რამდენიმე დღის წინ N17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პარიტმარი ვალერი ჯაფარიძე გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, პატიმრის ჯანრმთელობის მდგომარეობა ბოლო დრომდე უკიდურესად მძიმე იყო. 28 მაისს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ვალერი ჯაფარიძის სანახავად ციხეში მივიდა, სადაც მას განუცხადეს, რომ პატიმარი გარდაცვლილი იყო.
აღმოჩნდა, რომ ჯაფარიძე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა და ოჯახმა იგი დაკრძალა კიდეც, მაგრამ ადვოკატს ამის შესახებ არც ციხის ადმინისტრაციამ და არც გარდაცვლილის ოჯახმა შეატყობინა. ამიტომ, „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ჯაფარიძის ოჯახი დააშინეს, რათა მათ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინათ.
აქვე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი უკანასკნელ წლებში პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკაზე საუბრობს. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხრიდან 412 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2006-დან 2011 წლამდე ქართულ საპატიმროებში 653 პატიმარია გარადაცვლილი, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე ომის დროს გაწეული მსხვერპლი. უშუალოდ ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის დროს, ანუ 2010-2011 წლებში 282 პატიმარი გარდაიცვალა. ამასთანავე, ნანუაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებაც არ არის ჩატარებული. ამ სტატისტიკაში არ ასახულა მიმდინარე წელი, მაგრამ წელს უკვე რამდენიმე ათეული პატიმარია გარდაცვლილი.
„282 გარდაცვლილი პატიმარი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ ჩვენ ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ. მინდა გითხრათ, რომ გარდაცვალების ამდენი შემთხვევა არც ერთი წინა მინისტრის დროს არ ყოფილა“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
რაც შეეხება უშუალოდ გარდაცვლილ ვალერი ჯაფარიძეს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, დაკავებისას ჯაფარიძე პოლიციის ექვსმა თანამშრომელმა სცემა. გარდაცვალებამდე პატიმარი აცხადებდა, რომ ერთ-ერთი მათგანის ამოცნობა შეეძლო. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ცემისას მიღებული დაზიანებების შედეგად ვალერი ჯაფარიძე მუდმივად განიცდიდა ტკივილს თავის უკანა ნაწილში და საკვების მიღებისას დაკარგული ჰქონდა გემოს შეგრძნება. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ ჩატარებულა. აქვე ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ვალერი ჯაფარიძე ჯერ კიდევ დაკავების დროს ტუბერკულოზით იყო დაავადებული.
მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იყო გაგზავნილი, სადაც მის ინტერესებს ადვოკატი ნიკოლოზ ლეგაშვილი იცავდა. ადვოკატი ამბობს, რომ პატიმარს რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა, თუმცა პატიმრის ოჯახთან შეთანხების გარეშე ამ დაავადებების დასახელებისგან თავს იკავებს.
ვინაიდან, პატიმრის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ადვოკატმა მისი საქმე სტრასბურგში გაგზავნა და დროებითი ღონისძიება (სასჯელის გადავადება) მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის თქმით, მანამდე იგივე მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროსაც, ქართულ სასამართლოებსაც, მაგრამ უშედეგოდ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოასწრო, რადგან პატიმარი გარდაიცვალა, თუმცა ადვოკატი ლეგაშვილი ამბობს, რომ სტრასბურგიდან იყო მითითება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ პატიმრის მდგომარეობა გამოეწსორებინათ.
„იმ პერიოდში ვალერი ჯაფარიძე სასჯელს იხდიდა რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელიც დაკეტილი ტიპის დაწესებულებაა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, იგი სპეციალურ მკურნალობას საჭიროებდა. მოგვიანებით, იგი რუსთავის N17 სასჟელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც ნახევრად ღიაა, ანუ დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე მას ჰაერზე ყოფნის საშუალება ჰქონდა, რაც მისთვის ოდნავ გაუმჯობესებული მდგომარეობა იყო. თუმცა ჩვენ მის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებას ვითხოვდით“, - აცხადებს ადვოკატი ლეგაშვილი.
აქვე იგი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და პრაქტიკულად რვა თვეში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან კომუნიკაცია დასრულდა. ეს ისეთ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, როდესაც საქმის განხილვა საჩქაროა და სტრასბურგის სასამართლო მას პრიორიტეტს ანიჭებს. სხვა შემთხვევებში მხოლოდ კომუნიკაციის დაწყებას, მინიმუმ, ორი-სამი წელი სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც მოგახსენეთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვალერი ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოასწრო.
ადვოკატი ლეგაშვილი ამბობს, რომ ვალერი ჯაფარიძის დაავადებები ჩამოთვლილია სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებაში. დოკუმენტში განსაზღვრულია იმ დაავადებათა ნუსხა, რომელთა ქონის შემთხვევაში პატიმარი ექვემდებარება სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან განთავისუფლებას. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ვალერი ჯაფარიძე მისი სასჯელისგან განთავისუფლების შემთხვევაში საზოგადოებისთვის საშიში ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან მას რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა. აქვე იურისტი განმარტავს, რომ როდესაც ასე მძიმედ დაავადებულ პატიმარს სახელმწიფო სასჯელისაგან არ ანთავისუფლებს, რა თქმა უნდა, მან უნდა დაასაბუთოს, რატომ ეუბნება განთავისუფლებაზე უარს. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სასჯელაღსულების დაწესებულებაში მოთავსებული პირი სათანადო მკურნალობით უზრუნველჰყოს, რაც, რა თქმა უნდა, ჯაფარიძის შემთხვევაში არ გაკეთებულა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა ვალერი ჯაფარიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა) და მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) გათვალისწინებული უფლებების დარღვევის დადგენის მიზნით. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ჯაფარიძე დაკავების დღიდან იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. კერძოდ, იგი სარჩელში უთითებდა, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა სცემეს, რომელთაგაცნ ერთ-ერთის ვინაობას ასახელებდა და მისი თქმით, ეს იყო მურთაზ ჭკადუა. თუმცა ამ საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ ციხის ადმინისტრაციისა თუ სამინისტროს მოხელეთა მხრიდან კანონის უგულებელყოფის შემთხვევები, რამაც პატიმართა სიკვდილიანობა და სხვა სავალალო შედეგები გამოიწვია, უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო დამნაშავე პირები - დასჯილი. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი, სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ პატიმართა სიკვდილიანობა და მათი უფლებების მასშტაბური დარღვევები.