თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბათუმი თურქეთის ისტორიულ საკუთრებად გამოცხადდა. ამის შესახებ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს თურქეთის საკონსულოში მოღვაწე ერთ-ერთმა ქართველმა აუწყა, რომლის შვილიც თურქული სკოლის მე-11 კლასში სწავლობს. მოზარდმა სახლში მიიტანა წიგნი და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ თურმე ბათუმი თურქული ქალაქი ყოფილა. ამის შესახებ ბავშვის მამამ თავის ხელმძღვანელობას აცნობა, საელჩოც საქმის კურსში ჩააყენა, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. ამიტომაც შალვა ხაჭაპურიძეს, როგორც ოპოზიციონერს, ეს ინფორმაცია აცნობეს და ამის დამადასტურებელი წიგნიც გაუგზავნეს.
საქმეს ისიც ართულებს, რომ სახელმძღვანელო თურქეთის ერთ-ერთი რიგითი კერძო სკოლისთვის არ დაბეჭდილა, არამედ იგი თურქეთის განათლების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული და, შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია.
კერძოდ, თურქულ სკოლებში მე-11 კლასელებს ასწავლიან, რომ თავის დროზე ქართველებმა დაიპყრეს ბათუმი და რიზე. მართლია, რიზე თურქებმა უკან დაიბრუნეს, მაგრამ თურმე ბათუმია დასაბრუნებელი.
ბოლო დროს ბათუმის გამალებული თურქიზაციიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ჩვენვე ხომ არ ვაიძულეთ თურქეთი, საქართველოსგან მიეღო ის, რაც აქამდე ვერ მიიღო?! ხომ არ დარწმუნდა თურქეთი, რომ აჭარაში ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, დაწყებული ბიზნესებით, დამთავრებული თურქული დასახელების მქონე არაფრისმთქმელი ქუჩის სახელწოდებებით?!
Presage.tv ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანებს ესაუბრა.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ უკვე 4-5 წელიწადია, გამოიცემა წიგნი, რომელსაც მე-11 კლასის მოსწავლეებს ასწავლიან. კერძოდ, „ქემალიზმის ისტორიას“, სადაც 24-ე გვერდზე განთავსებულია რუქა, აღწერილია პირველი მსოფლიო ომის შედეგები. არდასის ხელშეკრულების მიხედვით, თურქები აცხადებენ, რომ ბათუმი თურქეთის ტერიტორიაა და იგი ოკუპირებულია ქართველების მიერ.
„ამას ასწავლიან ბავშვებს შესაბამისი ტექსტით, რომ ვინაიდან ქართველების მიერაა ბათუმი ოკუპირებული, ეს ტერიტორია უკან დასაბრუნებელია. არსებობს ყარსის ხელშეკრულება და ისტორიული დოკუმენტაცია, რომ ბათუმი საქართველოს ტერიტორიაა. არსებობს გაეროს კონვენციები, გაეროს სათანადო კომისიები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განახორციელოს სათანადო ქმედებები, დიპლომატიური ურთიერთობის გამოყენებით, რომ ეს ვითომდა „შეცდომა“, აღმოიფხვრას, რადგან, თუ ეს ასე დარჩება, ჩვენ ამ მოკლე პერიოდში ძალიან ცუდ ამბებს უნდა ველოდოთ უკვე აჭარის ტერიტორიაზე“, - აცხადებს ადვოკატი და დარწმუნებულია, რომ, ვინც ეს გააკეთა, ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა.
„წიგნი უშუალოდ დაბეჭდილია თურქეთის განათლების სამინისტროს სტამბაში და ვიზირებულია თავად იქაური განათლების სამინისტროს მიერ. ამდენად, აქ უკვე სახელმწიფოს პოლიტიკაზეა საუბარი და არა რომელიღაც ერთ წიგნში შემთხვევით გაპარულ ინფორმაციაზე“, - განმარტავს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, სწორია საკითხის ასეთნაირად დაყენება, რომ აჭარაში თურქებს განსაკუთრებული პრივილეგირების უფლება ისევ და ისევ ჩვენმა ხელისუფლებამ მიანიჭა. კერძოდ, სააკაშვილის ისტერიულმა პოლიტიკამ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ აჭარასა და ბათუმზე გაკეთებულმა აქცენტებმა.
