ამ რეალობის გათვალისწინებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები გაგებით ხვდებიან სამსახურიდან წასული ზოგიერთი კოლეგის უკან დაბრუნებას. თუმცა იმასაც აანონსებენ, რომ სამსახურში იძულებით დაბრუნებული თანამშრომლები გამოცდების ჩატარების შემდეგ, აგვისტოს მიწურულს სამსახურს ხელმეორედ დატოვებენ.
მინისტრ შაშკინის განცხდებით, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წასული 60 თანამშრომლიდან 18 სამსახურში დაბრუნდა. ამ ინფორმაციას ყოფილი თანამშრომლები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაბრუნებულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია. ასეა თუ ისე, განათლების სისტემისთვის დარტყმა იყო, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების კოლექტიური გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ, ამიტომაც მათ უკან დაბრუნებას სთავაზობდნენ.
დღეს „თბილისი-მერიოტში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ და მზადყოფნა გამოთქვეს, გამოცდების ნორმალურად ჩატარების საქმეში ყოფილ კოლეგებს დახმარება უსასყიდლოდ აღმოუჩინონ. პრესკონფერენციას პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი და საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ“ მათ დახმარება აღმოუჩინა, რომ მომხდარის შესახებ საელჩოებსაც მიეღოთ ინფორმაცია.
მართალია, აქ არ ყოფილა სამსახურიდან წამოსული 60-ივე თანამშრომელი, მაგრამ მათმა უმეტესობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი უფლებადამცველ ორგანოებს მხარდაჭერას სთხოვენ.
უკვე ცნობილია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადაა, განათლების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს მათზე განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების გამო პროკურატურისთვის მიმართვაში დაეხმაროს, თუკი ეს მათი სურვილიც იქნება. ახალგაზრდა იურისტების აზრით, სამსახურიდან წამოსვლა ნებისმიერი ადამიანის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა და ამის გამო მათზე ზეწოლა მიუღებელია.
„სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯს მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.
მათივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ემსახურებოდა სამართლიანობასა და ობიექტურობას და ქმნიდა კორუფციისგან თავისუფალ სისტემას.
„როგორც ჩანს, ამ პრინციპებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა მინისტრის პოლიტიკა. ამის დასტურია მისი მცდელობები, უხეშად ჩარეულიყო ცენტრის მუშაობაში. სწორედ ასეთ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა კატეგორიულად გამოცდების ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი. ამის კარგი მაგალითია სამინისტროს მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ცვლილებების პროექტი, რომელიც კომისიას აპელაციების შედეგების გადახედვის უფლებას აძლევდა ნაშრომებზე სახელისა და გვარის ღიად მითითებით. ცხადია, რომ ასეთი ცვლილება, რომელიც ნაშრომთა ანონიმურობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მარტივად იძლევა ქულებით გამიზნულად მანიპულირების შესაძლებლობას. ცვლილების ამ პროექტს კატეგორულად არ დაეთანხმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და მთელი კოლექტივი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კატეგორულად მოითხოვენ, სასწრაფოდ და საჯარო წესით განემარტოს საზოგადოებას, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რატომ გაატარა მან ფუნდამენტური საკადრო ცვლილება ზუსტად გამოცდების მსვლელობის დროს, 28 მაისს.
„გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ისევე, როგორც მაია მიმინოშვილი, ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებაში. ეს არის საქმე, რომელსაც ბევრი ენერგია შევალიეთ და სამსახურის დატოვების შემდეგაც მზად ვართ ხელი შევუწყოთ გამოცდების უხარვეზოდ ჩატარებას. ასევე, გვსურს საერთაშორისო და უფლებადმცველი ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა და დაშინება. მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. სწორედ ამიტომ, უფლებადმცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ვითხოვთ“, _ აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში.
Presage.tv გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს ესაუბრა.
ივა მინდაძე, უცხო ენების ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ უსიამოვნო ფაქტია, როდესაც მის ყოფილ კოლეგებს ხვდებიან სხვადასხვა უცნობი ან ნაცნობი პირები და სხვადასხვა ფორმით - მეგობრული რჩევით თუ მუქარანარევი ტონით სამსახურში დაბრუნებას სთხოვენ.
„ცხადია, უსიამოვნო შეხვედრები ყოფილა და გვინდოდა, ეს ფაქტები საჯარო გაგვეხადა. ალბათ, უმეტესობა ჩვენგანი პედაგოგიურ მოღვაწეობას დაუბრუნდება, შეიძლება, შეიქმნას „ენჯეოები“, ამაზეც გვქონდა საუბარი, მაგრამ 60 კაცში ამის განხორციელება რთულია. ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს შესახებ არაერთი ინფორმაცია წავიკითხეთ. ამიტომ გვინდოდა, მკაფიოდ გვეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ერთეული და რაიმე სახით პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებთ“.
კახა ჯამბურია, ქართული ენის ყოფილი ხელმძღვანელი, კონკრეტული ზეწოლის ფაქტებზე ვერაფერს ამბობს, რადგან ამის შესახებ თანამშრომლებისგან მხოლოდ დღეს შეიტყო, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი დაშინება არავის უცდია. მეტიც, იგი ორჯერ შეხვდა მინისტრს, ერთხელ - მინისტრის პირველ მოადგილეს და მათ ძალიან თავაზიანად შესთავაზეს სამსახურში დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთმა მათგანმა მიზეზი ვერ უთხრა, თუ რატომ მოხსნეს მაია მიმინოშვილი. ვერც ის განუმარტეს, როგორ შეიძლებოდა, მაია მიმონოშვილი წასულიყო და ის დარჩენილიყო, რადგან, თუ საქმეს ცუდად აკეთებდნენ, ამაში მათი „წვლილიც“ იყო.
