აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - როდესაც ბავშვი სკოლაში ირიცხება, მან და მისმა მშობელმა იციან, რომ სკოლის დასრულების შემდეგ მან მისაღები გამოცდები უნდა ჩააბაროს. ჩვენთან კი წარუმატებელი განათლების რეფორმის შემდეგ, რამაც ისედაც თავგზა აუბნია მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ასევე მათ მშობლებს, სკოლის მოსწავლეებს ახლა უკვე სთავაზობენ საატესტატო გამოცდებს, რომლებმაც მისაღები გამოცდები უნდა ჩაანაცვლოს. ამდენი სიახლეები, როგორც წესი დაბნეულობას და გაუგებრობებს იწვევს და ვითარებას განათლების სისტემაში კიდევ უფრო ართულებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მოხდება სისტემით რვა პლუს ერთი, ანუ საატესტატო გამოცდებს დამატებული ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა. რატომ გახდა ასეთი აუცილებელი ძველი სისტემის მოშლა და მის ნაცვლად უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების საატესტატო გამოცდების საფუძველზე ჩარიცხვა, ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ გამოცდები არის შეჯიბრება და ეს მეთოდი საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად ნაკლები რესურსების გამოყენებით შევაჯიბროთ აბიტურიენტები ერთმანეთს.
„არაფრისთვის არ არის საჭირო რთული და სპეციალობაზე ორიენტირებული გამოცდები. ახლა არის ასეთი სისტემა - რვა პლუს ერთი, პლუს ოთხი გამოცდა. ეს ოთხი გამოცდა სპეციალობაზე არის ორიენტირებული. ის, რომ აბიტურიენტს არჩეული აქვს სპეციალობა და იმისთვის, რომ სპეციალობაში კარგად შევიდეს, კარგად მომზადებული უნდა იყოს - ეს არის არაადექვატური მოსაზრება, რადგან სკოლის დამთავრების ეტაპზე არ შეიძლება აბიტურიენტს უკვე არჩეული ჰქონდეს სპეციალობა და ის, თუ სად გააგრძელებს თავის კარიერას. ამიტომ ეს არის როგორც აბიტურიენტების, ასევე მათი მშობლების რეპეტიტორებზე რესურსების არასწორი ხარჯვა. ამდენად, ამ გამოცდების ნაცვლად რა თქმა უნდა, სჯობს აბიტურიენტი საატესტატო გამოცდებზე დაგროვილი ქულების შესაბამისად მოხვდეს უმაღლეს სასწავლებელში“, - აცხადებს გიგი თევზაძე presage.tv-სთან საუბარში.
ჩვენს კითხვას - თუკი სკოლა არ იძლევა საკმარის ცოდნას იმისათვის, რომ აბიტურიენტმა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს, რის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს იგი უმაღლეს სასწავლებელში, გიგი თევზაძე კითხვითვე პასუხობს.
„სკოლა თუ არ იძლევა, მაშინ რა იძლევა შესაბამის განათლებას? ეს არის ძალიან მოძველებული და ამორალური რეპეტიტორული სისტემა. უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა შეუძლია იმას, ვისაც რეპეტიტორის ასაყვანად საკმარისი ფული აქვს და ეს არის არასამართლიანი სისტემა. ჩვენ უნდა მოვერგოთ იმ ვითარებას, რაც გვაქვს, ანუ როგორი საშუალო სკოლაც გვაქვს ქვეყანაში, ისეთი მიღება უნდა გავაკეთოთ უმაღლეს სასწავლებელში“, - აღნიშნავს გიგი თევზაძე.
მისი თქმით, გამოცდები, რომელიც ეროვნული ცენტრის მიერ იყო შემოთავაზებული, ძირითადად ინფორმაციის ფლობაზე იყო ორიენტირებული და არა რაიმე უნარებზე. თევზაძე ამბობს, რომ მართალია აბიტურიენტს გარკვეული სპეციალობა არჩეული აქვს, მაგრამ ასეთი შემთხვევების დაახლოებით 80-85%-ში არჩევანი მოგვიანებით იცვლება. ამიტომ არანაირი აზრი არ აქვს, ვაიძულოთ ახალგაზრდა რომელიმე დისციპლინაში დასპეციალდეს.
