„ეს შენ გეხება“-ს მიმართვა წერილობითია და იგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გადაეცა.
„ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ რჩება მოსახლეობისთვის პლურალისტური მედიაგარემოს ხელმისაწვდომობა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში პრინციპების - must carry და must offer დანერგვის თაობაზე, რომლის მიღებაც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმისაწვდომობას“, - ნათქვამია მიმართვაში.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებით, ამ საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას მხარს უჭერს დამოუკიდებელ მაუწყებელთა, ჟურნალისტთა და ექსპერტთა დიდი უმრავლესობა და საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული წინადადებების გაზიარება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე არსებულ კითხვებს მოხსნის.
„ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და პლურალისტური მედიაგარემოს განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხარული ვიქნებით, თუკი, საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას გამონახავთ საშუალებას, რათა გამოხატოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით“,-ნათქვამია მიმართვაში.
კონკრეტულად რას ითხოვენ არასამთავრობოები ჰილარი კლინტონისაგან, მოითხოვენ თუ არა მასთან შეხვედრას და თუ ასეთი შეხვედრა შედგა, რა საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას, ამის შესახებ presage.tv-ს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ესაუბრება.
თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენი მიმართვით ჰილარი კლინტონის ყურადღებას ვამახვილებთ იმ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პარლამენტში გვაქვს შეტანილი. კანონპროექტი ეხება საარჩევნო გარემოს და განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ ე.წ. “must carry”-ს ანუ სავალდებულო ტრანზიტის თემაზე, რაც ნიშნავს, რომ საკაბელო მაუწყებლებს უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, რომ თავიანთ პაკეტში სხვადასხვა ტელეკომპანიების სიგნალები გაუშვან.
ეს უბრალოდ სატელევიზიო მიმართვა იყო, თუ ტექსტი ჰილარი კლინტონს მიეწოდება?
- არა, ეს არ ყოფილა მხოლოდ სატელევიზიო მიმართვა. დღეს ჩვენი მიმართვის ტექსტი უკვე გადავეცით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს. ჩვენ არ ვიცით, ქალბატონ კლინტონთან ჩვენი შეხვედრა შედგება თუ არა, რადგან ჯერ ოფიციალური მიწვევა არ მიგვიღია, მაგრამ შესაძლოა, ეს შეხვედრა შედგეს. თუკი ჰილარი კლინტონი შეგვხვდება, ამ მიმართვის ტექსტს მას პირადადაც გადავცემთ.
როდესაც ამერიკის საელჩოში ამგვარი მიმართვა ბარდება, ამ შემთვევაში საელჩოს შეუძლია ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფარგლებშიმას საქართველოში გარკვეული შეხვედრები დაუგეგმოს, თუ უბრალოდ მას ამ მიმართვას გადასცემენ?
- არა, ვიზიტი დაგეგმილია და ამ ვიზიტში კორექტივების შეტანას ჩვენ არ ვითხოვთ. ჩვენ უბრალოდ საელჩოს გადავეცით ეს წერილობითი დოკუმენტი, სადაც პრობლებურ საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას.
თუკი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტისას არასამთავრობო ორგანიზაციებს შეგხვდათ, რა იქნება ის საკითხები, რაზეც მასთანგექნებათ საუბარი, ანუ რა ინფორმაციას მიაწვდით ამერიკის სახელმწიფო მდივანს?
- როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ჯერ არ ვიცით, შეხვედრა შედგება თუ არა, მაგრამ თუ ამგვარი შეხვედრა შედგა, პირადად ჩემი მხრიდან ყურადღება გამახვილდება დემოკრატიისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკთხებზე, როგორიცაა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა. საარჩევნო თემატიკაზე კი განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მედია-გარემოზე და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე.
როგორია თქვენი მოლოდინი ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით?
- თავისთავად ეს ვიზიტი რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და იგი ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის დემოკრატიის საკითხებზე კომუნიკაციასა და დისკუსიასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, აქცენტები სწორედ ამ თემებზე უნდა გაკეთდეს, რადგან საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. თუკი ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და სხვა ამგვარ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება, ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჰილარი კლინტონის საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებსსაქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების მიმართ ამერიკის მხარდაჭერას. იზიარებთ ამ პოზიციას?
- მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტის მიზანზე ვისაუბრო. ზოგადად ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან სერიოზულად უჭერდა მხარს საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების დიდი ნაწილი სწორედ მათი დაფინანსებულია. შესაბამისად, ეს გასათვალისწინებელია, ხოლო ვიზიტის პოლიტიკურ შეფასებას მე რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებ.