შაშკინის დაცვით თავგზააბნეული ხელისუფლება

შაშკინის დაცვით თავგზააბნეული ხელისუფლება

მიმინოშვილის მოხსნის შემდეგ ვინ რა განცხადებას აკეთებს, ვის ვინ ჰგონია ყველაზე მაგარი და წარმატებული, კაცი ვერ გაიგებს და ხელისუფლების წარმომადგენელთა განწყობები აშკარად იმის მიხედვით იცვლება, თუ ზემოდან რა დირექტივას ღებულობენ.

მაგალითად, გუშინ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრისას იმასაც კი ამბობდა, რომ შაშკინის რეიტინგი მერაბიშვილის რეიტინგს აჭარბებს და განსაკუთრებით მიმინოშვილის მოხსნის შემდეგ გაიზარდაო. არადა, აქამდე ნაციონალებს საამაყოდ სწორედ მერაბიშვილის რეიტინგი ჰქონდათ.

ამ შემთხვევაში კი, როგორც ჩანს, შაშკინი ჰყავთ დასაცავი ნებისმიერი საშუალებით. მაგრამ იმდენად დაბნეულები არიან, რომ შეთანხმებულ განცხადებებსაც კი ვერ აკეთებენ, მათ შორის, შაშკინის მიმართ არსებულ მთავარ ბრალდებაზე.

საუბარია შაშკინის მიერ 600-მდე ყალბი ატესტატის გაცემის საკითხზე, რაზეც დღეს უკვე გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი საუბრობს.

მიმინოშვილის თქმით, გასული წლის აგვისტოში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, ლოჯისტიკის დეპარტამენტში პრეტენზიით რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა, რომელთაც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის პრეტენზია ჰქონდათ, თუმცა მათზე ატესტატები გაცემული არ იყო.

„ჩვენმა თანამშრომლებმა ეს მოსწავლეები ბაზაში მოძებნეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილები იყვნენ. ჩვენ განვუცხადეთ, რომ ჩაჭრილი ხარ და ამიტომაც ვერ მიიღებდი მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. მათ წარმოგვიდგინეს ატესტატები. კი ჩავიჭერით, მაგრამ ატესტატი მოგვცესო. ამ მოსწავლეთა რაოდენობა 600-მდეა“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ის ამ საკითხზე დიმიტრი შაშკინს დაელაპარაკა, ის ამისათვის მზად იყო. „მივიღე პასუხი, რომ პოლიტიკურად ასე იყო საჭირო. დიმიტრი შაშკინმა დამაბარა, რომ შენს თანამშრომლებს უთხარი, რომ ეს ატესტატები არის ყალბი და დაწყნარდეს ყველა. ეს კი არის კრიმინალი“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

სხვა საკითხია, მიმინოშვილმა ამის შესახებ რატომ თავის დროზე არ გააკეთა განცხადება, თუმცა, მას ამასთან დაკავშირებით თავისი ახსნა აქვს, - მან მიმართა სამართალდამცავებს და იმედოვნებდა, რომ ისინი სათანადო რეაგირებას მოახდენდნენ, რადგან ეს იყო კრიმინალი.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის თავად ყალბი ატესტატების გაცემის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ პარლამენტში დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმაც გამართა ბრიფინგი და განათლების სამინისტრო კრიმინალურ ქმედებაში დაადანაშაულა.

მაშინ ამ თემაზე განათლების სამინისტროში და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარის გაკეთებაც კი არ ისურვეს.

საინტერესო კი ის არის, რომ დღეს გაბაშვილი იმასაც  კი „ვერ იხსენებს“, თუ როდის სთხოვეს ჟურნალისტებმა ამ ბრძანებაზე განმარტება.

სამაგიეროდ, გუშინ აცხადებდა, რომ არც ყალბი მოწმობები გაცემულა და სპეციალური სერიის დოკუმენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება სამინისტრომ ეთნიკურად არაქართველებისთვის მიიღო.

„ეს იყო გამონაკლისი ეროვნული უმცირესობებისთვის. ეს სამინისტრომ მაშინვე განმარტა“, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ საპარლამენტო კომიტეტი თავიდანვე დაინტერესდა ამ საკითხით და სამინისტროსგან ინფორმაცია გამოითხოვა.

როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან განათლების კომიტეტმა მიიღო ინფორმაცია და „გასაგები ახსნა-განმარტება“, რომ ეს არ იყო ატესტატი, რომლითაც შესაძლებელია საქართველოში სწავლის გაგრძელება.

თუმცა, მის ამ ნათქვამში ორი საკითხია საინტერესო. პირველი ის, რომ, როდესაც ამ საკითხზე ცაგარეიშვილმა ბრიფინგი გამართა და მას კომენტარი ვთხოვეთ, რატომ არ მოისურვა პასუხის გაცემა. მით უმეტეს, თუ მას ეს საკითხი შესწავლილიც ჰქონდა მინისტრისგან სათანადო პასუხიც მოსმენილი.

მეორე საკითხი კი უკავშირდება იმას, რომ ეთნიკურად არაქართველებისთვის დაშვებული გამონაკლისით ისარგებლეს ეთნიკურმა ქართველმა ბავშვებმა და, რაც მთავარია, ისინი მაღალჩინოსნების შვილები არიან. დღეს მათი ვინაობა არ სახელდება. თუმცა, presage.tv-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი გარემოს დაცვის მინისტრის შვილი იყოს. 

გოკა გაბაშვილმა გუშინ მედიის წარმომადგენლებთან კატეგორიულად უარყო, რომ ეს ატესტატი ეთნიკურ ქართველ ბავშვებსაც აქვთ აღებული. სხვათა შორის, ამ კითხვაზე ის საკმაოდ გაღიზიანდა, „რით ვერ გაიგეთ, გამოვრიცხავ ამასო“ და განმარტა, რომ ეს იყო ეთნიკურად არაქართველების მიმართ ჰუმანური მიდგომა, რომელსაც არ შეიძლება შეეწინააღმდეგო.

„სამინისტრომ გამონაკლისის სახით დაუშვა ეთნიკურად არაქართველებისთვის, რომ მათ მისცემოდათ სპეციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მათ საქართველოში სწავლას. თუმცა, ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი საშუალო განათლების ატესტატი, რომლითაც შესაძლებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა“, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ ეს იყო მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის მიღებული გადაწყვეტილება და მათთვის, სამინისტროს სხვა არაერთი გამონაკლისი დაუშვია.

რამდენიმე წუთში კი განათლების სამინისტრომ გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც, ფაქტობრივად, გაბაშვილის ეს განცხადება იყო უარყოფილი და საუბარია იმაზე, რომ ეთნიკური ქართველებისთვის ასეთი ატესტატები ნამდვილად გაიცა.

კერძოდ, სამინისტროს განცხადების მიხედვით, სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატები მიიღო 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება. პირველი კატეგორიაა ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ატესტატები აიღო ასევე 14-მა განსაკუთრებით ნიჭიერმა ქართველმა მოსწავლემ, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს წამყვან იმ უნივერსიტეტებში, სადაც ჩარიცხვის ძალიან მკაცრი მექანიზმები მოქმედებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეთნიკურად ქართველი, განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეებზე ასეთი ატესტატების გაცემას იმით ხსნის, რომ ამ უნივერსიტეტებს აქვთ საკუთარი საგამოცდო სისტემა, რომელიც დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

თუმცა, სამინისტრო ვერ აკონკრეტებს, რომელ უმაღლეს სასწავლებლებზეა საუბარი და „ძალიან ნიჭიერი ბავშვები“ ჩამორჩენილი ბავშვების ატესტატებით სად გაუშვეს. რაც მთავარია, ვინ არიან ეს ბავშვები. მით უმეტეს, რომ ე.წ. მისაღები გამოცდები არც ერთ ცნობილ უმაღლეს სასწავლებელს მაისში არა აქვს.