presage.tv-ს კითხვაზე საატესტატო გამოცდებით უმაღლესში მოხვედრილი სტუდენტი შეძლებს მიიღოს ხარისხიანი განათლება იმ ფონზე, როდესაც სკოლა მას ცოდნის მინიმუმს აძლევს, გიგი თევზაძე პასუხობს:
„გააჩნია, რომელი უმაღლესზე და გააჩნია რა პროგრამაზეა საუბარი. ყველა უმაღლესის პროგრამა სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვანაირია. თანამედროვე მოთხოვნებით ბაკალავრიატის პროგრამა სტუდენტებს ძალიან ფართო არჩევანს სთავაზობს და უარყოფს იმ სისტემას, რომლითაც დისციპლინა თავიდანვე უნდა აირჩიო. ყველაზე გავრცელებული სისტემები რაც არის, ანუ ჩრდილოამერიკული და კანადური სთავაზობენ ზოგი - ორწლიან, ხოლო ზოგი - ერთწლიან მოსამზადებელ პერიოდს, რათა აბიტურიენტებმა ზოგადი შესავლის საგნები ისწავლონ და ამის შემდეგ ჩამოყალიბდნენ არჩევანში. ასე რომ, მიმაჩნია, ის აბიტურიენტები, რომლებიც საატესტატო გამოცდებს ჩააბარებენ, ადვილად დაძლევენ უნივერსიტეტის პროგრამებს“.
„თავისუფალი დემოკრატების“ განათლების სფეროს ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ უნდა იყოს ისეთი საატესტატო გამოცდები, რომ აღარ იყოს საჭირო უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება და სასკოლო გამოცდების ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტები ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებელში. მაგრამ გოგუაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში არსებული ე.წ. “CAT” სისტემით, როგორც ტარდება საატესტატო გამოცდები, აბიტურიენტების ცოდნის შემოწმება შეუძლებელია, რადგან ეს არის შესაძლებლობების შემოწმების სისტემა. იგი არ ამოწმებს არც წერის კულტურას, არც ლოგიკური მსჯელობის კულტურას და არც სხვადასხვა უნარებს.
ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა ისეთი ტესტის შექმნა და ისეთი საგამოცდო სისტემის გამართვა, რომლითაც ბავშვების ცოდნის შეფასება სხვანაირად მოხდება.
„ეროვნული გამოცდების ცენტრმა შარშან ეს ე.წ. “CAT”-ის სისტემა იმიტომ შემოიტანა, რომ დაუძლეველი ამოცანის წინაშე დადგა - ერთის მხრივ უნდა შეესრულებინა განათლების მინისტრის სრულიად ვოლუნტარისტული ბრძანება, ანუ ყველა სკოლაში ჩაეტარებინა საატესტატო გამოცდები, ხოლო მეორეს მხრივ - ბავშვები რაც შეიძლება ნაკლებად დაეზარალებინა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რეფორმირების დროს სასკოლო განათლებამ კოლაფსი განიცადა. სახელმწიფო მოსწავლეს არანაირ ცოდნას აძლევდა და უცებ ასე ვოლუნტარისტულად შემოიღო გამოცდები. სწორედ ამით იყო განპირობებული ის, რომ ასეთი ტიპის გამოცდა მივიღეთ და ამ ტიპის გამოცდის შემოღებით იმ დიადი მიზნის მიღწევა, რომ გაუქმდეს მისაღები გამოცდები, არის სრული კატასტროფა და ამ პირობებში შეუძლებელია“, - ამბობს ნინო გოგუაძე presage.tv-სთან საუბარში.
იგი ვერ ხსნის, რატომ შეიძლებოდა განათლების სამინისტროში ამგვარი ინიციატივა გაჩენილიყო. ნინო გოგუაძე ამბობს, რომ საერთოდ განათლების სამინისტროში ბევრი ალოგიკური და სრულიად არაპროფესიული გადაწყვეტილებები მიიღება. აქვე იგი აცხადებს, რომ ვერავინ დაასაბუთა, რატომ უნდა მოხდეს დღევანდელი საგამოცდო სისტემის პირობებში მისაღები გამოცდების გაუქმება და მათი საატესტატო გამოცდებით ასე უცებ ჩანაცვლება.