შინაგან საქმეთა სამინისტრო შოკშია - გამოცდების ჩატარება იმაზე რთული პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე ეს სამინისტროს ან მოდულის შენობიდან ჩანდა. რატომ შსს? შაშკინმა ემოციურ ფონზე მოპოვებული, ხანმოკლე „ქარდბლანში“ დაუყოვნებლივ გამოიყენა. შემდეგ განვითარებულმა პროცესმა კი ყველას აჩვენა, რომ განათლების მინისტრის ფიცი – გამოცდებს უპრობლემოდ ჩავატარებო, სულ ტყუილად იწამეს, რადგან ბოლომ არა მხოლოდ გააკვირვა, არამედ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ხელისუფლებას. ამიტომ, შაშკინს სკამი კუთხეში დაუდგეს და გამოცდების ცენტრი მთლიანად პოლიციამ გადაიბარა.
უწყების რჩეულმა ან რიგითმა პირებმა იმ რისკების ჩამოწერა დაიწყეს, რაც თან ახლავს საგამოცდო პროცესს და რასაც დღემდე იქ მომუშავე ადამიანები საკმაოდ ეფექტურად უმკლავდებოდნენ. სია საკმაოდ გრძელი გამოდგა.
ამის მერე კიდევ უფრო გააქტიურდა სხვადასხვა ტიპის ზემოქმედება წასულ თანამშრომლებზე - თუ მანამდე ამ ხალხის დაბრუნება „ელექტორატისთვის საპატაკოდ“ იყო მნიშვნელოვანი, ახლა ამ გაუგერობიდან თავის როგორმე დასაღწევადაც საჭირო აღმოჩნდა.
მიუხედავად გამოყენებული ზომებისა, შედეგი დამამშვიდებელი არ აღმოჩნდა - ზემოქმედების მეთოდებმა უმეტესობაზე არ გაჭრა. ამის შემდეგ ხსენებული უწყებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ვერსიების დამუშავება და მომზადება, რომელთა შექმნა, სავარუდოდ 28 მაისს დაიწყო.
მოკლედ, თუ ხელისუფლება, გამოცდების ჩატარებამდე ან მსვლელობის და გასწორების პროცესში მიხვდება, რომ საქმეს თავს ვერ ართმევს და პარტიის დავალებას ვერ ასრულებს, „გამოამზეურებს“ უკვე შემუშავებულ ვერსიებს.
ბრალდებების რამდენიმე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ:
1. მაია მიმინოშვილმა ან მისმა რომელიმე თანამშრომელმა ტესტური დავალებები გამოაქვეყნა, რათა ზიანი მიეყენებინა ხელისუფლების მონაპოვრისთვის (იდავე მერე, რომ პოლიციასაც ჰქონდა ელექტრონული ვერსია ან ინგლისიდან ჩამოსული ტესტებიო).
2. კვლავ... მაია მიმინოშვილმა ან მისმა თანამშრომლებმა შეთქმულება მოაწყვეს და მავანთა (ალბათამ როლისთვის ვინმეს მოძებნიან) დახმარებით რომელიმე საგნის გამოცდა ჩააგდეს.
3. ქვეყნისა და პარტიის მტრებმა ხელი შეუშალეს ან ჩაშალეს ნაშრომების გასწორების პროცესი და კატასტროფის წინაშე დააყენეს ქვეყანა.
ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს - არც ფანტაზიას აქვს საზღვარი და თანაც, ამ საქმით ბევრი, არც თუ უნიჭო ადამიანია დაკავებული. გამორიცხული არ არის, რომ თანამშრომელთა უკან დაბრუნება რომელიმე ვერსიის გასააქტიურებლადაც არის გამიზნული. როგორც გინდა იყოს, ეს ადამიანები ვითარების ერთგვარ მძევლებად იქცნენ.
იმაზეც ითვას, თუ რას უნდა ველოდოთ, თუ მოახერხეს და ჩაატარეს გამოცდები: აბიტურიენტების შემთხვევაში ძნელია პროგნოზირება, თუმცა, შესაძლებელია სასწავლებლებმა საგნებში ჩაჭრილებიც მიიღონ, მაგალითად – ზოგადი უნარების ქულით. პედაგოგების დიდი ნაწილი, მიუხედავად კვალიფიკაციისა, მიიღებს სერტიფიკატებს, სანაცვლოდ კი ნაცმოძრაობა შემოდგომაზე მათ ხმებს დაითვლის.
ქვეყანა და ერი კი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს.
რას იმსახურებს ეს ქვეყანა? ამას ყველანი ერთად უახლოეს მომავალში ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში, სცენარი, რომელიც გვამცნეს, ერთ ფრაზაში შეიძლება ჩაეტიოს: „იმისთვის, რომ მათემატიკოსი გახდე, მათემატიკის ცოდნა არ არის საჭირო“.