მდიდრული სასტუმროები, გადატკეცილი საჯარო შენობები და ახალი ქალაქის დაგეგმვა: არის ეს საქართველოს პრეზიდენტის აღმშენებლობა ქვეყნის მომავლისთვის თუ მეგალომანის საქმიანობა?
ძველებური საათი ოთახში ინგლისურია, მაგრამ პიანინო ფრანგული, ისევე როგორც შესანიშნავი ფაიფურის ჭურჭელი, რომელიც სასადილო მაგიდაზე დევს რუსულ დანა-ჩანგალთან ერთად.
ჭავჭავაძის ოჯახმა ევროპიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, ყველაფერი საუკეთესო თავის ამ იტალიური ვილაში, საქართველოში ჩამოიტანა და ველური კავკასიის ჩრდილში ის კულტურული საზოგადოების ოაზისად აქცია.
აქ, წინანდალში სტუმრად იმყოფებოდა ალექსანდრე დიუმა, ისევე როგორც რუსი პოეტები ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი და ალექსანდრე გრიბოედოვი. ეს უკანასკნელი 16 წლის ნინო ჭავჭავაძეზე დაქორწინდა.
ისინი სეირნობდნენ ბაღებში იმ ხეებს შორის, რომლის ნარგავებიც ნინოს მამამ, პოეტმა, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე ალექსანდრე ჭავჭავაძემ მთელი მსოფლიოდან ჩამოიტანა, და მიირთმევდნენ მათი ვენახების ხრაშუნა თეთრ ღვინოს ვილის აივანზე, რომლიდანაც დაკბილული მთების ხედი მოსჩანს.
მაგრამ რუსეთის ამ პერიფერიაზე სიმშვიდე მაცდუნებელი იყო და ქაოსი და ტრაგედია ხშირად არღვევდა წინანდალის ელეგანტურ წესრიგს.
1829 წელს გრიბოედოვი ხალხის გაავებულმა მასამ თეირანში მოკლა, სადაც ის სპარსეთში მეფის ელჩად მუშაობდა. ახალგაზრდა ნინო დაქვრივდა ისე, რომ ქორწინებიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული.
მოგვიანებით, დაღესტნის მთებიდან გადმოსულმა მუსულმანმა მებრძოლებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ კავკასიაში რუსეთთან მებრძოლ შამილს, გაძარცვეს წინანდალი და მოიტაცეს ნინოს ძმის ცოლი, მათი ცხრა შვილი და ფრანგი ძიძა. ოჯახის გამოსყიდვის მცდელობისას დავით ჭავჭავაძემ სახლი დაკარგა, რადგან დაგირავებული წინანდალი რუსული ბანკებისგან ვეღარ გამოისყიდა.
დღეს ირანი ისევ ბორგავს სამხრეთში, დაღესტანი თავნებობს კავკასიაში, და წინანდალი კვლავ ძვირფასი სამკაულივითაა ვენახებისა და მთების პირველქმნილი სილამაზით გარშემორტყმული.
ცხოვრება იცვლება აქ, თანაც სწრაფად – მუშები ღვინის სარდაფებს აღადგენენ და შთამბეჭდავი ახალი შენობაც ფორმას იძენს.
ის 2014 წელს გაიხსნება, როგორც „რედისონის“ 100 ნომრიანი სატუმრო, იუწყება „სილქ-როუდ ჯგუფი“, რომელიც ამ პროექტში €15 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს და მანამდე ისტორიული ვილა და ბაღები აღადგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერსონალურად „დალოცა“ პროექტი. ბოლო ვიზიტის დროს წინანდალში, მან ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელიც რეგიონულმა განვითარებამ უნდა ითამაშოს იმ ქვეყნის ეკონომიკის წახალისებაში, რომელიც ხანმოკლე, მაგრამ დამაგრეველ ომში დამარცხდა რუსეთთან 2008 წელს.
ეს ბიძგს მისცემს ინვესტიციების შესვლას და სამუშაო ადგილების გაჩენას თბილისისგან მოშორებულ ადგილებში, სადაც უკვე უამრავი მდიდრული სასტუმროა, ახალი საჯარო შენობები და შადრევნებიანი მოედნები, რომელიც სააკაშვილის ამერიკელმა სტუმარმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე ნახა.
მათ წარმოადგინეს €200 მილიონიანი 47 სართულიანი Trump Tower-ის გეგმა, საცხოვრებელი კომპლესის, რომელსაც ასევე აშენებს „სილქ როუდ ჯგუფი“. კომპანიის წარმომადგენლების თქმით კომპლექსი გახდება ორიენტირი სუბტროპიკულ ზონაში დამსვენებელთათვის, რომელსაც ამერიკელმა მილიარდერმა „რეგიონის მონტე კარლო“ უწოდა.
