სიგიჟის ახალი ფაზა თუ სახელისუფლებო რღვევა

სიგიჟის ახალი ფაზა თუ სახელისუფლებო რღვევა

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ დიდია მოლოდინი, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის გაჩენა სახელისუფლებო მონოლითის რღვევის პროცესს დააჩქარებს. მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამის გამო არ ასახელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად კანდიდატს და სწორედ ამის გამო არიდებს თავს კითხვას მისი სავარაუდო გაპრემიერების შესახებ. ექსპერტებისა და ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების შეფასებით, სააკაშვილს გულწრფელობის შემთხვევაში სახელისუფლებო ვერტიკალი ხუხულასავით ჩამოეშლება.

დაიწყო თუ არა სახელისუფლებო მონოლითის რღვევის პროცესი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის გათავისუფლებით და შემდგომშიც უნდა ველოდეთ თუ არა სახელისუფლებო სტრუქტურებიდან პროტესტის ნიშნად სამსახურების დატოვებას, სხვადასხვაგვარი ვარაუდები არსებობს. თუმცა ფაქტია, ორიოდე წლის წინ სამსახურის საკუთარი სურვილით დატოვებას, თანაც მასობრივად, ბევრი ვერ გაბედავდა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში 170-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

თანამშრომლების დიდი ნაწილი მასობრივად წერს სამსახურიდან წასვლაზე განცხადებებს და იმის მიუხედავად, რომ მინისტრმა  დარჩენა შესთავაზა, უმრავლესობა ამას არ დათანხმდა. ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ კანონის მიხედვით, მუშაობის გაგრძელება ერთი თვის განმავლობაში მოუწევთ, რა ვადაშიც მზად არიან, ახალ კადრებს სრულად გადააბარონ მონაცემთა ბაზა და შეფასების კრიტერიუმები.

ექსპერტების შეფასებით, ეს არის ამ კონკრეტული სტრუქტურის რღვევა და გახდება თუ არა სახელისუფლებო კრიზისის დასაწყისი, პროგნოზირება უჭირთ.

პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო კრიზისი უკვე სახეზეა, რღვევა იწყება და სულ მალე შეუქცევად ხასიათს მიიღებს, პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი კი მონოლითის რღვევის ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს.

ექსპერტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს არის ამ სტრუქტურის რღვევის პროცესი და კოლეგიალობის გამოჩენა, რომელზეც ქალბატონი მაია გულწრფელად დარდობს და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ის თავისი საქმის პატრიოტია, მაგრამ იმ ხალხისაც მესმის, ვინც ამ ნაბიჯს დგამს. თუმცა, ეს სამთავრობო მონოლითის რღვევას არ ნიშნავს.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და სულ მალე სურათი კიდევ უფრო გამძაფრდება.

„აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. კონკრეტული დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მაია მიმინოშვილი იმ ზარების შემდეგ არის დათხოვნილი სამსახურიდან, რომელიც განხორციელდა მისი ძმის მიერ და მის მიერ საკუთარ შვილთან. შესაბამისად, სხვა დასკვნის გაკეთება არ შეიძლება გარდა იმისა, რომ საქმე გვაქვს ტიპიურ, ბრეჟნევისდროინდელ ქმედებასთან, რომელიც განსხვავებული აზრისთვის ან თუნდაც იმისთვის, რომ ადამიანებს ან მათი ოჯახის წევრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი აზრი, ამისთვის ისჯებიან და იდევნებიან. მივესალმები იმ თანამშრომლების ნაბიჯს, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს მაია მიმინოშვილს და შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა იქნება. იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურში აღარ სურთ, რომ იყვნენ ამ ხელისუფლების პოლიტიკის, უგუნურების ან ძალადობის თანამონაწილეები.

ამიტომ, რღვევის პროცესი დაწყებულია და კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს, სიჩქარეს და დინამიკას შეიძენს უახლოეს პერიოდში. ამ ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვნახავთ, რომ კიდევ ბევრი ასეთი ხმაურიანი გადადგომა-გათავისუფლება კიდევ უფრო დიდი მასშტაბით მოხდება. კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მსგავს გადაწყვეტყილებას და ხელისუფლება იძულებული იქნება შეეგუოს იმ ახალ რეალობას, რომელიც დგება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“.

იმის მიუხედავად, რომ ეს არ ყოფილა პოლიტიკური გადაწყვეტილება და მაია მიმინოშვილი კატეგორიულად უარყოფს მომავალში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას, ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაშიც საქმე ხელისუფლების რღვევის პროცესთან გვაქვს.

„არ უნდათ ამ ადამიანებს იყვნენ იმ რეჟიმის ნაწილი, რომელიც სულს ღაფავს და დასასრულისკენ მიექანება სულ უფრო მეტი სიჩქარით. ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც აქვთ პროფესიონალიზმი, ქვეყანაზე გულშემატკივრობის განცდა და იხედებიან მომავლისაკენ, სურთ უფრო დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ, აღარ სურთ ამ რეჟიმის ნაწილი იყვნენ. შესაძლოა, ქალბატონ მაიას არ სურდეს ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, არ ვიცი. ვიცი მხოლოდს ის, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ბევრ სახელებსა და გვარებს და უწყებებს გაიგებთ, სადაც ასეთი სოლიდარობა და მასშტაბური ერთსულოვნება გაჩნდება. სადაც არ იქნება უკვე შესაძლებელი ამ ხელისუფლების მიერ თავისი ძალადობრივი მეთოდების განხორციელება. ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ის მზად არის ცვლილებისთვის და 27 მაისი ძალიან ბევრს დაეხმარა საკუთარი პოზიციის უკეთ ჩამოყალიბებაში. ხელისუფლება აგონიაშია და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც მასვე აზიანებს“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ სახეზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მოგვიანებით სახელმწიფო სტრუქტურებშიც გადავა.

„როდესაც განათლების სისტემაში ადამიანს ათავისუფლებ მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულების გამო, ბუნებრივია, აღმაშფოთებელია. მაია მიმინოშვილი ამ სისტემისთვის საამაყო პიროვნება იყო და რამდენი წელია, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩატარება სწორედ მას უკავშირდებოდა. დღეს კი ირკვევა, რომ ის თურმე წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკასთან რომელსაც განათლების სამინისტრო ატარებს და ამ ხელისუფლების ქმედება აბსურდამდე მივიდა.

როცა პოლიციის აკადემიის რექტორს ნიშნავენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად, სახეზეა რომ ხელისუფლებას ისევ დაშინების პოლიტიკა აქვს არჩეული საკუთარი თანამშრომლების მიმართ.

მიხეილ სააკაშვილს აქვს კრიზისი და აქედან გამოსვლა მას არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ გააჩნია დათმობის ან ლავირების უნარი. მას მხოლოდ პოლიციური მეთოდებით პრობლემების მოგვარების გამოცდილება გააჩნია. ვფიქრობ, მოვიდა დრო, როცა ეს გამოცდილება უკვე აღარ გამოადგება.

ვფიქრობ, რომ მაია მიმინოშვილის პოზიცია არის გამართლებული და სწორი, როდესაც ის აცხადებს, რომ თანამშრომლები, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად ტოვებენ სამსახურს დარჩნენ ადგილებზე, რათა ხელი არ შეეშალოს ეროვნული გამოცდების ჩატარებას. პოლიტიკური პრობლემა რომ არის ქვეყანამ დაინახა, მაგრამ ქალბატონი მაიას პოზიცია დასაფასებელია“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ხელისუფლების რღვევის პროცესია და ის დიდი ხანია, დაწყებულია.

„როდესაც ასეთი სამსახური დაინგრევა ხუთ წუთში, როდესაც მინისტრი მივა, 60 კაცს დაელაპარაკება და ერთსაც ვერ დაარწმუნებს, ეს მიუთითებს მის ავტორიტეტზე. რა თქმა უნდა, ეს რღვევის პროცესია, რომელიც დიდი ხანია, მიმდინარეობს და, უბრალოდ, ახლა გამოაშკარავდა. ერთი ადამიანის ხუშტურს შეეწირა წლობით ნაშენები სტრუქტურა. ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ ეკიდება როგორც კადრებს, ისე ინსტიტუციებს და პირდაპირი ნიშანია, რომ ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ეს ყველაფერი სააკაშვილის პირადი აღტკინების შედეგია და უნდა ველოდოთ, რომ მათ ახალი ფაზა აქვთ სიგიჟის, რაც 27 მაისის ძალიან ხალხმრავალმა აქციამ გამოიწვია. ამაზე რეაქცია ექნება დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, გამოხატული ძალიან არაგონივრულ ნაბიჯებში. უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებმაც ბრძნული აზრები გამოთქვეს, მაგრამ როდესაც შუა საგამოცდო პერიოდში სამსახურის ხელმძღვანელს ხსნი, ამ შემთხვევაში ოჩიაურების განმარტებები არ მაკმაყოფილებს“ -აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

„მემარჯვენე“ მანანა ნაჭყებია ყველა კოლექტივს უსურვებს ისეთ პრინციპულობას, რომელიც განათლების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა გამოიჩინეს.

