„ბლექსი სატის“ შემოტევა მედიაზე თანამგზავრიდან

„ბლექსი სატის“ შემოტევა მედიაზე თანამგზავრიდან

ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოთი დაინტერესდა და არასამთავრობო  სექტორს შეხვდა. დურბინი დაინტერესდა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებით, პოლიტიური პარტიების დაფინანსების საკითხითა და სხვა თემებით.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სენატორთან დააყენა ეს იყო ე.წ. სავალდებულო ტრანზიტის თემა, რაც ნიშნავს იმას, რომ საკაბელო მაუწყებლებს ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიების სიგნალები გადასცენ, რადგან ეს არის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და ამომრჩევლებისთვის სრული ინფორმაციის მიღების საშუალება.

თუმცა, ამ სფეროში უპრეცედენტო რამ ხდება და დიდია შანსი, ძალიან მალე მთელი საქართველო სრულ საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდეს და აბსოლუტურად ყველა რგოლი, რომლის მეშვეობითაც ხდება ტელე და რადიომაუწყებლობის გადაცემა მხოლოდ ერთი კომპანიის მეშვეობით გაკონტროლდეს.

ამ პრობლემაზე „გლობალ TV“-ს მარკეტინგის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე გვესაუბრება. „გლობალ TV“-ს კი პრობლემები მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხი თავის ბადეში ჩართო. ყველაფერს ემატება ისიც, რომ კომპანიის საკონტროლო პაკეტი ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს ეკუთვნის.

ბატონო ზურაბ, როდის დაეწყო კომპანიას პრობლემები?

- კომპანიის პრობლემები დაიწყო რამდენიმე წლის წინ და დაკავშირებული იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ გააქტიურებასთან. „მაესტროში“ პოლიტიკური თოქშოუების და საინფორმაციო გადაცემის გაჩენისთანავე „გლობალ TV“ დადგა გარკვეული რისკის წინაშე, იმიტომ, რომ იმ პერიოდში „მაესტროს“ არ ჰქონდა თანამგზავრზე მაუწყებლობის უფლება და ყველაზე დიდი საკაბელო ტელევიზია, რომელიც ახდენდა „მაესტროს“ რეტრანსლირებას, იყო „გლობალ TV“. იმ პერიოდიდან მოყოლებული გვქონდა გარკვეული სირთულეები, მაგრამ როგორღაც ეს პერიოდი გადავლახეთ.

შემდეგი პრობლემებიც „მაესტროს“ თანამგზავრიდან ჩამოხსნას დაემთხვა, ეს ის პერიოდია, როდესაც ეროსი კიწმარიშვილმა „მაესტროს“ ოფისი დაიკავა.

ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდით ახლაც, ერთი, რომ საბაჟოზე ტვირთი გააჩერეს, შემდეგ კი აპარატურა გადაწვეს. ამის გამო, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში, მომხმარებელს სათანადო მომსახურებას ვერ ვუწევდით და ეს ახალი წლის პერიოდს დაემთხვა.

რამდენადაც ცნობილია, ბოლო დროს კომპანიას პრობლემები სხვა მიმართულებითაც შეექმნა...

- დიახ, შემდეგ უკვე ამ ყველაფერში ეროვნული მარეგულირებელი ჩაერთო. სიგნალს სასტუმრო „რედისონს“ რამდენიმე არხს ვაწვდიდით. ამის გარდა „რედისონს“ საკუთარი სადგურიც ჰქონდა და ორივე სისტემით ახდენდნენ მაუწყებლობის მიწოდებას მომხმარებლისათვის.

მარეგულირებლისგან წამოვიდა პრეტენზია, რომ ჩვენ არ გვქონდა კომერციული სუბიექტისათვის ჩვენი მომსახურების მიყიდვის უფლება. ასეც რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში მარეგულირებელი არაფერ შუაში არ იყო, რადგან საკითხი ეხებოდა ორი კერძო სუბიექტის ურთიერთობას. მარეგულირებელი გვედავებოდა, რომ თითქოს, ჩვენ დავარღვიეთ საავტორო უფლებები, რომლის რეგულირების უფლება თვითონვე არ გააჩნდა. ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო დავა, თუმცა ისე, რომ მესამე მხარე, „რედისონი“ ამაში არ  მონაწილეობს და მოწმის სახითაც კი არ დაუკითხავთ.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის პარალელურად ტვირთის საბაჟოზე შეყოვნება და აპარატურის მასობრივი დაზიანება ისევ ხდებოდა.

