მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავს თურქული კომპანიის შემოვლებული ღობე მოხსნეს

მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავს თურქული კომპანიის შემოვლებული ღობე მოხსნეს

ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2 მაისს, დღის მეორე ნახევარში, მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე შემოვლებული ღობე აიღეს. ეს ინფორმაცია presage.tv-ს ბათუმიდან ტელეფონით აცნობა “ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელმა მურმან დუმბაძემ: “მინდა გაგახაროთ - მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე ღობეს ამ წუთებში იღებენ“.

მურმან დუმბაძის განმარტებით, 3 ივნისს თავად გეგმავდნენ ამ ღობის აღებას, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღობე 2 მაისს აიღო.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანი, სადაც გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავებია, აჭარის მთავრობამ თურქულ კომპანია “სისტემ ინშაათს“  1 ლარად მიჰყიდა. ამ კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნით 9 მაისს, გვიან ღამით იქაურობას ღობე შემოავლო.

მურმან დუმბაძეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან არაოფიციალურად მიაწოდეს დოკუმენტი, რომლითაც ცხადი გახდა ის, რომ ზემოაღნიშნული ტერიტორია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 1 ლარად მიჰყიდა თურქულ კომპანია  “სისტემ ინშაათს“, რომელიც ივალდებულებდა თავს მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე და მიმდებარე ტერიტორიაზე აეშენებინა და ექსპლოატაციაში შეეყვანა 40-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა.

მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე ღობის შემოვლებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე აქცია გაიმართა, სპეციალური განცხადებები გაკეთდა, ამ თემას მრავალი სტატია, რადიო და ტელესიუჟეტი მიეძღვნა. ამგვარმა აქტიურობამ საბოლოო ჯამში დადებითი შედეგი გამოიღო.