„თუ განათლების სამინისტრომ დამატებითი განმარტებები არ გააკეთა, რეალურად რა მოხდა, და რაშია პრინციპული უთანხმოება, ცხადია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. რამდენად აისახება ეს პროცესი სხვა კოლექტივებშიც, ვერ გეტყვით, არ მგონია ეს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდეს, რომ სახელისუფლებო რღვევა დაწყებულია. მაია მიმინოშვილი იყო სააგენტოს ხელმძღვანელი წლების მანძილზე, რომელიც რომ გითხრათ, განსაკუთრებული საჯარო სამსახურია და მის ხელმძღვანელს პოლიტიკური თანამდებობა უკავია, ასე არ არის. თუ პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის დაიწყება მსგავსი მოძრაობა, მაშინ ადვილი შესაძლებელია იფიქრო, რომ ეს გახდება გადამდები, მაგრამ ამ ეტაპზე სამნწუხაროდ, მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ“,- აცხადებს მანანა ნაჭყებია.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე თვლის, რომ მონოლითის დასაშლელად იმ ძირითადი სტრუქტურის რღვევაა საჭირო, რომელსაც ეს ხელისუფლება ემყარება.

„მთავარი, რაზეც დგას სახელმწიფო, ეს არ არის განათლების სისტემა, ეს არის პოლიცია და ის უზარმაზარი „ნკვდ“ სისტემა, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფო აპარატი. თუ მსგავს რამეს დავინახავთ პოლიციაში, მაშინ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კი, რღვევის პროცესი დაიწყო. პოლიცია ჰყავთ ზედმეტად მოტივირებული და ამ შემთხვევაში, ჩვენთვის სამწუხაროდ და მათთვის საბედნიეროდ, მსგავს პროცესს ვერ ვხედავ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

რამაზ საყვარელიძე ამ სტრუქტურისა და ხელისუფლების დაშლას შორის კავშირს ვერ ხედავს და არც სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ელოდება მსგავსი პროცესების დაწყებას, რადგან ეს კონფლიქტი არ არის, ახალი გაჩენილი.

„როგორც ჩანს, კონფლიქტი იყო დიდი ხნით ადრე და არა შემთხვევით, არამედ განათლების სისტემასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე.

შეიძლება პოლიტიკური ნიუანსები დაემატა ან გამოაკლდა ამ პერიოდში, მაგრამ ის, რომ კონფლიქტი იყო და ოდესმე ეს კონფლიქტი თავისას იზამდა, ეს ცხადია. თან კონფლიქტი იყო იმ მხრივ, რომ ჩემი შთაბეჭდილებით, მაღალპროფესიონალი მიმინოშვილი თავისი მოვალეობის მიმართ იყო უფრო პატიოსანი, არ უთმობდა მინისტრს, რომელსაც სურდა უფრო ხმაურიანი შედეგები, რეალურად განათლების უფრო დაბალი დონით და მიმინოშვილმა საკუთარი პროფესიონალიზმი დაიცვა. სხვა სამინისტროებში პროფესიონალიზმს დაიცავენ თუ არა, არ ვიცი. ამ შემთხვევაში, უფრო პროფესიონალიზმის დრამაა ვიდრე ერთი სახელისუფლებო ჯგუფის მეორესთან დაპირისპირება, რაც იქნებოდა ასეთი რღვევის ილუსტრაცია, მაგრამ მიმინოშვილის ჯგუფი არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებაში არ მონაწილეობდა და  მკაფიოდ ჰქონდა კურსი აღებული პროფესიონალიზმზე“, - მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

ის ადამიანები ცოტანი არ არიან, ვინც სოლიდარობის ნიშნად სამსახური დატოვა, არაპროფესიონალიზმის ზეიმი კი ჩვენს სახელმწოფო უწყებებში არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ დღემდე არც ერთ მათგანს არ გაუბედავს, რომ თუნდაც არაპროფესიონალი უფროსის გამო სამსახური დაეტოვებინოს. სამსახურებიდან ხალხის მასოვრივი გათავისუფლება გვინახავს, მაგრამ ადამიანები საკუთარი უფლებების დაცვასაც ვერ ახერხებდნენ, იმდენად ეშინოდათ. დღეს კი ვნახეთ, პროტესტის ნიშნად როგორ ტოვებს კოლექტივი სამსახურს საკუთარი სურვილით. როგორც ჩანს, ის შიში მოიხსნა ან იმდენად ძლიერი აღარ არის როგორც აქამდე. ჩამოეშლება თუ არა ამის გამო სააკაშვილს საკუთარი მონოლითი, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა არავინ იცის, რა პროცესები წავა ხელისუფლებაში არჩევნების მოახლოებასთან ერთად.