პოლიტიკოსების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ თქვენი პრობლემები ასევე გამოწვეული იყო თქვენს ბადეში „მეცხრე არხის“ ჩართვით...

- მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება „მეცხრე არხთან“, ქართულმა მაუწყებლებმა - ხუთმა არხმა „რუსთავი 2-მა“, „იმედმა“, „ახალმა არხმა“, „საქართველომ“ და „მზემ“ერთმანეთის მიყოლებით მოითხოვეს ჩვენთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება, იმ მოტივით, რომ სხვა პარტნიორ კომპანიასთან, „ბლექსი სატთან“ აპირებდნენ ხელშეკრულების გაფორმებას. ამას მოჰყვა დემარში სახელმწიფო უწყებებისა, რომელთა უმეტესობაც ჩვენს ქსელში იყო ჩართული. ყველა სტრუქტურამ გამოგვიგზავნა წერილი და ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. რუსთავის საკრებულომ კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრეტენზიით მიმართა, რომ ჩვენ თურმე ვერ გავუწიეთ სათანადო მომსახურება, ვერ მივაწოდეთ „რუსთავი 2“ და „იმედი“ და მოითხოვა ჩვენი „შავ სიაში“ შეყვანა.

რას ნიშნავს „შავ სიაში“ შეყვანა?

კომპანიისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ამას მოჰყვა სხვა პრობლემები, მარეგულირებელ კომისიაში.

კომპანია „გლობალ TV-ში“ მოხდა წილის გასხვისება. ლაპარაკია აქციათა 1,6 %-იან პაკეტზე. კომპანის ჰყავს ერთი ამერიკელი და ოთხი ქართველი დამფუძნებელი, მათ შორის ერთ-ერთია ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი (63%), ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საქმიდან გასვლა გადაწყვიტა და მისი წილი ამერიკელმა პარტნიორმა შეიძინა, რაც შემდგომში ეცნობა მარეგულირებელს, ისე, როგორც კანონში იყო გაწერილი. მარეგულირებელმა პრეტენზია წამოგვიყენა, რომ წილის გასხვისების შესახებ წინასწარ უნდა გვეცნობებინა. თუმცა, კანონში წერია, რომ თუკი აქციათა 5%-იან პაკეტზე ნაკლები წილის გასხვისება ხდება, არ ვართ ვალდებული, მარეგულირებელს წინასწარ ვაცნობოთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 5% ან მეტი რაოდენობა აქციებისა გასხვისდება, მოვალენი ვართ, ამის შესახებ წინასწარ ვაცნობოთ მარეგულირებელს. მარეგულირებელი კი დაგვეთანხმა, რომ კანონში ასე ეწერა, მაგრამ როცა რომელიმე მეწილეს 5%-ზე მეტი უხდება წილი, ასეთ შემთხვევაში მაინც წინასაწარ უნდა გეცნობებინათო.

ჩვენ ავუხსენით, რომ ამერიკელი პარტნიორი ისედაც იყო უკვე 15%-ის მფლობელი. მარეგულირებელი გვეუბნება 15% კი ჰქონდა, მაგრამ მაინც ხომ გაუხდა 5%-ზე მეტიო. მოკლედ, საათნახევრიანი სიტყვების თამაშის მერე გვითხრეს, ჩვენ ასე გვესმის და თუ თქვენ სხვანაირად კითხულობთ ამ კანონს, ადექით და სასამართლოში გაარკვიეთ, ჩვენ კი ახლა დაგაჯარიმებთო.

ბოლოს როდის დაგაჯარიმეს?

ეს დაჯარიმება მაისში მოხდა. არ გასულა ამის შემდეგ ერთი კვირა, რომ კიდევ დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ თურმე სხვის სიხშირეზე ვმაუწყებლობთ და ამით სხვა საკაბელო ტელეკომპანიებს ხელს ვუშლით. ეს სხვა კომპანია კი თურმე „რეალკომი“ ყოფილა. საბედნიეროდ, იმ ფაქტს შევესწარი, როდესაც ტაბახმელაში ზომავდნენ ჩვენს სიგნალებს. ეს პიროვნება, რომელიც საკუთარი მოწყობილობით ჩვენს სიგნალებს ზომავდა, იყო, გია კობახია, რომელის „ბლექსი სატთან“ და „რეალკომთან“ არის დაკავშირებული. შესაბამისად, ოქმს, რომელსაც ადგენდნენ, ხელი არ მოვაწერე, ჩავთვალე, რომ ეს იყო არასწორად ჩატარებული შემოწმება. არ შეიძლება, დაინტერესებულმა პირმა მისივე აპარატურით მოახდინოს შემოწმება.