„ამ საქმეს, პირველ რიგში, ჩვენ ვაკეთებდით, ვინც ტესტს ვქმნიდით, გამოცდებს ვატარებდით, ვასწორებდით... ამ საქმის გამო თუ ვინმე მოსახსნელი იყო, პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით მოსახსნელი. არ შეიძლება, პასუხისმგებლობა გადავაბაროთ დირექტორს და ვთქვათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. ამდენად, იქ ვერ დავრჩებოდი“.
რაც შეეხება სამომავლო საქმიანობას, კახა ჯამბურიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა იგი დიდი ხნის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა, ლიტერატურის ინსტიტუტშიც უმუშავია და ალბათ, ძველ გზას დაუბრუნდება. ამასთან, დარწმუნებულია, რომ მიმდინარე გამოცდები ნორმალურად ჩატარდება, რადგან ახლა საქმე გამსწორებლების იმედზეა.
„რადიოთი გამოვედი და ჩვენს გამსწორებლებს მოვუწოდე, ბოიკოტი არ გამოუცხადონ ბავშვებს. რაც შეეხება ხატია დეკანოიძის კადრს, პირადად მე ვისაც შევხვდი, ირინა სამსონიას, ძალიან სანდომიანი ქალბატონია, განათლების სფეროში აქამდეც მუშაობდა და ეს სფერო მისთვის უცხო არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მას ძლიერ გაუჭირდება და მძიმე სამუშაოს შესრულება მოუწევს, მაგრამ, ვფიქრობ, გაართმევს თავს“.
გიორგი მაჭავარიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, დაშინებასა და ზეწოლის ფაქტებზე ჩაღრმავებისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ ასეთი ფაქტები მართლაც ყოფილა.
„იყო სატელეფონო ზარები, მეზობლებისგან რაღაცის გარკვევა, პირადად სახლში მისვლა, შეხსენება, რომ მათ ბიჭები ჰყავთ. დაშინების ფორმები სხვადასხვა იყო, მაგრამ ვერ დაგიკონკრეტებთ, რადგან ისინი ჩემი კოლეგები, ახლობლები არიან და ნებისმიერი მოქალაქის ბედი ჩემთვის სულერთი არ არის. დაშინებების ძირითადი ტალღა იყო 30 მაისს. ახალი ხელმძღვანელობა რეალურად დაინტერესებული იყო, ჩვენ დავრჩენილიყავით სამსახურში, რადგან ძნელია ასე ნაუცბათევად ახალი საქმის გაძღოლა. ჩემს შემცველ ქალბატონს, ირინა სამსონიას ვუთხარი, რომ მას შევუწყობ ხელს, მივეხმარები, ოღონდ ჩვენი სტატუსის აღდგენის გარეშე, სრულიად უანგაროდ. 14 წელია, ამას შევწირე ჩემი ცხოვრება და სად გავაგრძელებ მოღვაწეობას, არ მიფიქრია“.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მორალურად მოიქცა მისი ზოგიერთი კოლეგა, როცა ერთხელ წამოსვლის შემდეგ ისევ დაბრუნდა სამსახურში, თუმცა გიორგი მაჭვარიანი აცხადებს: „ვერ გეტყვით, რატომ დაბრუნდნენ ჩვენი ყოფილი კოლეგები. მე ვფიქრობ, ადამიანებმა ვითარებისა და საკუთარი ღირებულებების გათვალისწინებით, თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მე მათ არ ვამტყუნებ, „არა განიკითხო, რამეთუ არა განკითხულ იქნე“. ზეწოლის გარდა, მრავალი მიზეზია, ჩვენი თანამშრომლების ნაწილი ფიქრობს, რომ 25 აგვისტოს შემდეგ წამოვა საგამოცდო ცენტრიდან, როცა საგამოცდო პროცესს ბოლომდე მიიყვანს“.
რაც შეეხება მაია მიმინოშვილის შემცვლელს, ხატია დეკანოიძეს, მიიჩნევს, რომ იგი გონიერი ადამიანია, თუმცა მას ერთადერთხელ შეხვედრია, როცა დაუდასტურა გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ.
სოფო დოლიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, ზეწოლის ფაქტებს მეტს ვერაფერს დაუმატებს, რაც უკვე ითქვა, მაგრამ მიიჩნევს, რომ, როდესაც მაია მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზად პრინციპული შეუთავსებლობა დასახელდა მის საქმიანობასა და სამინისტროს შორის, ეს მისთვისაც გულისხმობდა, რომ შეუთავსებლობა არსებობდა მის პირად პოზიციასა და სამინისტროს შორის.
„ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ერთობლივი მსჯელობის შედეგად ვიღებდით. ასე რომ, სამართლიანობის მომხრედ დარჩენა ვარჩიე. ფაქტობრივად, ის საქმე, რაც წლევანდელ გამოცდებს ეხება, უკვე გაკეთებულია და ჩვენ ამ ბაზას გადავცემთ ახალ თანამშრომლებს. ის 60 ადამიანი, ვინც წამოვედით, ძირითადად, საგნობრივ ჯგუფებს წარმოადგენდნენ და მათ მხოლოდ გასწორების პროცესი ეხებოდათ“.