საქართველოს პრეზიდენტს ხშირად მფრინავი იდეები აწუხებს და ამას ასე თუ ისე ყველა შეეგუა. ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებას არ ღალატობს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მისი იდეები ამჯერად პირდაპირ უკავშირდება ფრენას. უკვე თვალშისაცემი ხდება, რომ პრეზიდენტი აეროპორტების მშენებლობის მანიამ შეიპყრო.
ამდენ ხანს, სააკაშვილი დღემუდად გაიძახოდა, რომ ქვეყანაში გზებს აგებდა, ახლა მას ეტყობა სახმელეთო ინფრასტრუქტურა თვალში ეპატარავება და საჰაერო გზების დაქსელვას შეუდგა.
პრეზიდენტის დავალებით, აეროპორტი ამჯერად აჭარის მთიანეთში უნდა აშენდეს. აქამდე კი აეროპორტები იგებოდა სვანეთსა და ფოთში.
აჭარაში აეროპორტის აგების თაობაზე, სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, როცა გოდერძის უღელტეხილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ვერა ქობალიასთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად ჩაფრინდა.
”შესასწავლია საკითხი, შესაძლებელია თუ არა აქ აეროპორტის აშენება. მესტიაში ჩვენ აეროპორტს ვაშენებთ და თუ პატარა აეროპორტის აშენება აქაც იქნება შესაძლებელი, ეს საქმეს ძალიან გააადვილებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ვერა ქობალიას აეროპორტის აშენების საკითხის შესასწავლად აჭარის მთიანეთში ნავიგაციის სპეციალისტების აყვანის დავალება მისცა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში ერთი აეროპორტი უკვე მოქმედებს. მწყობრშია ქუთაისის აერპორტიც. როგორც ირწმუნებიან, 2013 წლისთვის იგივე ვითარება იქნება ფოთში, სადაც პროექტს არაბული “რას ელ ჰაიმა ინვესტმენთ აუთორითი ჯორჯია” ახორციელებს. ამას დაემატება სვანეთისა და აჭარის მთიანეთის აეროპოტები.
გამოდის, რომ დასავლეთ საქართველოში ყოველ 50-100 კილომეტრში მინიმუმ 1 აეროპორტი მაინც იმუშავებს. საკითხავია, ვის სჭირდება ან ვინ იფრენს იქ? მოგეხსენებათ, საქართველოში შიდა ავიარეისები არ სრულდება (დაფრინავს მხოლოდ თბილისი-ბათუმი და ისიც ზღვის საკურორტო სეზონზე 2 თვის განმავლობაში).
საერთაშორისო ავიარეისებისთვის თბილისი აეროპორტიც კმარა. ამ მიზნით პრაქტიკულად უქმია ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები. საინტერესოა, აჭარასა და სვანეთში რომელი ავიაკომპანია შეასრულებს რეისებს? მართლა წარმოუდგენია საქართველოს პრეზიდენტს ასეთი მარშრუტი - სტამბული-მესტია ან ვენა-შუახევი, ან კიდევ ლონდონი-ხულო?
მით უმეტეს, რომ ფოთში თბილისის აეროპორტის კონკურენტი, ამიერკავკასიის უდიდესი აეროპორტის მშენებლობა უკვე იწყება. როგორც კომპანიის წარმომადეგენლები იტყობიანებიან, სახელმწიფოსთან საპრივატიზაციო ხელშეკრულება მაისის ბოლოს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც “რაკიამ” ფოთის აეროპორტის აქციების 98%-ში 1 მილიონ 100 ათასი დოლარი გადაიხადა.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, ახალი აეროპორტის მშენებლობა მიმდინარე ზაფხულში დაიწყება და 2013 წლისთვის დასრულდება. პროექტისთვის რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო.
სავარაუდოდ, მომავალში აეროპორტების ეს რაოდენობაც არ იქნება საკმარისი. ამიტომ აქედანვე უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა თუ დაბაში მინიმუმ ერთი აეროპორტი მაინც აშენდეს. რას იზამ, 21-ე საუკუნეა და ჩვენ სხვაგვარად ვერ გავფრინედით...