„რეალკომი“ ვისი კომპანიაა?

- „რეალკომი“ დიდი ხნის განმავლობაში იყო მეშვიდე არხთან ასოცირებული პარტნიორი კომპანია, ეს იყო დავით წერეთელის კომპანია, რომელიც შემდეგ, არ ვიცი რა მიზეზით და როგორ გასხვისდა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ის ახლა „ბლექსი სატთან“ არის დაკავშირებული. ჩვენ გავაპროტესტეთ შემოწმების შედეგები და დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს, ან სხვა ნეიტრალური კომპანიის წარმომადგენელს შეემოწმებინა ჩვენი სადგური და დაედო შესაბამისი დასკვნა. მათ ამაზე უარი თქვეს და კახი ყურაშვილმა გვითხრა, რომ უკვე მომზადებული ჰქონდათ ჩვენი სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება და გვთხოვეს, გავცნობოდით. ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა, რადგან არ შეიძლება წინასწარ ასეთი დოკუმენტები მზადდებოდეს.

კლიმატური პირობების, ან ძაბვის ვარდნის გამო გადაცდომა მართლაც რომ მოხდეს, პარამეტრები შეიცვალოს და სხვა დიაპაზონში გადავიდეს, მარეგულირებელი ვალდებულია, რომ დაგვეხმაროს და სიხშირე გაგვასწორებინოს. თუ ამის ნაცვლად წინასწარ სანქციებს ამზადებს, გამოდის, რომ მარეგულირებელი კი არა, სადამსჯელო ორგანოა. ასეთი პრაქტიკა არსებობს, ასეთი გადაცდომები მომხდარა, დაგვირეკავს საკაბელო ტელევიზიებს ერთმანეთთან და ერთობლივად გაგვისწორებია ხარვეზი. ამ შემთხვევაში არავის ჩვენთვის არ მოუმართავს, არ უცნობებია, რომ ხარვეზი იყო, მარეგულირებელმა კი გადაწყვეტილება წინასწარ მიიღო და კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმა.

კიდევ რას მოიფიქრებენ და რას მოგვიწყობენ არ ვიცი, რაც მთავარია, ვერაფერს ვერ ვამტკიცებთ და რა გადაწყვეტილებასაც უნდათ იმ გადაწყვეტილებას ღებულობენ. უკვე აღარ ვიცით რა გზას მივმართოთ.

მას შემდეგ რაც „მეცხრე არხთან“ ხელშეკრულება გაფორმდა, კიდევ რა მოხდა?

მეცხრე არხი არის ჩვენი კომპანიის ერთი მთავარი პრობლემა და ქრონოლოგიურად ემთხვევა ყველაფერი. როდესაც მარეგულირებელ კომისიაში სხდომის დროს ჩვენი საკითხის განხილვა ხდებოდა, ხშირ-ხშირად გვიმეორებდნენ, რომ აი, ხომ ხედავთ ბადეში „მეცხრე არხია“, აი, ნახეთ ეს „მეცხრე არხია“ და ასე მოახდინა მარეგულირებელმა ჩვენი პაკეტის იდენტიფიცირება, „მეცხრე არხი“ მარტო თქვენთან არისო.

თუ მიიღეთ ასეთი შემოთავაზება, რომ „მეცხრე არხი“ ამოგეღოთ თქვენი ბადიდან და პრობლემები ამით დასრულდებოდა?

- ასეთი შემოთავაზება ნამდვილად არ ყოფილა. სხვა საკაბელო ტელევიზიებთან არ ვიცი, იყო თუ არა მსგავსი შეთავაზება, მაგრამ ზოგიერთი საკაბელო ტელევიზიის წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათ ასეთი წინადადება თუ გაფრთხილება სხვადასხვა ორგანიზაციებისგან მიიღეს.

არსებობს მოსაზრება, რომ ბაზარზე ახალი კომპანიის „ბლექსი სატის“ გამოჩენით, „გლობალ TV“-ს ჩაძირვას ცდილობენ. ეს კომპანია ყოველგვარი გამოცდილების გარეშე შემოვიდა ბაზარზე და უცებ ლიდერი გახდა?