„ლამისაა ტვინი გადაჭამა მთელ საქართველოს ბათუმთან დაკავშირებით. ეს გარკვეულ ეჭვებს იწვევდა. 26 მაისს ქუთაისში ჩატარებული აღლუმი, ალბათ, იხილეთ, სადაც ქართულ ხუთჯვრიან დროშასთან ერთად თურქული დროშა ფრიალებდა. რა იყო ეს, დღემდე ვერავინ ახსნა, არადა, დიდი თურქული დროშა პირდაპირ კადრებში ჩანდა. ზუმბა რომ გამოდიოდა, მის უკან ქართული დროშა კი არ ფრიალებდა, არამედ თურქული დროშა. ზუმბას იმდენი ტვინი არ აქვს, რომ მოტრიალებულიყო და, როცა მღეროდა საკუთარ სამშობლოზე, დაენახა, რომ უკან თურქული დროშა უფრიალებდა“.
ხაჭაპურიძის აზრით, ესაა გამყიდველი ხელისუფლება, რომელმაც რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია ჩააბარა. ამასთან, ფაქტია, რომ ეკონომიკური ანექსია და ექსპანსია თურქეთს უკვე განხორციელებული აქვს არა მარტო აჭარაში, არამედ - მთელ საქართველოში. განსაკუთრებით კი, შალვა ხაჭაპურიძე პლეხანოვზე გავლისას რწმუნდება ამაში.
მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, პროფესორი ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ თურქეთში გამოცემული ეს სახელმძღვანელო უნდა გახდეს მაგალითი ქართველი პოლიტოლოგებისთვის, რომ ჩვენ ემოციებით კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ ზუსტად ვიცოდეთ, რა პროცესები მიმდინარეობს. მაღლაფერიძის თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მათ შორის, საქართველოსაც. მეტიც, თურქეთის განათლების სამინისტრო აკეთებს იმას, რაც გამომდინარეობს თურქეთის ინტერესებიდან და მსოფლმხედველობიდან. რუსეთის განათლების სამინისტრო აკეთებს იმას, რაც რუსეთის მსოფლმხედველობისაა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი - საქართველოს მსოფლმხედველობიდან გამოდის.
„პირდაპირ მინდა გითხრათ, მე მიკვირს იმ ქართველი პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების, რომელთაც ეს გაკვირვებიათ, ეს მათი ნაკლია. რა მნიშვნელობა აქვს, თუ რა ჰგონია თურქეთს?! მთავარი ისაა, ჩვენ რა გვგონია.
ჩვენმა განათლების სამინისტრომ და ჩვენმა პოლიტოლოგებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ თავად ქართველები იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ბათუმი მათია. ჩემთვის ყველაზე საპატივსაცემო თურქეთში არის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი ჭკვიანი კაცი მსოფლიოში, დავუთოღლუ, მას რა ეგონება, მე არ მაინტერესებს,“ - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
მისი აზრით, თურქ მე-11 კლასელებს კი არ უნდა შევუცვალოთ ჭკუა, არამედ ისეთი კანონმდებლობა გვჭირდება, რომელიც ერთი წუთითაც არ დატოვებს არავითარ ეჭვს, რომ ბათუმი თურქეთი გახდება.
„თურქეთი რას დაწერს თავის სახელმძღვანელოებში, ეს აბსოლუტურად მისი საქმეა და ჩვენ საერთოდ არ უნდა ვიშალოთ ნერვები, ოღონდ ჩვენ გავზარდოთ ჩვენი ბავშვები საქართველოში, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება სწორად არ იქცევა. უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც არასდროს მისცემს საშუალებას ვინმეს, რომ ბათუმი ისევ გახდეს თურქეთის ნაწილი. თურქეთი, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, ამას აცხადებს ხმლის საფუძველზე. სტამბული არის თურქეთის ტერიტორია და ვერცერთ თურქს ვერ დაარწმუნებთ, რომ სტამბული არ არის მის ტერიტორია. თურქეთი აცხადებს, რომ ჰომეროსი არის თურქი მწერალი. არ შეიძლება, თვალდახუჭულებმა ვიაროთ და ვილაპარაკოთ ემოციებით. რის საფუძველზე აცხადებენ ამერიკელები, რომ ამერიკა მათია და არა ინდიელების?! იმიტომ, რომ იქ გადასხდნენ. რასაკვირველია, დაპყრობა მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ის, რომ თავისი სისუსტის გამო საქართველოს არავინ ჰყავს დაპყრობილი, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებიც ჩვენსავით არიან“.
