მარტო ოთახი, ბოლი და დრო...
მორჩა ზამთარი, გარეთ მარტია, ხან წვიმს, ხან თოვს...
ჩაი სიგარეტთან სიცოცხლეს მთხოვს
და მინდა, სულ გიყვარდე, ამიტანო დროდადრო.
ის გაზაფხული, შენ რომ დახატე,
მერე თანდათან შენ თვითონ წაშალე...
ხან წვიმს, ხან თოვს...
ბოლომდე მოგეფერე, ბოლომდე ამკრძალე,
ვიღაცას მოვწყინდი, ვიღაცა დავღალე
მერე სიმიც გაწყდა, ზედმეტად გავქაჩე,
ვიღაც ცოცხალია... მე დიდი ხანია დავკრძალე.
(ზურა ზაქარიაძე – თელაველი პაპა, “ტანგო და ვალსი“)
თბილისი, 3 ივნისი. გასულ კვირაზე ვფიქრობ და დღევანდელი საღამოს მოლოდინში ვარ. 10 საათზე შევჩუკი დაიწყებს, 8 საათზე იქ უნდა ვიყოთ ზვიადი, პაპა და მე. მანამდე ლუდს დავლევთ, მერე იქაც დავლევთ ლუდს და იმის მერეც დავლევთ. პაპა ექვსისთვის ჩამოვა. მანამდე უნდა გავიხსენო ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში... ორასიათასიან კვირაში.
რამდენი კაცი იყოო... ბევრი იყო, თითო უდრიდა ოცს, თითო მოსულზე ოთხი ვერწამოსული უნდა ვიანგარიშოთ და კიდევ 16 ისეთი, ვისაც ნაცმაცკაცუნების ისე აღარ ეშინია, ან საერთოდ აღარ ეშინია და შიშის ძლევიდან მტრის ძლევამდე ხომ ერთი ნაბიჯია?
სამის ნახევარია. „გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ხვალ, 5 500 მეტრზე მძლეოსნური გარბენი“ ალბათ უკვე დასრულდა. ვიცოდი, რომ უნდა გამართულიყო – ხაჩიძის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, „ინტერპრესნიუსმა“ მე გადმომცა და დასძინა – ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დაესწრებაო.
გაიქეცი, გოგა, შენც გაიქეცი. დაჰკარი დაფდაფებს და გაიქეცი. გაიქეცი და თან წაიღე! გაიქეცი, თორემ აგერ, გუშინ... „ბათუმში, გმირთა მოედანზე, იუნკერთა საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე ღობის დემონტაჟი მიმდინარეობს“–ო და ასეთი რამეების შემდეგ ისეთი მოსახდენი ხდება, ისეთი ვიწრო წყდება, ისეთი დაჟეჟილი ტყდება, ისეთი ამბები სკდება... მაგალითად: „ქაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. იგი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მკვლელობაშია დადანაშაულებული. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ანალოგიური ბრალდებით ასევე დაკავებულია ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ხაბიბ ალ-ადლი, რომელსაც სასამართლომ ასევე სამუდამო პატიმრობა შეუფარდა“.
ჰააა, ნაცკაცუნებო, იყნოსეთ პალასატი ბუზი?! რაო?.. რისთვისო? წაიკითხეთ: „ტურიზმის კვირეულის ფარგლებში დღეს CENN, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად, საზეიმოდ გახსნის საპილოტე პროექტს – „ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ“.
როგორც „ინტერპრესნიუსს" კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან (CENN) აცნობეს, პროექტი გულისხმობს ჩხავერის უნიკალური ჯიშის ვენახების გაშენებას სოფელ მერისის მიკროზონაში, რაც ეროზირებული ფერდობების სტაბილიზაციას უზრუნველყოფს“.
„ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ“ – რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ეს პროექტი რომ დაიწყოს, ჯერ ის პროექტი უნდა დასრულდეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩხავერის წინააღმდეგ“ რომ ჰქვია.
