ქუთაისელ სტაჟიორთაგან ვის გაუღიმებს ფორტუნა და რეალურად ვინ დასაქმდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ სტაჟიორების დასაქმება მეტად იშვიათი შემთხვევაა, მით უფრო - პარლამენტში. ამასთან, ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ქუთაისელი თანამშრომლების აყვანა თბილისში მომუშავე კადრის ჩანაცვლების ხარჯზე მოხდება. ასე რომ, დასაქმებულთა ადგილმდებარეობის გადანაცვლებით, ჯამი არ შეიცვლება.
ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღესდღეობით საქართველოს პარლამენტის შტატი, დეპუტატების გამოკლებით, დაახლოებით 750-760 თანამშრომლით განისაზღვრება. ამდენად, „თუ ჩვენ 750-ივე ადამიანს გავათავისუფლებთ და ქუთაისში ამდენივე რაოდენობის თანამშრომელს ავიყვანთ, შედეგი რა იქნება ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის?!“ - კითხულობს პარლამენტარი.
„ამით დასაქმებულთა რაოდენობა მოიმატებს? რა თქმა უნდა, - არა. რამდენსაც თბილისიდან გაუშვებენ, იმდენს იქ მიიღებენ, ქუთაისში“.
ამასთან, დეპუტატს უტყუარი ინფორმაცია აქვს, რომ ამ 750 ადამიანიდან ძალიან ბევრი ფიზიკურად ვერ მიდის ქუთაისში, ბევრს არც უნდა წასვლა და სამუშაო ქალაქის შეცვლა. ცაგარეიშვილის თქმით, შეუძლებელია, თბილისში მცხოვრებ ადამიანს, რომელსაც ოჯახი აქ ჰყავს, დასაქმების საკითხი ასე უცებ გადაუწყვიტო და უთხრა, წაბრძანდი ქუთაისში და იქ გააგრძელე მუშაობა. დეპუტატის განმარტებით, ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ კი ვერ მიდის ქუთაისში, რომ არ მოსწონს ეს ქალაქი, ან არ უყვარს იმერეთი, უბრალოდ, ეს მათთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგან მათი მშობლები, ცოლ-შვილი თბილისში არიან. გარდა ამისა, იქ ცხოვრების პრობლემაცაა.
ვთქვათ, სამსახურს შეიცვლი და თბილისს ქუთაისით ჩაანაცვლებ, მაგრამ იქ სად უნდა იცხოვრო? როგორ უნდა გამოკვებო საკუთარი თავი? გეყოფა ის ხელფასი, რასაც პარლამენტი გაძლევს, რომ იკვებო კიდეც, იქვე ბინაც დაიქირავო და თანაც, თბილისში შენი ოჯახი გამოკვებო?!
გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ 750 ადამიანს სამსახურის დაკარგვა ელის და მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, ან წავლენ ქუთაისში, ან დაკარგავენ სამსახურს. თანაც, ქუთაისში მათ არავინ მისცემს გაზრდილ ხელფასს, სახელმწიფო არ აპირებს, მათ ბინა მისცეს, გამოკვებოს, შეუქმნას ნორმალური ცხოვრების პირობები. ამ დაპირებას არავინ იძლევა. მეტიც, გია ცაგარეიშვილი ამ 750 ადამიანიდან ვისაც კი გასაუბრებია, მომავალი ბედით ყველა მათგანი შეშფოთებული იყო.
„ისინი ამბობენ, რომ 4-5 კაცი უნდა შეამხანაგდეს, იქირაოს ოროთახიანი ბინა და ქუთაისში ბინის ქირა ერთობლივად გადაიხადონ. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში იქნებიან იქ ადამიანები? როგორც სტუდენტები, ისე იქირავებენ ბინას. ჩვენ ამას რომ ვამბობდით მთელი 2-3 წლის მანძილზე, გვეუბნებოდნენ, თქვენ რეგიონალიზმის, დეცენტრალიზაციის მომხრენი არ ხართო. რეგიონალიზმი და დეცენტრალიზაცია გამართული და დაწყობილი გამიგია და არა ისეთი, რომელიც ადამიანის მსხვერპლს მოითხოვს. ეს საქართველოს მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს“, - მიიჩნევს დეპუტატი.
