რუსთაველზე დაკავებულ ახალგაზრდებს ოჯახი და ადვოკატები ვერ პოულობენ

რუსთაველზე დაკავებულ ახალგაზრდებს ოჯახი და ადვოკატები ვერ პოულობენ

რუსთაველის გამზირზე 29 მაისს დაკავებულ ახალგაზრდებს - ირაკლი ბერაიას, ზაზა სვანაძეს, ირაკლი ყაჭიურს, აკაკი ობგაიძეს და სერგი კიღურაძეს, რომლებსაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ მისჯილი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და მეგობრები ვერ პოულობენ. ეს ინფორმაცია presage.tv-ს მიაწოდა ქეთევან გოგინაშვილმა, რომელიც ასევე დაკავებული იყო, მაგრამ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გუშინვე გაათავისუფლეს.

დაკავებულებს, რომ ვერ პოულობენ, ეს ინფორმაცია ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძემაც დაგვიდასტურა. presage.tvასევე ესაუბრა ზაზა სვანაძის დედას - მზია სვანაძეს, რომელიც დღეს მისული იყო ქალაქის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორსა და მოდულის შენობაში, სადაც უთხრეს, რომ მისი შვილი იქ არ იმყოფება. ამის შემდეგ მზია სვანაძე გორისკენ გაემართა, რადგან მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მისი შვილი გორში ჰყავდათ.

როგორც თავად გვითხრა, დაახლოებით ოთხ საათზე, საპატრულო პოლიციაში დარეკვის შემდეგ მისცეს ნომერი, რომელზეც განუცხადეს, რომ ზაზა სვანაძე ამ წუთისთვის ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ. ახლა დედა ელოდება ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისიდან, რომელიც მისივე განმარტებით მთელი დღეა ცდილობს გაარკვიოს, სად ჰყავთ ზაზა სვანაძე და თუ დადასტურდა, რომ ის მართლაც ახალციხეშია, მზია სვანაძე იქ გაემგზავრება.

ადვოკატ ელგუჯა ჩხაიძის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ 8 ახალგაზრდა დააკავეს და სამი მათგანი (მაია მახაშვილი, ქეთევან გოგინაშვილი, ლიკა გამრეკელი) 400-400-ლარიანი ჯარიმების დაკისრების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენებს ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ელგუჯა ჩხაიძის თქმით, გუშინ ცალ-ცალკე, ერთიდაიგივე დროს გაასამართლეს დაკავებულები და მასა და ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს არ მისცეს იმის საშუალება, რომ ყველა დაკავებულის უფლებები დაეცვათ.  ჩხაიძის თქმით, დაკავებულები ადვოკატის თანდასწრებით გასამართლებას ითხოვდნენ, მაგრამ მოსამართლეებმა ამ მოთხოვნას იგნორირება გაუკეთეს, ისევე, როგორც ადვოკატების თხოვნას და ადვოკატის თანდასწრებით მხოლოდ ზაზა სვანაძე, ირაკლი ბერაია და ქეთევან გოგინაშვილი გაასამართლეს.

“გათავისუფლებულებს ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს, მთელი დღეა ვეძებთ ჩვენს მეგობრებს, გვაინტერესებს სად ჰყავთ და ვერ მივაგენით: ირაკლი ყაჭიურს, აკაკი ობგაიძეს, სერგო კიღურაძეს, ირაკლი ბერაიას და ზაზა სვანაძეს“, - გვითხრა ქეთევან გოგინაშვილმა.