„ჩხავერი ერთიანი ნაციონალური მეწყერის წინააღმდეგ“ – მე და ჩემი მეგობრები დღესდღეობით ამ პროექტს ვახორციელებთ და სასიამოვნოა, რომ გასულ კვირაში ჩვენი რიგები ახალი თანამოაზრეებით შეივსო. ისინი ყოფილი გამომცდელები არიან, ანუ – არც ისე გამოუცდელები.
მე ვიცნობ მაია მიმინოშვილს და სულაც არ გამკვირვებია ის, რაც გასულ კვირაში მოხდა. არ გამკვირვებია, რადგან სად – მიმინო და სად – დიმშაშკა და „კოკა–კოლა ბოთლერს სეფერთელაძე“! მოსახდენი აუცილებლად ხდება, გასატეხი ტყდება და ამბები სკდება: მედროვეთუხუცესმა გიგი წერეთელმა – თუ საჯარო სამსახურში მუშაობ, მიტინგზე რა გინდაო! მერე კი იხადა ბოდიშები, მაგრამ ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა, პაატა კურტანიძე ყველას გაყიდიდა და თავისთვის აღარ დაიტოვებდა, თუნდაც იმიტომ, რომ, ბოდიში და, ბოდიში ყველასგან არ მიიღება.
ყველასგან ყველაფერი არ მიიღება და პირადად მე სრული უფლება და საფუძველი მაქვს იმისთვის, რომ სოროსის ფონდის ხელმძღვანელის, ქეთი ხუციშვილის აღფრთოვანება – „გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ნაბიჯი გადადგეს“ – ჩემებურად მივიღო. ახლა არ დავკონკრეტდები, მაგის დროც მოვა.
გოკა გაბაშვილი სოროსის ფონდის ყოფილი მაღალჩინოსანია, მაგრამ მიმინოშვილის გუნდთან დაკავშირებით ზუსტად ისეთი განცხადება გააკეთა, როგორი განცხადებაც სოროსის ფონდის მოქმედ მაღალჩინოსანს შეჰფერის: „გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებზე ზეწოლა არ ხორციელდება“.
ეჰ... თავის დროზე ზოგ–ზოგიერთებისთვის საკუთარ ცოლებზე ზეწოლა რომ აეკრძალათ, რამდენი იდიოტით ნაკლები იქნებოდა...
„დიმიტრი შაშკინსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილს შორის დაპირისპირება ათი თვის განმავლობაში გრძელდებოდა , - ამის შესახებ განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პოტრჟებსკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
...რამდენი უზრდელით და თავხედით ნაკლები იქნებოდა...
ეს, მერე იყო, ყველა ძაღლმა და ღორმა პირი რომ მოაღო – მიმინოშვილი ერის, ბერის და დემოკრატიის მტერი იყო და იმიტომ მოხსნესო, თორემ მანამდე, სანამ ამბავი თონიდან ახალი ამოსული იყო, საპარლამენტო უმრავლესობა (არადა, მხოლოდ უმცირესობებს წარმოადგენენ) გოკა გაბაშვილის ხელებს ასავსავებდა და მისივე პირით ამბობდა – მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთო.
სააკაშვილი ფლობს გაბაშვილს და, რა თქმა უნდა, ხვდებით, რას ფლობს თავად გაბაშვილი და მასთან ერთად, ხათუნა ოჩიაურიც. ოჩიაურის შესახებ ასეთი ნიუსი იყო: „პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ირინე ქურდაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი, მისი მოადგილე ხათუნა ოჩიაური და საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა დაინახეს გაბაშვილის კაბინეტში შესული და გამოსული ირინე ქურდაძე, ხათუნა ოჩიაურმა აღნიშნული შეხვედრა უარყო და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ოთახში ქურდაძე არ იმყოფებოდა და მას „სხვა ქალთან“ ჰქონდა შეხვედრა“.
სხვა ქალთან ჰქონდა შეხვედრა და გოგორიშვილმა შეუსწრო... რამდენი ქათამით ნაკლები იქნებოდა...
კოკა–კოლა სეფერთელაძის წარბებში სამყაროს მთელი სევდა იკითხება – ბიძია თომას ქოხი, შავყურა თეთრი ბიმი, ჯეინ ეარი, კონსტანცია ბონასიე... კოკა–კოლა სეფერთელაძეს გასულ კვირაში სევდა უფრო მეტად მოეძალა – გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს და დაიბნა. ახლა, იკითხავთ, რამ დააბნიაა ამხელა ბრენდიო... კი, სეფერთელაძე მინისტრის მოადგილეა და მის თანამდებობას ასე ჰქვია – „განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე“. მოვალეობის შესრულებაზე არაფერია ნათქვამი და მხიარული „ფანტასა“ და ღირსეული „სპრაიტის“ მეგობარი სწორედ ამან დააბნია და უარესად დაასევდიანა – მოვალეობის შემსრულებელიო. დაიბნა, მაგრამ არ დაიბნა – სახელმწიფო არის იმის გარანტი, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ისე, როგორც მას ეკადრებაო.
სახელმწიფოსაც გააჩნია...
თუმცა, კოკა–კოლასთვის ყველაფერი კარგია, რაც კოკა–კოლასთვის კარგად სრულდება – მისთვის ესოდენ მტანჯველი განცდა,“მოვალეობის შესრულება“, ერთ დღე–ღამეში დასრულდა, ანუ – ერთ „სუტკაში“, როგორც იტყოდა მხიარული „ფანტას“ სევდიანი მეგობარი, დიმიტრი შაშკინს ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად რომ დაენიშნა.
„სახელმწიფოს მხრიდან მე ვიქნები იმის გარანტი, რომ მისაღები გამოცდები ხარვეზების გარეშე ჩაივლის. მე ვიქნები გამოცდების პირველი „დამცველი“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ, დეკანების შთამომავალმა, ყოფილმა რექტორმა და სწორადაც აღნიშნა. სახელმწიფოს მხრიდან გარანტი ვიქნებიო – პოლიციურ სახელმწიფოში ამის თქმის უფლება მხოლოდ პოლიციელს შეიძლება რომ ჰქონდეს და „ვისაც სურს სამსახურში დარჩენა, დარჩება. ვისაც არ სურს, რომ ჩვენთან ერთად გააგრძელოს მუშაობა, წავა. ესაა თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, არავინ არავის არაფერს აძალებს. ასე რომ, ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ“ – უმუშევრებით სავსე ქვეყანაში ამას მხოლოდ პოლიციური სახლმწიფოს ხერხემლის ერთ–ერთი მალა თუ იტყვის.
„რასაკვირველია, ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც სიახლეების დანერგვაში დამეხმარებიან... მე ამაყი ვარ, რომ დიდი მუშაობის შედეგად პოლიციის აკადემიამ და შსს-მ დიდი წვლილი შეიტანეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმის დანერგვაში. ვგულისხმობ განათლების სისტემაში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას“ – აღნიშნა ხატიამ და ამ სიტყვებთ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიციის გარდა ყველა და ყველაფერი ახატია. გუნდიო... ბანდა უნდა ეთქვა – კოდლა, კუტოკი, სასტავი, შაიკა, შანტრაბა... შეცდომაა – „თანამოაზრეები“, სწორი – „პადძელნიკები“.
კუდი აუწიაო – იტყვიან, და ხატიას მომავალი შაშკინმა დაგვიხატა: „დარწმუნებული ვარ, ხატია დეკანოიძე ახალ ეტაპზე გადაიყვანს განათლების სისტემას“.
ახალი ეტაპით გადაიყვანსო – ალბათ, ამის თქმა უნდოდა შაშკინს. ჯერ კიდევ ციხეშია... და განა მხოლოდ შაშკინი! ნახეთ: „განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი სკოლის ატესტატების იუსტიციის სახლებიდან გაცემის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას „ერთი სარკმლის“ პრინციპის დამკვიდრებით ხსნის. როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა...“
„ერთი კარმუშკის პრინციპიო“ – გაბაშვილს ამის თქმა უნდოდა და უკვე წარმოდგენილი მაქვს დიიიდზე დიდი საკანი, ათასამდე პატიმარი, ერთი სარკმელი... გავხსნათ სარკმელი და შევიჭყიტოთ – დიიიდზე დიდ პარაშას გარშემო უსხედან კობა ხაბაზი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი, გოკა გაბაშვილი... იქვე კუთხეში ასაკოვანი მამაკაცი მიმჯდარა და „გერმანულ–იტალიური ლექსიკონის“ შედგენით არის დაკავებული. “პაპაშა, ა ვამ ნი კაჟეტსა, ჩტო ვაშა მესტა ვოზლე პარაში?“ – ეკითხება გოკა მამაკაცს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „ელჩი კოტეს“ სახელით არის ცნობილი... მომიჯნავე საკანი ქალებს დაუკავებიათ. ხათუნა ოჩიაური „სხვა ქალების“ გარემოცვაში იმყოფება. „აირჩიე“ – სთავაზობს მას მწვანე–ხათუნი (ხათუნა გოგორიშვილი). „ავირჩევ, მაგრამ არ გამიყალბო – ცრემლი ერევა ხათუნას – ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო...“
რაღაც ძალიან ბევრი დრო და სივრცე მივუძღვენი გამოცდების ცენტრში დატრიალებულ დრამას, მაგრამ ერთია – ამბავი და მეორე – მონაწილეთა რაოდენობის ჩამონათვალი. ჩამონათვალი კი, დამეთანხმებით, საკმაოდ სოლიდური გამოვიდა. მარტო გოკა გაბაშვილი და ქეთი ხუციშვილი რად ღირდა და ხათუნა ოჩიაური და მისი „სხვა ქალი“ რად ღირს!
ახლა – სხვა ამბები.
სააკაშვილმა ყველის ქარხანა დაათვალიერა. „ჩვენი ყველი უნდა გადიოდეს ქსპორტზე. საფრანგეთს თუ გააქვს, ჰოლანდიას თუ გააქვს, ჩვენ რატომ არ უნდა გაგვქონდეს?“ – ტუჩები გამობურცა და თვალები ცრემლებით აევსო პრეზიდენტს, რომელიც საერთოდ არ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. არადა, მართლაც საწყენია, მაგრამ აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია. მალე დადგება დრო – შეიცვლება ხელისუფლება, ამჟმინდელები გაფრინდებიან. წავლენ ნაციონალები, წავლენ ეროვნულ–დემოკრატები, წავლენ გიორგი თარგამაძეები, წავლენ ლეიბორისტები...
და ჩვენ ამაყად ვიტყვით, რომ საქართველო არის სირების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მსოფლიოში.
წავლენ მედროვეთუხუცესის ქვეშევრდომები – წვრილ–წვრილი მედროვეები...
და ჩვენ ამაყად ვიტყვით, რომ საქართველო არის კვერცხების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მსოფლიოში.
გაფრინდება ბაქრაძე, გადაუფრენს ნილოსს და ნიანგებს გზას შეეკითხება. ნიანგებს გაახსენდებათ ანეკდოტი და ჰკითხავენ, მეორე ქლიბი სად არისო. მარტო ვარო – ეტყვის ბაქრაძე, რომელიც გასულ კვირაში გორს ეწვია და უნივერსიტეტი და წისქვილკომბინატი დაათვალიერა. „თქვენ სწორედ ის თაობა ხართ, რომელმაც უნდა დაასრულოს ქვეყნის აღმშენებლობა, პრობლემების მოგვარება და ფეხზე დადგომის პროცესი“ – მოატყუა სტუდენტები და „ჩვენს ფერმერებს ერთი მთავარი პრობლემა მოეხსნებათ, რომელიც მოყვანილი მოსავლის ნორმალურ პირობებში შენახვას და გადამუშავებას უკავშირდება“ – გააცუცურაკა ფერმერები.
გასულ კვირაში სააკაშვილმა ანაკლიაში ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი გახსნა. მომავალ კვირაში ვილნიუსში სააკაშვილის სახელობის საუნა გაიხსნება.
გასულ კვირაში სააკაშვილმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – „საქართველოს“ (MCA – Georgia) შექმნა, მაგრამ უკვე შექმნილია „ათწლეულის იმედგაცრუების“ ფონდი და ამ ფონდში გვიან, მაგრამ მაინც, გაწევრიანდა ყოფილი კომუნისტი, ყოფილი ზვიადისტი, ყოფილი შევარდნაძისტი და გასული კვირიდან მოყოლებული ყოფილი მიშისტი, ვანის სამისდღემჩიო მაჟორიტარი, ბეჟან ხურციძე, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ისეთ მამულიშვილურ საქმეს, როგორიც არის აკადემიური ნიჩბოსნობა და „გრებლია ნა ბაიდარკახ ი კანოე“. ხურციძე ფედერაციის პრეზიდენტი იყო... ეს ფედერაცია ჯერ კიდევ იაზონმა შექმნა და მას შემდეგ სულ ხურციძე იყო პრეზიდენტი. სხვათა შორის, ვანის მაჟორიტარადაც მაშინ აირჩიეს და მას შემდეგ აღარ გადაურჩევიათ.
როგორც ხურციძე აცხადებს, იგი მზად არის გვერდში დაუდგეს ბიძინა ივანიშვილს და თანახმაა ამისათვის უდიდესი მსხვერპლიც გაიღოს – კენჭი იყაროს ვანის მაჟორიტარად.
რადგან იაზონი ვახსენეთ... ნიუსს ასე ერქვა – „პრეზიდენტი პარლამენტის ქუთაისში გადატანას ამირანის მიერ ღმერთისთვის ცეცხლის მოტაცებასთან აიგივებს“ და ასე ეწერა: როგორც მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, ახლად გახსნილ საავადმყოფოში სტუმრობისას განაცხადა, ამ ნაბიჯით პოლიტიკური ძალაუფლება ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ერთსა და იმავე ცხვირაწეულ ხალხს გამოსტაცეს. „მათ არ უყვართ არც ქუთაისელი, არც ზუგდიდელი, არც საგარეჯოელი, არც გლდანელი, არც ვარკეთილელი, არც ვაზისუბნელი, არც თავისი მეზობელი და თავისი თავიც მაინც და მაინც არ უყვართ. მთელი ცხოვრება ზემოდან ქვემოთ დაჰყურებდნენ თავიანთ ხალხს. პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლით ამ ჯგუფს პოლიტიკური ხელისუფლება გამოვტაცეთ. ყველაფერი იყო ერთ ადგილზე და წყდებოდა იმ ქუჩაზე. სამოქალაქო ომიც კი იყო იმ ერთი მუჭა ხალხის შიგნით გადაწყვეტილი. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხებოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა“.
და კიდევ: „სააკაშვილმა ის ოპონენტებიც გააკრიტიკა, რომლებსაც პარლამენტის თბილისში დარჩენა სურთ და ამბობენ, რომ დეპუტატები აუცილებლად დაბრუნდებიან. „ერთმა ჩემმა მეგობარმა მინისტრმა ქუთაისის პარლამენტის ნახვის შემდეგ თქვა - უკან დამბრუნებლისო... ოღონდ უხეშად თქვა და არ გავიმეორებ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და იქვე განმარტა, რომ ეს მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი არ ყოფილა, რადგან ის ძალიან ზრდილობიანია“.
