როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობი“ წევრები თვლიან, რომ ვინც ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს, სწორედ ნაცმოძრაობას უნდა ემსახუროს და განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან. მაგრამ ამის შესახებ ასე საჯაროდ და ცალსახად ჯერ არც ერთ მათგანს არ განუცხადებია.
მოგვიანებით წერეთელმა თავისი განცხადება შეარბილა და განაცხადა, რომ მისი კომენტარი ჟურნალისტის განსხვავებული ინტერპრეტაციის შედეგად დამახინჯდა. კერძოდ, სააგენტო „პირველთან“ საუბრისას წერეთელმა განაცხადა - „ეს იგივეა, ხვალ თქვენ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმართულ მიტინგში რომ მიიღოთ მონაწილეობა. თუკი სახელისუფლებო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები ოპოზიციის მიტინგებზე დადიან და ხელისუფლებას ებრძვიან, მათი გათავისუფლება ბუნებრივია. საჯარო მოხელე ოპოზიციის მიტინგებზე არ დადის!“
აღსანიშნავია, რომ მის ამ განცხადებას არასამთავრობო სექტორის მხრიდან საკმაოდ მკვეთრი შეფასებები გაკეთდა.
„საჯარო თანამდებობის პირები საკუთარ გამოსვლებს მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ და დისკრიმინაციული განცხადებებისაგან თავი უნდა შეიკავონ, რათა მათი გამონათქვამები ზეწოლად არ იქნას აღქმული და საჯარო მოხელეებს, სამსახურის დაკარგვის შიშით, აზრის გამოხტავის თავისუფლება არ შეეზღუდოთ“, - ნათქვამია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადებაში.
რას ნიშნავს როცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ამგვარ განცხადებებს აკეთებს? ეს კითხვა presage.tv-მ ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს დაუსვა.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ გიგი წერეთელი იმ გნაწყობას ახმოვანებს, რაც ხელისუფლებაში არის. ხოლო თუკი ხელისუფლებაში მართლაც ფიქრობენ, რომ საჯარო მოხელეს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება არ აქვს, ზაზა ფირალიშვილის თქმით, მაშინ გამოდის, რომ ის ავტორიტარული ტენდენციები, რაც ხელისუფლებაში წლების განმავლობაში იკვეთებოდა, საბოლოოდ ავტორიტარიზმად ჩამოყალიბდა.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ამგვარი განწყობაა და სამწუხაროდ, იმიტომ იქცა პრობლემად ის ადმინისტრაციული რესურსი, რაც ხელისუფლებას აქვს. საჯარო მოხელე სახელმწიფოს უნდა ემსახუროს, ხოლო როდესაც მისგან ერთი რომელიმე პარტიის სამსახურს ითხოვენ, ეს უკვე ავტორიტარიზმის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა“, - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი presage.tv-სთან საუბარში.
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ გიგი წერეთელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ჰყოფს და ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას, რასაც ჰქვია გამოხატვის თავისუფლება.
„ხელისუფლება ამით საჯარო მოხელეებს ეუბნება, - „თქვენ ზუსტად ისე უნდა იფიქროთ, როგორც ფიქრობს ნაცმოძრაობა, თუ გაქვთ განსხვავებული აზრი, საჯარო სამსახურში დასაქმებულები ვერ იქნებით“. ეს პარტიული ნომენკლატურის საჯარო სტრუქტურებთან სრულ შერწყმას ნიშნავს, რასაც ადგილი ჰქონდა კომუნისტების დროს და რასაც დემოკრატია ებრძოდა. მოგეხსენებათ, მაშინ ყველაფერი პარტიულად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, თუკი შენ საჯარო მოხელე იყავი“, - ამბობს მანანა კობახიძე presage.tv-სთან საუბარში.
მისი თქმით, გიგი წერეთელის განცხადება მოწმობს იმას, რომ ნაცმოძრაობამ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ისე მყარად გაიდგა ფესვები, როგორც თავის დროზე კომუნისტებს ჰქონდათ. თუკი რომელიმე საჯარო მოსამსახურე გააკეთებდა ანტიკომუნისტურ განცხადებას ან წავიდოდა მიტინგზე, ასეთ ადამიანებს დევნიდნენ, სამსახურიდან ხსნიდნენ, პარტიიდან რიცხავდნენ და შემდეგ საპყრობილეშიც ათავსებდნენ. მანანა კობახიძის თქმით, თუ პრეტენზია გაქვს დემოკრატიულობაზე და დასავლურ კურსზე, რასაც სააკაშვილი ყოველდღიურად ასე გვიკიჟინებს, მაშინ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.
რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ გიგი წერეთელი სავარაუდოდ იყო თათბირზე, სადაც საუბრობდნენ ამ თემაზე და იქიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტებთან უკვე საჯაროდ გააჟღერა ეს პოზიცია.
„ჯერ ერთი, ბატონმა გიგიმ ეტყობა არ იცის, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომელი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მას მინიმუმ მედიის მხრიდან პასუხი უნდა მოეთხოვოს, რადგან არ შეიძლება ვიცე-სპიკერი საჯაროდ ასე საუბრობდეს. იგი არ არის რიგითი ნაციონალი, რომელსაც შეიძლება იგნორი გაუკეთო“, - აღნიშნავს ხიდაშელი.
მისი თქმით, მართალია შემდეგ გიგი წერეთელმა ეს სიტყვები პრაქტიკულად უკან წაიღო, მაგრამ მაინც ეს არის რეალობა, ანუ ის, რასაც ნაცმოძრაობის წევრები მართლაც ფიქრობენ.
„რა მნიშვნელობა აქვს წერეთელი ამ სიტყვებს უკან წაიღებს თუ არა. ფაქტი ფაქტად რჩება, ამ ადამიანს მართლაც სჯერა, რომ თუ მიშა სააკაშვილის სურათი არ უკიდია ოთახში, დილა-საღამოს ლოვცას არ კითხულობს და სწორება პარტიაზე არ აქვს, მაშინ ასეთი ადამიანი არც სამსახურის ღირსია, არც ლუკმა-პურის და საერთოდ მოქალაქეობისაც კი“, - ამბობს თინა ხიდაშელი და დასძენს, რომ ეს ფუდამენტური პრობლემაა, რაზეც არასამთავრობო სექტორი აუცილებლად უნდა რეაგირებდეს.
მისი თქმით, ამ დღეებში ძალიან ბევრი რამ იკვეთება, რაზეც არასამთავრობო სექტორს რეაქცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. თინა ხიდაშელს მაგალთად მოჰყავს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასული სიუჟეტი, სადაც ჩანს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი როგორ სადილობს ექიმებთან ერთად რესტორანში. აქვე ხიდაშელი პასუხობს პარლამენტარ ხათუნა ოჩიაურის კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი არის „“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მას პარტიის აქტივთან აქვს შეხვედრები.
„საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც თურმე პარტიის აქტივს ხვდება. კიდევ ძალიან ბევრი ისეთი ფაქტები იკვეთება, რაც არასამთავრობო სექტორის ყურადღების მიღმა რჩება და მე, როგორც ყოფილი „ენჯეოშნიკი“ ამის გამო ძალიან ვწუხვარ. 2003 წელს, როდესაც ხელისუფლება ასე გათავხედდა, როგორც ეს დღეს ხდება, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით თითოეულ ასეთ შემთხვევას, რათა შემდეგ საარჩევნო გართულებები თავიდან აგვეცილებინა“, - აღნიშნავს ხიდაშელი.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ გიგი წერეთელის განცხადება ნიშნავს ინტელექტის დეფიციტს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მართლაც ასე ფიქრობენ, მაგრამ აქამდე ეს ასე ღიად არავის უთქვამს. აქვე კუკავა აღნიშნავს, რომ ეს განცხადება იმის მანიშნებელიც არის, რომ სისტემა, რომელიც ქვეყანას მართავს არის კრიმინალური.
„თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ სისხლის სამართლის კოდექსი და ნახავთ, რომ იქ არის შესაბამისი მუხლი, რომელიც საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების გამო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ და ჩვენთან კანონი რომ კანონობდეს, გიგი წერეთელი ახლა უნდა იჯდეს ციხეში და ბორკილები უნდა ედოს. თუმცა, მე მისი მადლობელი ვარ, რადგან მან, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რა სისტემა არის დღეს საქართველოში. სხვები უბრალოდ უფრო ვერაგები და ეშმაკები არიან და ამას ღიად არ ამბობენ“, - ამბობს კახა კუკავა.
კუკავას თქმით, დიპლომატიური კორპუსი რომ საქართველოში შექმნილ ვითარებას ადექვატურად აფასებდეს, გიგი წერეთელის ამ განცხადების გამო, ახლა ჩვენთან წარმოუდგენელი სკანდალი უნდა იყოს ატეხილი. კუკავა ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ საჯარო მოხელე საპროტესტო აქციებზე არ უნდა დადიოდეს, ეს დაახლოებით ისეთივე ნონსენსია ჩვენს საუკუნეში, როგორც კანიბალიზმი.