თავიდან მომწონდა ეს ენერგიული ახალგაზრდა. შევარდნაძეც კარგა გვარიანად მყავდა მობეზრებული. ვფიქრობდი, ნეტავ, მაგას ვინმე გაუშვებდეს და, ვინც გინდა, ის იყოს-მეთქი!

თავიდან მომწონდა ეს ენერგიული ახალგაზრდა. შევარდნაძეც კარგა გვარიანად მყავდა მობეზრებული. ვფიქრობდი, ნეტავ, მაგას ვინმე გაუშვებდეს და, ვინც გინდა, ის იყოს-მეთქი!

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს რუსთაველი ნაქევხრიშვილების 6-შვილიანი ოჯახი სადღესასწაულო განწყობით არ ხვდება. უფასო სასადილოდან ორი ტალონით მიღებული საკვები 5 ბავშვს არ ჰქოფნის. დედ-მამიშვილების ულუფაში ჯერ არ ერევა ყველაზე უმცროსი. ის თვეებისაა და განსხვავებულ კვებაზეა.

11 წლის ქეთის, 8 წლის ტყუპებს - ეკას და მაკას, 6 წლის ანას და 3 წლის ნინოს, რუსთავის თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან დაფინანსებული უფასო სასადილოს პროგრამიდან მხოლოდ ორი ტალონი მისცა.

 „დღეს ბავშვთა დაცვის დღეა - მე კი სახლში ბავშვებისთვის პურიც არ მაქვს. მეუბნებიან გაგვიყვანე მოედანზე ატრაქციონები-აო. რა ვქნა, როგორ გავიყვანო. ხომ, მეტყვიან დედა აქ დამსვი, იქ დამსვი, ან რამე ტკბილეული გვიყიდეო!

ჩვენს ოჯახს უკვე ისე გაუჭირდა, რომ უფასო სასადილოს პროგრამით ვსარგებლობთ. მერიაში ვიყავი მისული და ვითხოვე ბავშვებისთვის კვების ტალონი მიეცათ. 4 ტალონზეც თანახმა ვიყავი. ოთხი ადამიანისთვის განკუთვნილ ულუფას მეხუთე ბავშვსაც ვაკმარებდი, თუმცა მხოლოდ ორი ტალონი მივიღე. მითხრეს, გვიჭირს ტალონების მხრივ და ამ ეტაპზე მეტის საშუალება არ გვაქვსო.

ცუდს არავისზე ვამბობ, რა ვქნა... მერე მოვლენ და პრეტენზიებს იტყვიან. ასეთ გაჭირვებაში მყოფ 6 შვილის დედას კიდევ ვინმეს პრეტენზიების მოსმენა არ მინდა...“ - ამბობს, მარიამ ჭუმბურიძე.

ინტერვიუს მსვლელობისას ვიგებთ, რომ ნაქევხრიშვილების ოჯახში ჩვენი პირველი სტუმრობისა და მასალის მომზადების შემდეგ, მათ საყვედური მიიღეს. „ვერ გეტყვით ვინ მელაპარაკა... გვითხრეს, რატომ ესაუბრეთ ჟურნალისტებს, აქ მოსულიყავით და ჩვენთვის გეთქვათ, რაც გიჭირდათო“ - იხსენებს მარიამი.

ვის მოუვიდა აზრად მედიასთან საკუთარ გაჭირვებაზე საუბრისთვის ექვსი შვილის დედის დატუქსვა?! მარიამს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს, თუმცა საუბრიდან გასაგებია, რომ პრეტენზიები ადგილობრივი ხელისუფლებიდან წამოვიდა.

„თქვენი პირველი სტუმრობის შემდეგ არაფერია შეცვლილი. ყველაფერი ისეა, როგორც იყო. უბრალოდ, ახალი ისაა, რომ დავალიანების გამო ბუნებრივი აირი ჩამიჭრეს. მერიაში ვიყავი მისული და სოციალურმა სამსახურმა უარი მითხრა - ჩვენ ვერ დაგეხმარებით, სამაგისო ფონდი არ გვაქვსო.

ვიცი, ამბობენ და მაყვედრიან, რატომ ვაჩენ ამდენ ბავშვს, მაგრამ ის რატომ არ ახსოვთ, პრეზიდენტი და ყველა ერის გამრავლებისკენ, რომ მოგვიწოდებს?! რა ვქნა, რით გავამრავლო ერი, უფასო სასდილოს საჭმელით, რომელიც არც ყოფნით ბავშვებს?! მახსოვს, რა დღე გადავიტანე გასულ აღდგომას. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია. სწორედ აღდგომის პერიოდში მოხდა სოციალური დახმარების გადამოწმება და ერთი თვით შეგვიწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ ეს დახმარება დაკავშირებული იყო მერიის მრავლშვილიანების პროგრამასთან. ამ პროგრამით თვეში 20 ლარს ვიღეთ თითო ბავშვზე. რადგან ის შეწყდა, ამათაც შემიწყვიტეს.

მერიის სოციალურ სამსახურში მივედი, არიქა მიშველეთ-მეთქი, ხალხო, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. საბედნიეროდ, გარეთ რუსთავის მერი, ზაქარია დარჩიაშვილი შემხვდა და ის დამეხმარა. თვითონ შემომყვა იმ სამსახურში და უთხრა - დაეხმარეთ ამ ადამინსო. ასევე, სწორედ, მან გამოუგზავნა ჩემ შვილებს სააღდგომოდ პასკა და კვერცხები. სხვაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის კაცი მართლაც, გულისხმიერი ადამიანია.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ თქვენი მასალის შემდეგ ჩვენი პრობლემის შესახებ შეუტყვია ლონდონში მცხოვრებ ქართველ ქალბატონს, ხათუნა ნახუცრიშვილის და მან, ჩვენთვის სულ უცხო ადამიანმა, ასი დოლარი დამოგვიგზავნა. ღმერთმა ასმაგად გადაუხადოს ეს სიკეთე“ - ამბობს მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისი.

ნაქევხრიშვილების მრავლშვილიანი ოჯახი რუსთავში ჭავჭავაძის №15-ში ცხოვრობს. ბავშვთა დაცვის დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ოჯახმა საჩუქრად სათამაშოები, კბილის პასტა, სავარცხელი და კონცერტის ორი ბილეთი მიიღო.

„ასევე, დაგვირიგდა რაღაც ამერიკული სუპები, მაგრამ ვერ გავიგეთ, რამდენი წლის ბავშვს შეიძლება, რომ ვაჭამოთ“ – მწარედ ეღიმება მარიამს.

მეორეკლასელი მაკა საკუთარი პრობლემით საუბარში გვერთვება. მასწავლებლის გამოგზავნილ წერილს გვაჩვენებს. ზედ წარწერაა: „უყიდეთ ამ ბავშვს რვეული და კალამი“. მაკა ამბობს, რომ პრობლემა შრომის მასწავლებელთანაც აქვს. მისი თქმით, პედაგოგი მას მთელი წელია ფანქრების, ქაღალდის მაკრატლის და სახატავი რვეულის არქონის გამო საყვედურობს.