დაახლოებით ათი წლის განმავლობაში მაია მიმონიშვილი სამაგალითო, არაკორუმპირებული საჯარო მოხელის რეპუტაციით სარგებლობდა. მისი ნოვატორული საგანმანათლებლო რეფორმები საყოველთაო ქების საგანი იყო, როგორც პროფესიონალების და არასამთავრობო სექტორის, ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.
შესაბამისად შოკი გამოიწვია იმან, რომ 28 მაისს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიმინოშვილი უცერემონიოდ მოხსნა სამინისტროს ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ და სკოლებში საატესტატო გამოცდების პროცესს მართავს.
სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმინოშვილის შეხედულებები რეფორმების კურსთან დაკავშირებით „ფუნდამენტურად განსხვავდებოდა“ სამინისტროს ხედვებისგან.
უმალ, საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებმა მიმინოშვილის დასაცავად სააკაშვილს ღია წერილით მიმართეს და ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მის შვილს ლაშა ყანჩაველს უკავშირდება, რომელიც 27 მაისს ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.
29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე საგამოცდო ცენტრის 60 თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს და რომ კიდევ 90 ადამიანი (ფაქტობრივად მთელი საკადრო შემადგენლობა) უახლოეს მომავალში იგივეს გააკეთებს.
მინისტრი: ბრალდებები „იდიოტურია“
„რადიო თავისუფლების“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში, 51 წლის მიმინოშვილმა ინფორმაციაზე, თითქოს მისი მოხსნის ფაქტი კვირას გამართულ ოპოზიციურ აქციაში მისი ვაჟის მონაწილეობას უკავშირდებოდა, ასე ირეაგირა:
„ეს არის ის, რასაც ყველა იუწყება. მე არ შემიძლია 100%-ით ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ [ჩემი მოხსნის] მიზეზი სწორედ ეს არის, თუმცა თუკი ეს მართლაც ასეა, არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღშფოთება“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
„მე ვადასტურებ იმას, რომ ჩემი ვაჟი ესწრებოდა აქციას. ის ზრდასრული ადამიანია. ჰყავს საკუთარი ოჯახი, ცხოვრობს ცალკე და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ერთად ვცხოვრობდით – და მე ყოველთვის პატივს ვცემდი მის გადაწყვეტილებებს, ვეთანხმებოდი მათ თუ არა. და ასე იქნება მომავალშიც“.
დამატებით, მიმინოშვილის ძმამ, ცნობილმა მუსიკოსმა ჯგუფიდან „შინი“, 26 მაისს „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ის აქციის წინა დღეს ტელეფონით ესაუბრა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერს, მხარდაჭერა აღუთქვა მას და უთხრა, რომ გერმანიაში პროფესიული ვალდებულებების გამო ვერ ახერხებდა ღონისძიებაზე დასწრებას.
თავად მიმინოშვილი ივანიშვილს 29 მაისს შეხვდა, რათა აეხსნა მისი სამსახურიდან გათავისუფლების დეტალები.
როდესაც ჟურნალისტებმა განათლების მინისტრ შაშკინს ჰკითხეს, იყო თუ არა მოხსნა პოლიტიკურად მოტივირებული, მან მოკლედ უპასუხა „შეწყვიტეთ ეს იდიოტიზმი“.
„ქართული ოცნების“ გაზეთების თანახმად, არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც პედაგოგებს და განათლების სამინისტროს სხვა თანამშრომლებს მსგავსი ქმედებების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ.
სამინისტროს ერთი თვე აქვს ამ მასობრივ გადადგომებზე რეაგირებისთვის. თანამშრომლებმა პირობა დადეს, რომ ისინი განაგრძობენ სტუდენების და პედაგოგების გამოცდების პროცესის ადმინისტრირებას და დამუშავებას.
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, მიმინოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრი განაგრძობს ამ დატვირთულ სეზონში მუშაობას. „ახლა ნაადრევია ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, თუ რას გავაკეთებ მომავალში. ჩემთვის მთავარ პრობლემას დღეს წარმოადგენენ აბიტურიენტები და ის პედაგოგები, რომლებსაც ივლისში გამოცდების ჩაბარება უწევთ“, თქვა მან.
„ჩემი ერთადერთი მიზანი, მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ყველანი – ჩემი კოლეგები და მე – პატივს ვცემთ იმ საქმეს, რომელსაც აგურ-აგურ ვაშენებდით მთელი ამ ათი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც შევძელით საკმაოდ ღირსეული სისტემის შექმნა“.
პიონერი რეფორმატორი
დაახლოებით ათი წელია, რაც მიმინოშვილი საქართველოს ყველაზე წარმატებული რეფორმატორული ძალისხმევის ავანგარდშია.
განათლების სამინისტროს საგამოცდო ცენტრის დირექტორის რანგში, მიმინოშვილი ხელმძღვანელობდა საატესტატო, მისაღებ და პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებს, რასაც კორუფციის აღმოფხვრა მოჰყვა.
განათლების განვითარების საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი სტეფანი კიმი წერს, რომ მიმინოშვილის გამოცდები სკოლებში კორუფციის შესაძლებლობას ზღუდავს.
კიმის თანახმად, მათ შექმნეს „სამართლიანი სათამაშო მოედანი“ სტუდენტებისთვის, რაც ეფუძნება მათ დამსახურებას და არა „მათ შესაძლებლობას განახორციელონ უკანონო გადახდები“.
სამი წლის წინ, თავად სააკაშვილმა გამოაჭენა მიმინოშვილი ტელევიზიით (მიუხედავად იმისა, რომ მიმინოშვილს ამან აშკარა დისკომფორტი შეუქმნა), რომ ის იმდენად არაკორუმპირებული იყო, რომ მისმა შვილმაც კი ვერ ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა და ჩაიჭრა.
ია ქუთათელაძე, საჯარო მოხელე, რომელიც 29 მაისს გადადგა, ამბობს, რომ მიმინოშვილის მოშორება სერიოზული რეგრესია საქართველოს ყველაზე წარმატებული რეფორმის განხორციელების გზაზე.
„ეს გახლდათ ძალიან მაღალი კლაისის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და ამ გუნდს მაია მიმინოშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც იყო ყველა მნიშვნელოვანი ინოვაციის ინიციატორი, იდეების გენერატორი და იმავდროულად გუნდური მუშაობის პრინციპის მხარდამჭერი“, თქვა მან.
„ამ ქალბატონს უზარმაზარი ამაგი აქვს განათლების სიტემაზე ზოგადად და კერძოდ შეფასების თანამედროვე მოდელების დამკვიდრების საქმეში საქართველოში. ახლა თქვენ განსაჯეთ, იმსახურებდა თუ არა ის მსგავს მოპყრობას“.
foreignpress.ge