Presage.tv დაინტერესდა, თუ რა ეწერა ამ კუპონებზე. გაირკვა, რომ მოქალაქეების უმეტესობას მერკანტილური ინტერესები ნაკლებად აწუხებდა და უფრო პატრიოტული სურვილები ჰქონდა. კერძოდ, ერის გამთლიანების, დაკარგული ტერიტორიების შემოერთებისა და სოციალური სფეროს გაუმჯობესების მომხრე იყო. თუმცა იყვნენ ისეთნიც, რომლებიც დაუფარავად წერდნენ, რომ მათ მანქანა ან ბინა სურდათ.
ჩვენი თანამოქალაქეები სურვილებს სახელებისა და გვარის მითითებით, ან მის გარეშე გამოთქვამდნენ. თუმცა, მათ ახდენას სავარაუდოდ, ოქტომბერში ელოდებიან.
„ოცნებები ოქტომბრიდან აგვიხდება. ზოგიერთი ოცნება შეიძლება მანამდეც ახდეს, მაგრამ ოქტომბრიდან ნამდვილად ყველა მათგანი ახდება“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე. ერთ-ერთი მონაცემებით, 27 მაისს 7 ათასზე მეტი ფლაერი შეგროვდა.
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, 27 მაისს შეგროვებულ ფლაერებზე ჩვენი მოქალაქეები ტერიტორიალური მთლიანობის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, გადასახადების შემცირების სურვილს გამოთქვამდნენ.
„უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ფლაერი შემოვიდა. უბრალოდ, ზუსტი ციფრი არ ვიცი და ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის უმთავრესია როგორც პატრიოტული თემატიკა, ასევე, ყოფითი, სოციალური პრობლემები. ადამიანებს უნდათ უკეთესი ცხოვრება, მათი სურვილია, გაცილებით ნაკლები გადასახადები მიუვიდეთ. რაც შეეხება კონკრეტულ პირად სურვილებს, ასეთი თხოვნა ნაკლებად იყო და ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებდათ ბინის თუ მანქანის მიღება. „ქართული ოცნების“ წევრ გოგონას ვესაუბრე, ვინც ამ ფლაერებს ახარისხებდა და ასეთი პირადი თხოვნა ნაკლებად იყო“, - განმარტავს ზვიად ძიძიგური Presage.tv-სთან საუბარში.
მისი თქმით, ოცნებების ახდენა შესაძლებელია, მაგრამ ეს ვერ მოხდება სააკაშვილის მმართველობის პირობებში.
„ვინმეს თუ ყოფითი პრობლემა აქვს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს, ეს როგორ მოხდება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში?! პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ოცნებები ახდეს, ეს არის ოქტომბრის არჩევნებზე იმ ბარიერის მოშორება, რომელიც ხელს უშლის, რომ ადამიანი წელში გაიმართოს და თავი მაღლა ასწიოს. ეს ბარიერი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. ამიტომ, ეს ხალხი, რომლებმაც თავიანთი ოცნებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კოალიციაში გამოგზავნეს, ყველანი, ჩვენი თანამებრძოლები არიან და მალე იქნებიან ერთ მუშტად შეკრულები, რათა ოქტომბერში დავიწყოთ ამ სურვილების რეალიზება“, - გვითხრა ზვიად ძიძიგურმა.