იგი იხსენებს, რომ სტაჟირება საქართველოს პარლამენტში გამუდმებით მიმდინარეობდა. პარლამენტში მისი მოღვაწეობის რვა წლის მანძილზე მუდმივად ხვდებოდა ახალ-ახალ სტაჟიორებს. მეტიც, ამ პროგრამებს აცხადებდა რომელიმე კომიტეტი, მაგალითად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც იგი მუშაობდა, უამრავ სტაჟიორს გაუვლია, ასევე - არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ სტაჟირებას. მაგრამ სტაჟიორობა არ ნიშნავს, რომ სამსახურით გარანტირებული ხარ. ცაგარეიშვილის თქმით, გაივლი სტაჟირებას 3 თვის, 6 თვის, მაქსიმუმ, ერთი წლის განმავლობაში და შემდეგ სხვა სამსახურებში გადაინაცვლებ. თუ შენი პროფესიული უნარ-ჩვევებით ვინმეს თავი მოაწონე, შეიძლება, პარლამენტშიც იშოვო სამსახური, ოღონდ, ეს ათასში ერთხელ ხდება. ამდენად, დეპუტატის აზრით, ქუთაისელ სტაჟიორთა დასაქმება ბლეფია.
„ამჟამად ჩვენთან, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობაში“, სტაჟირებაზე არის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სტაჟირებას „ენდიაის“ მიერ გამოცხადებული პროგრამის მეშვეობით გადის, რაც ამ ორგანიზაციის მიერაა დაფინანსებული. თუმცა, ბევრი სტაჟიორი უფასოდ მუშაობს. ქუთაისში სტაჟიორთა მიღებაც დასაქმების ისეთივე იმიტაციაა, როგორც პარლამენტის გადატანა იყო იმიტაცია და დიდი ბლეფი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ იმერეთის მოსახლეობას თავს მოახვია. აქამდე ნაცმოძრობამ იმერეთს ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა, ათი წლის მანძილზე ამ ადამიანებს სიცრუით კვებავდა და ახლა სტაჟიორების ვითომდა დასაქმების პროექტიც ამ დიდი სიცრუის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ვთქვათ, სიტყვაზე, ქუთაისში დასაქმდა 200 ადამიანი, ეს საშველია? ეს არის უდიდესი გარღვევა დასაქმების სფეროში, თუკი თბილისის პარლამენტის თანამშრომლები ადგილებს დაკარგავენ? ეს არის უზნეობა, რასაც ამკვიდრებს სააკაშვილი ნაცმოძრობასთან ერთად“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის რაიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ახალ პარლამენტში ქუთაისლების დასაქმებას ეჭვით უყურებს. მისი აზრით, ქუთაისში ისეთი გაჭირვება და დასაქმების ისეთი დიდი სურვილია, რომ ადამიანები წამოეგებიან ამ ანკესს და სტაჟიორობის მსურველი ათობით და ასობით ადამიანი მივა ახლადგახსნილ პარლამენტში, თუმცა ეს მათ დასაქმებას არ ნიშნავს.
„ქუთაისლები ახალ პარლამენტში რომც დაასაქმონ, ეს არ არის ქალაქის პრობლემის გადაწყვეტა, ეს არის მიზერი. ისე, იქ ქუთაისლების მხოლოდ მცირე ნაწილს, ალბათ, სულ რაღაც 5-10 % მიიღებენ. ასე რომ, ქუთაისლების დასაქმება ისეთივე ბლეფი იქნება, როგორც მიშამ რომ გახსნა ავტოქარხანაში ეგვიპტელების საწარმო და გამოაცხადა, აქ დასაქმდება 20 ათასი კაციო. როგორ, საბჭოთა კავშირის დროს ავტოქარხანა როცა გუგუნებდა, მაშინ სულ 12 ათასი კაცი მუშაობდა და რაცხა მისი ტერიტორიის მეასედ ნაწილზე პატარა „ცეხი“ გაიხსნა და გვეუბნება, 20 ათასი იმუშავებსო?! ეს ხომ აპრიორი ზღაპარია?!
