საქართველოს მოქალაქეთა ბრძოლა თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოსათვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ეს მძიმე ბრძოლა სააკაშვილის მხდალ, ადამიანის სახედაკარგულ, მოძალადე რეჟიმთან დღეს, როგორც არასდროს, თითოეული პატიოსანი მოქალაქისგან მოითხოვს პასუხისმგებლობას, გონიერებასა და სოლიდარობას. არც ერთ ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ სასტიკი სახელმწიფო მანქანის პირისპირ მარტოა დარჩენილი.
შექმნილ ვითარებაში ფონდ „ქომაგის“ დაარსება დროული, გაბედული და კეთილშობილი წამოწყებაა ქალბატონ ია მეტრეველისა და სხვა დამფუძნებლების მხრიდან.
მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაარსების დღიდანვე ფონდის წინააღმდეგ დაიწყო გააფთრებული ბრძოლა: ქალბატონ მოგელაძის სამარცხვინო უწყებამ ყოვლად უკანონოდ დააყადაღა „ქომაგის“ ანგარიში, ხოლო პიველივე მსხვილ შემომწირველს, ბატონ ბიძინა გიორგაძეს (რომელიც გერმანიის მოქალაქეა და თვითონ არის ამ ხელისუფლებისაგან დევნილი), ასევე უკანონოდ, დაუსწრებლად 900 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა საშუალება არ მისცეს საზოგადოებას, დახმარების ხელი გაუწოდოს უსამართლოდ დაჩაგრულ თანამოქალაქეებს. მათ სურთ ნებისმიერი მეთოდებით ჩაკლან სოლიდარობისა და თანადგომის სურვილი ადამიანებს შორის, ვინაიდან ადამიანური თანაგრძნობისა და ჰუმანიზმის ნებისმიერი გამოვლინება მათთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს.
დღეს ჩვენი მხარში დგომა სჭირდება ფონდ „ქომაგს“ და, ზოგადად, სოციალური სოლიდარობის იდეას; ქომაგი სჭირდება ათასობით ხელისუფლებისაგან დევნილ, სამსახურდაკარგულ, სრულიად უსახსროდ დარჩენილ ადამიანს; ქომაგი სჭირდება პოლიტპატიმართა ოჯახებს, რადგან პატიმრობა სააკაშვილის საქართველოში მძიმე მორალური განსაცდელის გარდა, უსერიოზულესი მატერიალური ტვირთია ოჯახისათვის - მათ ხშირად კვალიფიციური ადვოკატის დაქირავების საშუალებაც კი არა აქვთ.
ამავე დროს, ქომაგი სჭირდება იმ კეთილი ნების მოქალაქეებსაც, ვინც უსამართლოდ დევნილსა და ჩაგრულს ესარჩლება, რადგან ნეობოლშევიკური ხელისუფლებისაგან უსამართლოდ დევნილი ადამიანების გამოსარჩლება ამ ქვეყანაში ისევე სარისკოა, როგორც თავისუფალი აზროვნება და საკუთარი კრიტიკული მოსაზრების ხმამაღლა განცხადება. ასე იყო ბოლშევიზმის ეპოქაში, ასეა ახლაც. აქედან გამომდინარე, სოლიდარობა და თანადგომა სჭირდება თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე და საზოგადოებას მთლიანად.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენს საზოგადოებაში დაძრული სოლიდარობისა და თანადგომის ტალღას ვერც ცალკე აღებული მოგელაძის უწყება და ვეღარც მთლიანად სახელისუფლებო მანქანა ვეღარ შეაჩერებს.
„ქართული აკადემია“ მიმართავს იმ კერძო ფონდებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს, ან მომავალში აპირებენ გამოხატონ თანადგომა „ქომაგის“ მიმართ: შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ ჩაგრულ თანამოქალაქეთა დახმარების ალტერნატიულ, კანონიერ გზებზე, სანამ ფონდ „ქომაგის“ ანგარიშს უკანონოდ დადებული ყადაღა აეხსნება.