საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.
გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლეებმა ნანა ჭიჭილეიშვილმა, თეა ძიმისტარიშვილმა და ნათია ქუთათელაძემ მოსარჩელე მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და ძალაში დატოვა ე.წ. „უდოს“ კომისიის დადგენილება. კანონის დამცველების და მოპასუხე მხარის გულცივობამ დარბაზში მყოფი მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. განსასჯელის დამ ნანული ვახანიამ გადაწყვეტილება გააპროტესტა და დარბაზი დატოვა.
აკადემიკოსმა ვლადიმერ ვახანიამ პროცესზე დასწრების სურვილი წერილობით გამოთქვა და სასამართლოს საქმის მასალების გაცნობისთვის დრო სთხოვა, თუმცა
მოსამართლეებმა: ჭიჭილეიშვილმა, ძიმისტარიშვილმა და ქუთათელაძემ პატიმარს ამის საშუალება არ მისცეს, გადაწყვეტილება კი დაჩქარებული წესით, 5-წუთიანი თათბირის შემდეგ გამოიტანეს.
სასამართლომ ვლადიმერ ვახანიას ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მტკიცებულებად არ ჩათვალა, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივების არსებობას ამტკიცებდა.
ვლადიმერ ვახანია: „შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენების საფუძველზე აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მოტივი, რომელმაც გავლენა იქონია ჩემი კანონიერი უფლების დარღვევაზე.
ცოტა არ იყოს, გაუგებარია თუ საერთოდ მიუღებელი არა, მკვეთრად განსხვავებული სამართლებრივი შეფასება საბჭოს მხრიდან, როცა დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მსჯავრდებული გიორგი გორდაძე 1) გასამართლებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის,
2) დასჯილია მკაცრი სახდელით, (კარცერი 5 დღე-ღამით)
3) ჰყავს მეუღლე, ორი შვილი; შეფასების ფორმულით განისაზღვრა საბოლოო ქულა – 3, 5
დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მსჯავრდებული ვლადიმერ ვახანია 1) იგივე, 2) არ ყოფილა დასჯილი, 3) ჰყავს მეუღლე, სამი შვილი; შეფასების ფორმულით განისაზღვრა საბოლოო ქულა – 7, 5
გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო მუშაობს ყველაზე უფრო დაბალი სტანდარტით სამართლებრივ საკითხთა გადაწყვეტის დროს, რაც მიანიშნებს სამართლის შერჩევითობაზე“, – წერს ვლადიმერ ვახანია სასამართლოსთვის გაგზავნილ შუამდგომლობაში.
პოლიტპატიმრის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასამართლომ, ისევე, როგორც ე.წ. „უდოს“ კომისიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით პიროვნების დისკრიმინაცია ხორციელდება.
ვლადიმერ ვახანიას და, ძმის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებას, პატიმარზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს.
ნანული ვახანია: „SOS !!! რუსთავის №6-ე საპყრობილე აგრძელებს ვლადიმერ ვახანიას მოწამვლას!!! მისი ჯანმრთელობის გაუარესება შევნიშნე ჯერ კიდევ მარტში. მაშინვე დამიწყეს პაემანების შეფერხება, არ მაძლევდენ ძმასთან შეხვედრის უფლებას. ბოლოს, როგორც იქნა ვლადიმერს შევხდი. ჩემი ძმა გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეჭვი, რომ ისევ დაიწყეს ვლადიმერის მოწამვლა, გამართლდა.
მკვლელი და ჯალათი ხელისუფლება ძმას მიკლავს და მე ამას დიდი ხანია ვუყურებ და ვერაფრით ვშველი. დავამტკიცე, რომ ვლადიმერის სიცოცხლე საფრთხეშია და ის საპყრობილებში მოწამვლით დაავადდა. ეს პროცესი ისევ გრძელდება! ჩემი ძმის სიცოცლის ხელყოფით და „უდო“-ზე უარის თქმით საქართველოს პრეზიდენტი და მისი ძალოვანი სტრუქტურები ვლადიმერ ვახანიაზე საშინელ ზეწოლას აგრძელებენ, თუნდაც ვლადიმერის სიცოცხლის ფასად!!! მე, ვლადიმერ ვახანიას და, ნანული ვახანია, ვაცხადებ: ვადანაშაულებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მის „კუდ“-ს, მის იუსტიციის მინისტრს, მის შინაგან საქმეთა მინისტრს, მის პროკურორებს (საქართველოს და თბილისის მთავარ პროკურორებს), საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს – პატიმრის მიზანმიმართულ ლიკვიდაციაში!!! თქვენზე საჩივარს შევიტან საერთოშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში! მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!“ – ამბობს ნანული ვახანია.
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.
განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.
2012 წლის სექტემბერში, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება და შემოდგომაზე ამოიწურება სასჯელის ვადა.