ეს იყო კომპანია „მედიაქეიშენი“, რომლის სათავეებთანაც იდგა ზაზა შენგელია, შემდეგ არ ვიცი, რა გზებით, ალბათ, წილის გასხვისებით ან შერწყმით იგი გადავიდა „ბლექსი გრუპის“ ხელში და ამგვარად გაჩნდა ახალი კომპანია „ბლექსი სატი“, რომელმაც მიიღო სხვადასხვა სიხშირეები და ლიცენზიები გასული წლის დეკემბერში. ფაქტობრივად, ახალი წლიდან შეუდგნენ მუშაობას.

თუმცა, მანამდეც აქტიურად მუშაობდნენ, მახათას მთაზე შექმნეს ე.წ. ტელეპორტი, და ჩაფიქრებული ჰქონდათ ყველა ქართული არხის აყვანა მოეხერხებინათ შვედურ თანამგზავრზე „ასტრა 1-ზე“. მას შემდეგ რაც „გლობალ TV“-მ დაიწყო მთელი საქართველოს მასშტაბით სატელიტური თეფშების დამონტაჟება, მათ მიიღეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება, უარი განაცხადეს შვედურ თანამგზავრზე, „ასტრა1-ზე“ და გადავიდნენ „თურქსატზე“, რადგან „თურქსატის“ მეშვეობით ბევრად უფრო მეტ პოტენციურ აბონენტთან მოხვდებოდნენ.

ჩვენი და მათი თანამგზავრი ერთი და იგივეა და ის მომხმარებელი, რომელსაც მე გადავცემ ტექნიკას, თავისუფლად შეძლებს მათი სიგნალის მიღებასაც.

ანუ „ბლექსი სატს“ შეუძლია თქვენი აპარატურით ისარგებლოს, ყველაფერს დაეპატრონოს და თქვენ ასე ვთქვათ, „გაღიმებული“ დაგტოვოს?

- ჩვენი სატელიტური თეფშები მათ შეუძლიათ, თავისუფლად გამოიყენონ. კოდირებაც კი ჩვენი აირჩიეს - ეს არის უკრაინული კომპანიის, „ტოპი ელექტრონიქსის“ კოდირება, რეალურად, მათი ჩანაფიქრი საკმაოდ გონივრული და რაციონალურია, აგერ ვიღაც ხარჯავს თანხებს, აკეთებს უზარმაზარ ქსელს, რომელიც ფაქტობრივად, მათი პოტენციური ქსელია.

მომავალში რას აპირებენ და რას გეგმავენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ ჩვენი ქსელიდან ქართული არხების გაქრობა ამ კომპანიას უკავშირდება და უნდა, რომ ქართული არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებაც მიიღოს. თვითონ ქართული არხები მწერენ, რომ მათი პარტიორი „ბლექსი სატი“ გახდა და ჩემი ქსელიდან ამიტომ გაითიშნენ. როგორც გავიგე, საპარლამენტო ტრანსლაციის განხორციელების უფლებაც „ბლექსი სატმა“ მოიპოვა.

თეორიულად მაინც შესაძლებელია, რომ ბაზარზე მოთამაშე სხვა საკაბელო ტელეკომპანიებსაც ანალოგიური პრობლემა შეექმნათ?

- დიდი რისკია, რომ ყველა საკაბელო ტელევიზიასთან მოხდეს ანალოგიური რამ და უთხრან, რომ თუ გნებავთ ქართული არხები მოხვდეს თქვენს ბადეში, მიმართეთ „ბლექსი სატს“, გადაიხადეთ ამაში შესაბამისი თანხა და მოახდინეთ ამ არხების რეტლანსლირება.

არის საფრთხე, რომ მოხდება ქართული არხების გათიშვა საკაბელო ქსელებში და ის ხალხი, ვინც დაინტერესებული იქნება ქართული არხებით, აუცილებლად უნდა გახდეს „ბლექსი სატის“ აბონენტი. ან, ამ არხებს მიიღებს ეთერის საშუალებით, ჩვეულებრივი ანტენით.

რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქროთ, რომ შესაძლებელია მთელი საკაბელო ტელევიზიები მთლიანად „ბლექსი სატმა“ გააკონტროლოს?