თუმცა, ვასილ მაღლაფერიძეს ის პერიოდიც ახსენდება, როცა საქართველოც იპყრობდა მეზობლებს. „როცა ამბობენ, რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული საქართველო, დარუბანდი საქართველო არ იყო, არამედ საქართველოს ჰქონდა დაპყრობილი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მეზობელი ქვეყანა ეცდება მეორე მეზობლის დაპყრობას, თუ მას თავდაცვის თავი არ ექნება,“ - ასეთია ვასილ მაღლაფერიძის პოზიცია.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ადასტურებს, რომ 300 წლის მანძილზე თურქებს მიტაცებული ჰქონდათ ეს ტერიტორია, თუმცა რეალურად, ბათუმი, აჭარის მხარე ქართული მიწა, ქართული ტერიტორია იყო და ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში 1600 წლამდე არსებობდა.
„ასე ყველაფერზე შეიძლება თქვა, რომ შენია. მე-16 საუკუნის ბოლოს თურქეთმა მიიტაცა ეს ტერიტორია, მაგრამ აჭარის მოსახლეობამ მოახერხა, რომ შეინარჩუნა ქართველობა, ეროვნული თვითშეგნება, მიუხედავად იმისა, რომ გამაჰმადიანდნენ და ქრისტიანობას ჩამოშორდნენ. 1877-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, როდესაც აჭარა საქართველოს დაუბრუნდა, ეს იყო უდიდესი ზეიმი არა მხოლოდ ილიასთვის, აკაკისთვის და დანარჩენი საქართველოსთვის, არამედ თვითონ აჭარლებისთვის. სელიმ ბეგ ხიმშიაშვილი, რომელიც მანამდე აჯანყებას მეთაურობდა თურქეთის წინააღმდეგ, მემედ აბაშიძე და სხვები ჩამოვიდნენ თბილისში, მათი დიდი ძალისხმევით აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა. 1921 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, თურქებმა გარკვეული დროით დაიკავეს ეს ტერიტორია, რადგან რუსეთი გავიდა ომიდან და კაპიტულაცია გამოაცხადა. მოგვიანებით ეს ტერიტორია, მუდროსის ზავის თანახმად, თურქეთს უნდა დაეტოვებინა. მაგრამ თურქეთს არაფრით სურდა იქიდან გასვლა და სხვათაშორის, მერე, როდესაც ბოლშევიკებმა დაიპყრეს საქართველო, დამოუკიდებელი საქართველოს გენერალმა მაზნიაშვილმა, ბოლშევიკებთან ერთობლივი მოქმედებით, გაათავისუფლა აჭარა თურქებისგან. მანამდე იყო იმის მცდელობა, რომ აჭარა თურქეთის შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაგრამ არც მაშინ გამოუვიდათ არაფერი, იმდენად მედგრად იდგა აჭარის მოსახლეობა და იმდენად ქართული, ეროვნული განწყობა იყო მათში“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.
მისი თქმით, 1921 წელს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, რომელშიც რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობდნენ. ბათუმზე თურქეთის მოთხოვნის გამო გამოცხადდა თურქეთის ავტონომიური რესპუბლიკა რელიგიური ნიშნით. ამის მერე ყოველგვარი კამათი დასრულდა და ამის შემდეგ თურქეთს აღარც ჰქონია პრეტენზია.
„მე-15 საუკუნემდე თურქეთი შავიზღვისპირეთში საერთოდ არ შემოსულა და საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა მოახერხა მე-16 საუკუნის დასასრულისთვის. ასე რომ, როგორ შეიძლება მანამდე არსებულ 2000 წლოვან ისტორიას ხაზი გადაუსვან და იმიტომ, რომ დაპყრობილი ჰქონდათ ტერიტორია, თავის საკუთრებად გამოაცხადონ?!“ - კითხულობს ისტორიკოსი.
მისი აზრით, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები და უნდა შევიტანოთ საპროტესტო ნოტა, რომ ასეთი სიყალბის გაკეთება არ შეიძლება. ამასთან, გიორგი ოთხმეზური მიიჩნევს, რომ ეს გამოიწვევს დაპირისპირებას თურქეთსა და საქართველოს შორის.
„მაშინ, როცა დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვლაპარაკობთ, ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა“, - ასკვნის ისტორიკოსი და თურქების ამგვარ გააქტიურებაში საქართველოს ხელისუფალთა კვალს ხედავს. კერძოდ, აჭარაში ძალიან ბევრი მეჩეთი გაიხსნა და, ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით, თურქებს დიდი პრივილეგიები აქვთ მინიჭებული.