აქაც ქუთაისლებს მიზერულად დაასაქმებენ, მაგრამ მთავარი ის იქნება, რომ ყველა მათგანი ნაციონალი იქნება. დამისახელეთ მერიაში თუნდაც დამლაგებელი, რომელიც არაა ნაციონალური პარტიის წევრი. როგორც ჩეკის გათამაშებაზე ხდება, ყველამ ვიცით, რომ ვერ მოვიგებთ და მილიონში ერთია ეს მოგება (მე პირადად ადგილზევე ვხევ ჩეკებს), ამის მიუხედავად, ადამიანების უმეტესობა ამ ჩეკებს ამოწმებს“, - აცხადებს გოგი წულაია, რომლის თქმითაც, ქუთაისლების „დასაქმების“ არ იყოს, ქუთაისის პარლამენტარიზმის იდეა და აღლუმები რიგით ქუთაისლებზე არ აისახება.
„პარლამენტში თითო-ოროლა ქუთაისელის დასაქმება ნამდვილად არ შექმნის საზეიმო განწყობას. ისევე, როგორც ქუთაისლების 80 %-ს ნამდვილად არ ეზეიმებოდა აღლუმის დღე და, ადამიანობას ვფიცავარ, იმის შემსწრე ვარ, თუ როგორ მიჰყავდათ ავტობუსებით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, რათა იმიტაცია შეექმნათ, თუ რა განწყობაა ქალაქში. სანდო წყაროზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ 30-30 ლარს ურიგებდნენ ქუთაისის პარლამენტის წინ მდებარე ბინაში მცხოვრებ ადამიანებს, ნაცმოძრაობის აქტივისტებს, რომლებსაც ხმამაღლა უნდა ეყვირათ „მიშა-მიშა“, დადგმული იყო ეს სპექტაკლი. ავტოქარხნის რაიონი ჰქვია იმ ადგილს, ქუთაისის გარეუბანია და მხოლოდ და მხოლოდ, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა გაიგეს ეს „პარადი“ თუ აღლუმი, თორემ საღორიაზე, საფიჩხიაზე და ქუთაისის სხვა მოცილებულ უბნებში საერთოდ არ უგრძვნიათ, რა ტარდებოდა მათ ქალაქში. ხალხი არ მისულა პარადზე“, -აცხადებს გოგი წულაია Presage.tv-სთან საუბარში.
მისი თქმით, აღლუმი 18.00 საათზე იყო დაგეგმილი, არადა, ხალხი ბევრად ადრე, 13-14 საათზე მიჰყავდათ, ისინიც 4-5 საათი იდგნენ და ელოდებოდნენ აღლუმის დაწყებას. თანაც, ყველა მათგანი აღრიცხული იყო და პასპორტის მონაცემებით ჰყავდათ ჩანიშნული, ყველას ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ აუცილებლად მივიდოდა აღლუმზე.
„პირველი საშუალო სკოლის მასწავლებელს უსაყვედურეს, რატომ არ იყავი აღლუმზეო. მან უთხრა, არ მინდოდა და არ ვიყავი, არ მევალებოდა იქ მისვლა. დირექტორმა მოსთხოვა, ან წასვლის განცხადება დაწერე, ან ახსნა-განმარტება დამიწერე, რატომ არ მიხვედიო. მანაც კაცურად დაწერა, არ მიყვარს, არ არის ჩემი მოვალეობა მაინცდამაინც აღლუმებზე სიარული, ჩემი მოვალეობა ბავშვების აღზრდაა და მე ამას კარგად ვასრულებო. ასეთ პრობლემებს ქმნიან დღეს ქუთაისში“.