- გეტყვით რასაც გადავაწყდით უშუალოდ და რითაც გამოიკვეთა „ბლექსი სატის“ ზრახვები. მოგეხსენებათ, რომ „მეცხრე არხს“ ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული „თურქსატთან“ და უნდა დაეწყო თანამგზავრული მაუწყებლობა. იმის გამო, რომ ამ კომპანიას  ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, დააგვიანა მაუწყებლობის დაწყება, თუმცა თანამგზავრის მომსახურების ღირებულებას ყოველთვიურად იხდიდნენ. „თურქსატიდან“ კომპანიაში მივიდა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ მზად ვართ, თქვენს მიერ გადახდილი თანხები უკან დაგიბრუნოთ, შევწყვიტოთ ხელშეკრულება და თუ მაინც და მაინც ჩვენს თანამგზავრზე მოგინდებათ მაუწყებლობა, გთხოვთ, მიმართოთ „ბლექსი სატსო“.

ანუ „ბლექსი სატი“ „თურქსატთან“ შუამავალი კომპანიაც გახდა?

სავსებით შესაძლებელია, „თურქსატმა“ გააკეთოს განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ  თანამგზავრზე აიყვანს და მოემსახურება კომპანიებს მხოლოდ და მხოლოდ „ბლექსი სატის“ მეშვეობით, ისე, როგორც „მეცხრე არხი“ გააგზავნა „ბლექსი სატთან“ სათანამშრომლოდ. როგორც ჩანს, ქართული არხების გაკონტროლება უკვე თანამგზავრის საშუალებითაც მოხდება.

ასეთი მდგომარეობა მათთვის მომგებიანია როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურადაც, იმის გამო, რომ მას ექნება საუკეთესო ქართული არხების ნაკრები, ამითი მისი შემოსავლებიც გაიზრდება.

როდესაც ადამიანი მონოპოლისტი ხდება და ყველაფრის ექსკლუზიური უფლება ეძლევა, რას მოიმოქმედებს ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. თეორიულად შესაძლებელია ყველაფერი და მათ შორის ისიც, რომ ამ კომპანიისთვის არასასურველი ტელევიზია საერთოდაც ვერ მივიდეს მომხმარებლამდე.

საკუთარი უფლებების დაცვას როგორ აპირებთ?

- გვქონდა შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, შევეცადეთ აგვეხსნა, თუ რატომ გვექმნება პრობლემები და ეს ყველაფრი მხოლოდ იმიტომ ხდება, ვიღაცას მონოპოლისტობის სურვილი რომ გაუჩნდა და სურს აკონტროლოს ყველა ქართული მაუწყებლობა, როგორც საკაბელო სისტემით, ასევე თანამგზავრზე.

ანალოგიური სიტუაციაა სარელეო ხაზებთანაც და იცით, რომ ანძას მხოლოდ „ალფაკომი“ აკონტროლებს.

აბსოლუტურად ყველა რგოლი, რომლის მეშვეობითაც ხდება ტელე და რადიომაუწყებლობის გადაცემა, გამოდის, რომ ამ ორი კომპანიის მეშვეობით გაკონტროლდება.

იცით ამ კომპანიების უკან ვინ დგას? სხვათა შორის, „ბლექსი სატს“ გივი თარგამაძის სახელს უკავშირებენ.

- ვხედავ, რომ უზარმაზარი თანხებია ჩადებული და სერიოზული გეგმებიც აქვთ. არც მალავენ, რომ სურთ ყველაფრის მფლობელები გახდნენ და ჩაძირონ „გლობალ TV“.

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შედეგი რა იყო?

- ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ხელმძღვანელობას გააცნეს. გვინდა ყველამ იცოდეს, რა მდგომარეობაში ვართ და პრობლემები რატომ გვექმნება.

როგორც თქვით, რამდენიმე საქმე გაქვთ გასაჩივრებული, სასამართლო პროცესები რა სტადიაშია?

- პროცესები მიმდინარეობს და ფაქტობრივად, ყველა განმწესრიგებელ სტადიაშია, ანუ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ ქართულ სასამართლოებში საქმეები დასრულდეს და შემდეგ ევროპულ სასამართლოს მივმართოთ და ჩვენი სიმართლე ვამტკიცოთ. ამისათვის სულ მცირე ერთი წელიწადი მაინც დაგვჭირდება

ამასობაში ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, შესაძლოა, დასრულდეს კიდეც ისე, რომ საქართველოს მოსახლეობამ სახელისუფლებო არხების მეტი ვერაფერი ნახოს...

- ალბათ, სწორედ ამაზეა გათვლილი ეს ყველაფერი.