„ვფიქრობ თქვენ გაქვთ უამრავი საინვესტიციო შესაძლებლობა საქართველოში“, განაცხადა ტრამპმა ვიზიტის დროს. „საოცრებაა რაც ხდება. ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია მსოფლიოში დღეისთვის“.
სააკაშვილი უდაოდ დაეთანხმებოდა მას, ისევე როგორ ის უცხოური კომპანიები, რომლებმაც საქართველოში დაახლოებით €770 მილიონის ინვესტიცია განახორციელეს 2011 წელს, რაც 20%-ით მაღალი მაჩევენებლია წინა წელთან შედარებით.
პრეზიდენტი დაახლოებით €500 მილიონის ინვესტიციის მოზიდვას იმედოვნებს, რომელიც მას ახალი სანაპირო ქალაქის, ლაზიკას შექმნისთვის სჭირდება. ლაზიკა ჭაობზე, ბათუმიდან ჩრდილოეთით უნდა აშენდეს.
სააკაშვილის თქმით, ლაზიკა ათი წლის განმავლობაში ნახევარმილიონიანი ქალაქი გახდება, რაც მას თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქად აქცევს.
ახლა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისია. ის თბილისს და სანაპირო ზოლს შორის მდებარეობს. შაბათს იქ პარლამენტის პირველი სიმბოლური სესია გაიმართა ახალ შენობაში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და რომლის მშენებლობის ღირებულებაც €60 მილიონია.
დეპუტატები იქ სისტემატიურად იმუშავებენ მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
სააკაშვილის ოპონენტები (ათობით ათასი ადმიანი, რომელიც კვირას თბილისში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობდა) ამ გეგემებს განდიდების მანიით დაავადებული ადამიანის პატივმოყვარეობის პროექტებს უწოდებს.
ისინი ვერ ხვდებიან ვინ შეიძლება იცხოვროს იმ უზარმაზარ Trump Tower-ში, წარმოდგენა არ აქვთ ვინ არის ლაზიკას ის 500,000 სავარაუდო მცხოვრები; და პოლიტიკურ მაქინაციებს ხედავენ პარლამენტის თბილისიდან გადატანაში.
ისინი ჩივიან ასევე, რომ საქართველოს მოქმედი ინფრასტრუქტურა სასწრაფო განახლებას საჭიროებს, რასაც ადასტურებს ამ თვეში თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს ძველი სახლების ნგრევა და ხუთი ადამიანის დაღუპვა.
საქართველოს მოდერნიზებასთან ერთად, სააკაშვილი იმედოვნებს, რომ რეგიონული განვითარება დაეხმარება მას აფხაზეთის, რუსეთის მხარდაჭერილი სეპრატისტული რეგიონის დაბრუნებაში.
ლაზიკა აფხაზეთის და ბათუმის გვერდით იქნება, და ჩინოვნიკებს სჯერათ, რომ იქ მზარდი კეთილდღეობის საგანგებო ხაზგასმა დაარწმუნებს აფხაზებს, რომ თბილისის მმართველობის ქვეშ ისინი თავს უკეთ იგრძნობენ. პარლამენტის ქუთაისში გადატანა იგივე პროგრამის ნაწილია.
„ქუთაისის [საქართველოს] მეორე დედაქალაქად გარდაქმნა, როგორც ეს იყო დიდი მეფე დავით აღმაშენებლის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტია დასავლეთ საქართველოს სრული კონტროლის აღდგენის დაწყებისთვის“, თქვა სააკაშვილმა. „ჩვენ აფხაზეთი ქუთაისიდან უნდა დავიბრუნოთ“.
დავით აღმაშენებელმა საქართველო მე-12 საუკუნეში გააერთიანა, და სააკაშვილი ხშირად ავლებს პარალელებს თავის მმართველობასა და შუა საუკუნეების მეფის მმართველობას შორის.
კავკასიიდან შავ ზღვამდე, მშენებლობის ღრჭიალი სააკაშვილის პრეზიდენტობის საუნდრეკია.
მაგრამ რას აშენებს ის? სოლიდურ ფუნდამენტს საქართველოს მომავლისთვის თუ ძვირადღირებულ პოტიომკინის ფასადებს?
თუკი მისი მიღწევები გაუძლებს დროის ქარტეხილებს ისევე როგორც ჭავჭავაძეების ვილა წინანდალში, მაშინ ის საქართველოს შფოთიან ისტორიაში მყარ ადგილს დაიმკვიდრებს.
foreignpress.ge