შეტყობინება. ანონიმი ავტორი მწერდა, რომ საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილ ბავშვებს ჰქონდათ ატესტატები და მთხოვდა, ვითარებაში გავრკვეულიყავი. სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტრო გვატყობინებდა, რომ განათლების მინისტრის 12 ივლისის N453-ე ბრძანებით ჩაჭრილი და არარეგისტრირებული ბავშვებისთვის სპეციალური ატესტატების დარიგება გრძელდებოდა. ამ ფაქტმა ის მეილი გამახსენა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მივიღე. არადა, განათლების სამინიტროს ვებ-გვერდზე ყოველდღე შევდიოდი და ამგვარი ბრძანება არ მინახავს.

ამის შემდეგ განათლების სამინისტოდან საჯარო ინფორმაციის ფორმით ამ ნომრით გამოცემული ბრძანება გამოვითხოვე. სამინისტროს სამჯერ მივმართე, გარდა ამისა, ყოველდღე ვურეკავდი, მაგრამ მათგან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე. ამის პარალელურად, მივმართე იუსტიციის სამინისტროს თხოვნით, გაეცათ ჩემთვის პასუხი, ეს ბრძანება იყო თუ არა რეგისტრირებული. ჩემდა გასაკვირად და გასახარად, იუსტიციის სამინსიტრო ამ საკითხს ძალიან პროფესიულად მიუდგა. სამინისტროს თანამშრომელმა მითხრა, რომ ასეთი ბრძანება იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული არ არის. უფრო მეტიც, მან მითხრა, რომ 10 ივლისიდან 16 ივლისამდე განათლების სამინისტროს არანაირი ბრძანება, ნორმატიული აქტი არ გამოუციაო. მე მას ვთხოვე, ეს პასუხი ჩემთვის წერილობით ეცნობებინათ და მათ ეს პირობა შეასრულეს.

ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ის ბრძანება, რომელიც, თითქოს, ბატონმა შაშკინმა გამოსცა და რომლის შესახებაც განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე ინფორმაციაც დაიდო, სინამდვილეში არ არსებობს.

თუკი სამინისტრო ამბობსრომ ბრძანება გამოიცა და სინამდვილეში ეს ბრძანება არ არსებობსრასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე?

- საქმე გვაქვს კრიმინალთან და სიყალბესთან.

თქვენი აზრითეს რისთვის გაკეთდა?

- საერთოდ, სიყალბე ბევრი რამისთვის შეიძლება გაკეთდეს. თვითონ ისინი ამბობენ, რომ ეთნიკურ უმცირესობებს გაუწიეს ანგარიში და ფართო გასაქანი მისცეს. ჯერ ერთი, რას ნიშნავს ეს? თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები და ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, მაშინ რა ნიშნავს ეთნიკური ნიშნის მიხედვით ატესტატების გაცემა? მე თუ მკითხავთ, ეს არის ფაშიზმი და სეგრეგაცია. გამოდის, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქართველებს უფრო მაღალი სტანდარტი უნდა მოვთხოვოთ, არაქართველებს კი უფრო დაბალი და შეიძლება, საერთოდ არ ჩავუტაროთ გამოცდები. მე არ ვიცი ამას რა ჰქვია, ცივილიზებულ ქვეყანაში საკუთარ მოქალაქეებს ასე არ ექცევიან.

შეიძლება კორუფციაც იყოს მოტივი, შეიძლება პოლიტიკური მოტივიც იყოს, მაგრამ არც ერთი მოტივით არ შეიძლება სიყალბის ჩადენა, მითუმეტეს, განათლების სამინისტროს მიერ. განათლების მინისტრი თავისი პიროვნებით მომავალი თაობისთვის მაგალითი უნდა იყოს. როგორი მაგალითია შაშკინი, ეს სხვა თემაა.

აქვე აღვნიშნავ, რომ განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციაში მინიშნებასაც კი ვერ ნახავ იმაზე, რომ ეს ატესტატები ეთნიკურად არაქართველებისთვის არის განკუთვნილი. ფაქტია, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს.