„მე დავბრუნდი!“

„მე დავბრუნდი!“

აბრეშუმის ჭია თავის გარშემო ქსოვს პარკს და სრულიად გამოკეტილი რჩება. თუმცა ამით არაფერი მთავრდება და იქიდანაც ახალი სიცოცხლე იწყება, პეპლად ქცეულმა აბრეშუმის ჭიამ, შეიძლება, გამოჭრას კვერცხი და ფრთაშესხმული გამოფრინდეს, - ასეთია ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შეხედულება ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან მიმართებით. მისი აზრით, დანებება არ ღირს და ადამიანი, ყველა შემთხვევაში, უნდა წამოდგეს.

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ ორგანიზებით, „თბილისი ცენტრალში“ წარსულში ნივთიერებაზე დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „მე დავბრუნდი“ გაიხსნა. წამალზე დამოკიდებულებისგან თავდაღწეული და რეალობაში დაბრუნებული ადამიანების შემოქმედებას უამრავი დამთვალიერებელი ელოდა. გამოფენაზე პაციენტების მიერ 6 თვის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომლითაც ისინი ყველაზე მკაცრ საზოგადოებასთანაც კი კონტაქტის დამყარებას შეეცადნენ. თავის მხრივ, საზოგადოებას მიეცა შანსი, დაენახა პიროვნების რეალური სახე და სიღრმე და ზედაპირულად აღარ განესაჯა ეს ადამიანები მათი დაავადების გამო.

ექსპოზიციაზე ერთმანეთს ცვლიდა ინსტალაციები, პეიზაჟები, ნატურმორტები, მინანქრის ნაკეთობა, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ამ ექსპონატების შემქმნელი პაციენტები გასაგებ მიზეზთა გამო ერიდებოდნენ ჟურნალისტებთან ურთიერთობას, თუმცა დაუფარავად გამოხატავდნენ მადლიერებას ნათია ფანჯიკიძის მიმართ, რომელიც არა მარტო მათ განკურნებაზე ზრუნავდა, არამედ მათ ახალი პროფესიის ათვისებაში ეხმარებოდა. თავად ნათია კი აღნიშნავდა, რომ, მართალია, ნარკოტიკი აზიანებს ემოციასა და ფანტაზიებს, მაგრამ მისმა პაციენტებმა დაამტკიცეს, თუ რა პროგრესი განიცადა მათმა სულმა. გამოფენას ცნობილი ადამიანები, ფსიქოლოგები, ნარკოლოგები, ჩვეულებრივი მოქალაქეები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. აქ არ ყოფილა ირაკლი ალასანია, ნათია ფანჯიკიძის მეუღლე, რადგან ფსიქოლოგს არ სურდა, თავისი პროფესია პოლიტიკასთან რამენაირად დაეკავშირებინა. 

Presage. Tv გამოფენის ორგანიზატორს ნათია ფანჯიკიძეს და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა.

ნათია ფანჯიკიძის თქმით, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარაში“, მათი მწირი შესაძლებლობიდან გამომდინარე, სულ 30 პაციენტია, მაგრამ სამწუხაროდ, ცენტრს დახურვა ელის, რადგან გრანტი ამოიწურა. ამდენად, ისინი  ერთგვარი ანგარიშით წარდგნენ მათი დამფინანსებლის, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსა“ და შეკრებილი საზოგადოების წინაშე. ნათია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ, მართალია, მათი ცენტრის მიმართ სახელმწიფოსგან ზეწოლა არ ყოფილა და ამის გამო იგი მადლიერიცაა, მაგრამ მათი მხრიდან არც დახმარება მიუღიათ.

მაშინ, როცა ხელისუფლება გამუდმებით რეაბილიტაციაზე საუბრობს, მან წერილი მისწერა ჯანდაცვის მინისტრს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს პროფესიას, საკუთარ თავს და ჩემს პროფესიას ვმიჯნავ პოლიტიკისგან. როგორც ხედავთ, დღეს აქ ჩემი მეუღლე არ არის, სწორედ იმიტომ, რომ ჩემი პროფესია თავისი არსით ძალიან აპოლიტიკურია და თავად მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდეს, მე მას ისევე უნდა მოვემსახურო, როგორც ყველა სხვას“.

ნათია ფანჯიკიძე გაურკვევლობაშია, რადგან არ იცის, სად წავლენ მისი პაციენტები. ეს მაშინ, როცა მათი ნაწილი უკვე ფეხზე დადგა და დაუბრუნდა პირვანდელ ცხოვრებას, მათ იშოვეს სამსახური, ზოგიერთმა ისწავლა ტიხრული მინანქარი, სახლშიც აქვთ ღუმელები და იქ მუშაობენ. თუმცა ფანჯიკიძეს ადარდებს იმ პაციენტთა ბედი, რომლებიც ცენტრის დახურვას პირად ტრაგედიად მიიჩნევენ.

„სანამ მათი მხრიდან სიტყვა - „რა მეშველება“ მესმის, ძალიან ვნერვიულობ. ჩვენ ხომ 20 წლის განმავლობაში სტრესულ გარემოში ვცხოვრობდით და პოსტ-ტრავმული სტრესი არ ჩამოგვყალიბებია, რადგან მუდმივად სტრესშია საზოგადოება. სტრესები ყოველთვის აძლიერებს ნივთიერებაზე დამოკიდებულებას. თუ სიგარეტს ეწევით, გამოცდილი გექნებათ, რომ, როცა რაღაცაზე ღელავთ, უფრო მეტს ეწევით“.

ამასთან, ნათია ფანჯიკიძე საინტერესო მონაცემებს გვიმხელს. უცხოელებისგან განსხვავებით, თურმე ჩვენი ორგანიზმი გენეტიკურად ვერ იტანს ამ ნივთიერებებს, ქართული გენეტიკა არამდგრადი აღმოჩნდა ნარკოტიკის მიმართ და 100-დან 99 ადამიანი აუცილებლად ავადდება. ეს მაშინ, როცა ქართველები ალკოჰოლიზმით ასეთი ინტენსივობით არ ავადდებიან.

ბასა ფოცხიშვილი მიიჩნევს, რომ არტთერაპია მთელ მსოფლიოში სერიოზული თერაპიაა, ამდენად, ნათია ფანჯიკიძე კეთილშობილურ საქმეს ემსახურება და ამ დარგის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია, რაც მან საკუთარ თავზეც გამოსცადა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების დროს მისთვის ხშირად დაურეკავს.

„ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მოხდა ისე, რომ ეს ადამიანები მძიმე ავადმყოფები გახდნენ. ამის შემდეგ იწყება მათი თვითრეალიზაცია, თვითგამოხატვა, იმ ფანტაზიისა და ნიჭის გაღვივება, რაც მათში წლების მანძილზე მიძინებული იყო. ყველა ნამუშევარი საუკეთესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით ჭუპრიდან ამოფრენილი პეპელა მომეწონა. საერთოდ, საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ფსიქიატრია იყო განვითარებული, ახლა კი ეს დარგიც ვითარდება. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირი არ ცნობდა ისეთ დაავადებას, როგორიც ნარკომანიაა. მასში მხოლოდ დანაშაულს ხედავდა და არა დაავადებას“.

ჯანსუღ ჩარკვიანი აღფრთოვანებას ვერ მალავს და მიიჩნევს, რომ ხელოვნების ასეთი ნიმუშების შექმნა ნარკომანებს, ალბათ, არ შეუძლიათ და ეს მხოლოდ გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ხელეწიფებათ.

„ვფიქრობ, ისინი წარსულში იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებელნი და ახლა სხვა გზას დაადგნენ. ეტყობა, ნებისყოფიანი ხალხია და მიხვდნენ, რომ თავიანთი შემოქმედება სჯობს იმ უბედურებას, რასაც ნარკომანია ჰქვია. ძალიან მომწონს კენჭებთან მჯდარი ჩაფიქრებული კაცის ფიგურა. სევდიანია, მაგრამ მომწონს. მთავარი აქ არის ნათია ფანჯიკიძე, ეს ქალბატონი, როგორც მეცნიერი, დახვეწილი პიროვნება, ყველაფერს მიაღწევს. არ გინდა მოიფიქრო ასეთი გამოფენის ჩატარება?! ბევრჯერ მითქვამს, შეიძლება, ნარკომანობა ავადმყოფობაა, მაგრამ საკუთარი ნებით შეძენილი უბედურებაა, თავიდანვე არ უნდა იკადრო ეგ ამბავი. მაგრამ მე ის მიხარია, რომ ამ შემოქმედმა ადამიანებმა მიატოვეს ეს უბედურება, ნარკოტიკზე დამოკიდებულება გადალახეს და ასეთი გამოფენა მოაწყეს, რომლის ანალოგიც მე მსოფლიოშიც არ გამიგონია, არამცთუ საქართველოში“, - გვითხრა ჯანსუღ ჩარკვიანმა. 

„ჭუპრიდან ამოსული პეპლის“ ავტორი დავით მარდალეიშვილი ნამუშევარზე მუშაობის პერიოდს იხსენებს, რამაც მას დიდი სიამოვნება მიანიჭა. იგი თავის ჩანაფიქრსაც გვანდობს. კერძოდ, მისი ნამუშევარი სიმბოლურად თურმე იმას გამოხატავს, რომ ადამიანმა ყველაფერში ლამაზი უნდა დაინახოს.

„ჭუპრი ხომ არაფერი არ არის და ამ დროს კი მისგან პეპელა ამოდის, ასეთი ლამაზი არსება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანსაც ყოველთვის შეუძლია, სილამაზის შექმნა. იდეა სპონტანურად დამებადა და ერთი თვის განმავლობაში ვიმუშავე. კმაყოფილი ვარ, რომ ცენტრ „კამარაში“ მივედი, სადაც კვალიფიციური ექიმები, ფსიქოლოგები მუშაობენ, თვითონ ნათია არის ძალიან კარგი ორგანიზატორი და ფსიქოლოგი. ხელოვნების ნიმუშების შექმნა ჩვენი თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თორემ, ისე, იოგათიც ვმკურნალობთ და სხვა საშუალებებითაც. მრავალი პროცედურაა“.

ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილზე რამდენიმე ნამუშევარმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა მათ დაკონკრეტებას არ აპირებს, რადგან ამ ადამიანების შემოქმედება მთლიანობაშია შთამბეჭდავი.

„ჩვენ დავრწმუნდით, თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას. არტთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენის მქონე მიმართულებაა. ნათია ამის უბადლო სპეციალისტია და სერიოზული შედეგები აქვს. თითოეული ნამუშევრის ავტორი კიდევ ერთ პიროვნულ საყრდენს შეიძენს, რაც მისი შემდგომი წინსვლისა და  მდგომარეობის სტაბილურობის წინაპირობა იქნება“.  

მომღერალი მაია ბარათაშვილი ასეთი გამოფენის მოწყობას დიდ ქველმოქმედებად, ადამიანებისთვის გაღებულ სულის ნაწილად განიხილავს, რომლის დროსაც პაციენტებმაც გამოხატეს მადლიერების გრძნობა და თავიანთი სულის ნაწილი ამ ფორმით დაგვიბრუნეს.

„მადლობას ვუხდი ნათია ფანჯიკიძეს, რადგან, როცა ადამიანს საშუალება ეძლევა, საკუთარი სამყარო სხვა ადამიანებს გაანდოს, მით უმეტეს, რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ეს ძალიან იშვიათია. კლინიკა „კამარამ“ ნიჭიერ ადამიანებს საშუალება მისცა, გამოეფინათ საკუთარი ნამუშევრები და გაეზიარებინათ თავიანთი გულისტკივილი და მიღწევები სხვა ადამიანებისთვის“.

მსახიობი ნატა მურვანიძე ყველა ნამუშევარში დიდ ენერგიას, შრომასა და უწყვეტ პროცესს ხედავს. მისი აზრით, ამ ნამუშევრების უკლებლივ ყველა ავტორი ვერ გახდება სკულპტორი და მხატვარი, მაგრამ შემოქმედების პროცესი ძალიან საინტერესოა.

„თბილისი ცენტრალის“ მარკეტინგის დირექტორის დეა მაჭავარიანის თქმით,  როდესაც მათ ამ ადამიანების ნამუშევრები იხილეს, იმდენად გაოცდნენ მათი ფანტაზიითა და რუდუნებით შექმნილი თითოეული ექსპონატით, რომ მაშინვე დათანხმდნენ და საკუთარი სივრცე უსასყიდლოდ დაუთმეს.

„მეც მაქვს ჩემთვის გამორჩეული ნამუშევარი „ვალსი ა მაჟორში“, - ასე ჰქვია ამ ნამუშევარს. ესაა ადამიანი, რომელიც ზღვის ტალღებში მაჟორებს „ჩაავლებს“... ასე აღვიქვი მე პირადად. ასეთივე პროფესიული ხედვითაა შესრულებული მინანქრის ნაკეთობები, რომლის გაყიდვაც მიმდინარებს“.

ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე იხსენებს, რომ ეს ადამიანები ამ ცენტრში ძალიან მძიმე მდგომარეობით მივიდნენ და ახლა ფანტასტიურ ნიმუშებს ქმნიან.  

„სამწუხაროა, რომ ეს პროექტი იხურება და, შესაძლოა, ეს ხალხი ამ პროექტის გარეთ აღმოჩნდეს. არადა, „კამარა“ ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ნორმალურად იცხოვრონ. ეს ადამიანები რეაბილიტაციის პროცესში არიან, თუმცა, ამ ეტაპზე მათ მიმართ სიტყვა „განკურნებულის“ გამოყენება ცოტა რთულია“.

ცნობისთვიას, „კამარამ“ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი 2011 წლის ოქტომბერში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით დააფუძნა. ცენტრში ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირთათვის რვა სახის თერაპია ტარდება. პაციენტები მკურნალი ჯგუფის ინტენსიური მხარდაჭერით ნაკლები სტრესის გარეშე „ფხიზელ ცხოვრებაში“ დაბრუნებას სწავლობენ. ამასთან, რეაბილიტაციის კურსი უფასოა და თერაპიის მნიშვნელოვანი ნაწილი არტთერაპიას ეთმობა.