ოზურგეთის პოლიციაში ხელკეტებს გამალებით იმარაგებენ

ოზურგეთის პოლიციაში ხელკეტებს გამალებით იმარაგებენ

ოპოზიციური სპექტრის გააქტიურებასთან ერთად, პოლიციის შეფარული მობილიზებაც დაიწყო. უკვე ცხადია, პოლიტიკური აქციები მასობრივ სახეს მიიღებს და ეს პროცესი რეგიონებში გადაინაცვლებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში უკვე დაწყებულია სპეცდანიშნულების რაზმების შექმნა. რამდენიმე დღეა, რაც გურიის პოლიციაში სპეცდანიშნულების მანქანებიდან დიდი რაოდენობის ხელკეტებს ("დუბინკებს") ეზიდებიან.

_ რა ხდება? აქციების დასაშლელად მობილიზაციას იწყებენ? _ ამბობენ რიგითი მოქალაქეები "გურია ნიუსთან" საუბარში და დასძენენ, რომ აქამდე ძალოვნების დუმილი და უჩვეულო სიჩუმე, სწორედაც საეჭვო იყო. ახლა მიხვდნენ, რომ საქმე მთლად კარგად ვერ არის და ხალხის უფრო მეტად დასაშინებლად ემზადებიან, მაგრამ ერთხელაც, ეს ყველაფერი მათ უკან ძალიან ცუდად შეუბრუნდებათო.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, 28 მაისს სპეცოპერაცია ჩაატარეს და მასში მონაწილეობას თბილისიდან ჩამოსული "ომონიც" იღებდა. მათ აიყვანეს სოფელ ჭანიეთში მცხოვრები სამი მოქალაქე, რომელთა დაკავების მიზეზი, ამ ეტაპზე, გასაიდუმლოებულია. ერთ-ერთ ვერსიად, თბილისის რომელიღაც ბანკიდან დიდძალი რაოდენობის თანხის გატანა სახელდება.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" ჯერ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის პოლიციის უფროსს ზვიად სვანიძესდაუკაშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციები "გურია ნიუსთან" საუბარში არ უარყო, თუმცა მისივე თქმით, ის საქმის კურსში არ იმყოფება.

ბატონო ზვიად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის სამხარეო პოლიციაში სპეცდანიშნულების მანქანებით დიდი რაოდენობის ხელკეტები მიიტანეს. იქნებ, გვითხრათ, რა მიზნით ხდება ეს?

_ არ ვარ საქმის კურსში მაგ საკითხთან დაკავშირებით. ვერაფერს ვერ გეტყვით.

აშინ სოფელ ჭანიეთში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გვითხარით _ არც ამასთან დაკავშირებით ხართ საქმის კურსში?

_ არ გამიგია არაფერი. პირველად მესმის მაგ ფაქტის შესახებ.

ანუ ორივე ფაქტს უარყოფთ?

_ არა, მე არაფერს არ უარყვოფ, უბრალოდ, არ ვარ საქმის კურსში და არ ვიცი,-მეთქი, გეუბნები.

საქმის კურსში როგორ არ ხართ? თქვენ ხომ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის პოლიციის უფროსი ბრძანდებით? შეიძლება, არ ფლობდეთ ინფორმაციებს?

_ არ ვფლობ. ძალიან გთხოვთ, მიმართეთ პრესსამსახურს, _ გვითხრა ზვიად სვანიძემ.

ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ დავუკავშირდით გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს დავით ცირეკიძეს და მოადგილეს ლაშა ჩიქვილაძეს, რომლებმაც "გურია ნიუსის" კითხვებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით, მოუსმინეს, თუმცა პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართეს.

_არ ვიცით არაფერი. არ ვართ საქმის კურსში. ვერაფერს გეტყვით. პრესსამსახურს მიმართეთ, _გვითხრეს მათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს ამჯერადაც არ უპასუხა.