სად ყავს სააკაშვილს მეგობრები?! სააკაშვილს ყავს პოტენციური თანამესაკნეები – საკამერნიკები. გაივლის დრო და საკანში ქლიბით ხელში მჯდარი სააკაშვილი გაიხსენებს, როგორ მოუწოდა ლატვიელ ბიზნესმენებს, ლაზიკაში ინვესტიციები ჩადეთო და როგორ მიიღო მათგან პასუხად: „ჩვენ მხოლოდ რეალურად არსებულ ქალაქებში ვმუშაობთ.უმალ ატლანტიდაში ჩავდებთ ინვესტიციებს და, ეგეც რომ არ იყოს, ტროაც აქვეა“.
„საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ახლად გახსნილი საავადმყოფოს თანამშრომლებს კოცნისგან თავშეკავებისთვის მოუბოდიშა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მესამე დღეა გაციებულია, თუმცა ახლად გახსნილ საავადმყოფოში სამკურნალოდ არ ჩასულა. „ჯერ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს არ მივმართავ ამ კლინიკაში. თუმცა, მთავარი, რაც იცვლება, არის ის, რომ ამიერიდან პრეზიდენტიც, მინისტრებიც, მილიონერებიც და ყველა - ავანგარდის, საფიჩხიის, ავტოქარხნის მცხოვრები თანასწორია. ყველა ვიქნებით ერთნაირ პალატებში, ერთნაირ კლინიკებში“ – სააკაშვილი აუცილებლად გაიხსენებს ამ ნიუსს, ჯიბიდან ქლიბს ამოიღებს, დახედავს და გაიფიქრებს: „ხომ მიფრინავდი? გაფრენილიყავი! რა ჩემ... მინდოდი?!“
აი, იმ მრავალწერტილს არ გავშიფრავ, რადგან მართლა ზრდილობიანი ვარ, თუმცა, ვაღიარებ, ხანდახან – ძალიან უხეში.
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხათუნა ოჩიაური დღევანდელ აქციას, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთ შედეგად მიიჩნევს. როგორც ხათუნა ოჩიაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და დღევანდელი მშვიდობიანი აქცია არც პირველი იყო და არც ბოლო“ – მოდი და, ნუ იქნები უხეში, მაგრამ იქნებ ოჩიაურს უხეშობა უყვარს და მაშინ, გავნაზდები: “სარკეში ჩაიხედე, ცუნცულ“.
ვსო!!! გავიქეცი – პაპამ დარეკა, შევჩუკი გიტარას აწყობს. ორივე თბილისშია.
ხათუნა ოჩიაური სხვა ქალს ხვდება. ჰალსტუხიანი ხვლიკი ხვდება ქლიბს.
ჩვენ მათ საკნებით ვუზრუნველვყობთ და სწორედ ეს იქნება „ვარდების რევოლუციის“ ერთ–ერთი შედეგი.
პ.მ. (პაპა მაგარია) ამიტომ, გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებას ვეცეკვო ვალსი,
ხან მოვეფერო, ხან ნატკენმა გავუყარო თვალები თვალში,
მე გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებას ვეჩხუბო ხალხში,
თავი დამანებე, მეყო სიზმრები, რაც მოხდა ცხადში.
ხანდახან მინდა ჩემს სიცოცხლეს დავუკრა ტაში,
შორს წასულ ფრინველს როცა მოვხსნი და ფარფატით ეშვება კადრში,
ალბათ ამიტომ მეცა მკლავენ, როცა ვარ ცაში,
და მაინც უნდა ვეცეკვო ჩემს ცხოვრებას ტანგოც და ვალსიც.
(ზურა ზაქარიაძე – თელაველი პაპა, “ტანგო და ვალსი“)
http://radio.ge/index.php?page=album&album=13097&startl=0