ფრენით ჯერ მთლად ვერ დაფრინავენ - ბარტყების ფრენა ვის გაუგონია - თუ საქართველოს ისტორია გუშინწინ, ქუთაისის „ღვთისმშობლის კალთასავით გადაფარებული პარლამენტის სახურავიდან“ დაიწყო, აბა, როგორ გაფრინდებიან, რომ იტყვიან, ჯერ, ბუმბულიც კი არ ამოსვლიათ.
სამაგიეროდ, საქართველოს „მეორე დედაქალაქამდე“ იმ მატარებლით ჩავიდნენ, 2003-ში სააკაშვილი რომ შეახტა პირველი და ყველას ეძახდა, შემოახტით, თორემ მერე გვიან იქნებაო. შეიძლება ამ მატარებლის ვაგონებს ძველი, რუსული წარწერები გადაღებილი აქვს, ვაგონები კი სულ ახალი გაფერადებულია და აწერია, დამზადებულია საქართველოში, მაგრამ მერე რა, მატარებელი ხომ დადის და ქუთაისამდეც ჩავიდა...
სააკაშვილი იმ ოცნებების ასრულებასაც გვპირდება, რომელსაც გულშიც ვერ გავივლებდით - ძალიან მალე, ყველა საბაგირო აღდგება, (ამჯერად პირველ დედაქალაქში) რიყის საბაგიროს გარდა, ორ წელიწადში გვეყოლება „ძალიან მაგარი, ფრანგული ტრამვაი“ და 2015 წლისთვის მეტრო მცხეთაშიც ამოვა. ნახეთ, თუ არა და, სვან მერე მტრებმა აბი გლუკოზა და იკეთონ ბროწეულის ოყნები...
სადაც ჭაობზე ლაზიკა შენდება, იქ მცხეთამდე მეტროს ჩაყვანას რაღა უნდა. „გადასაკრასკი“ რუსული ვაგონები იმდენია, მცხეთამდე კი არა ქუთაისის პარლამენტის წინ რომ გედების ტბაა, მეტროს ბოლო გაჩერება იქაც შეიძლება მოეწყოს, მერე კი, ალბათ, შავ ზღვამდეც ჩაიყვანენ და შავ დედალსაც დაგვიტოვებენ სამახსოვროდ...
თუ ქუთაისი მეორე დედაქალაქია, ვითომ მეტრო რატომ არ უნდა ჰქონდეს?! სხვათა შორის, 26-ში ნაციონალური არხები დილიდან არწმუნებდნენ მაყურებელს, რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქია, შიგადაშიგ სიტყვა „მეორეც“ ავიწყდებოდათ და საღამოს როცა სააკაშვილმა „ღვთისმშობლის კალთასახურავიანი“ პარლამენტი გახსნა, ტელეეკრანთან მიჯაჭვულ მაყურებელს უკვე ეგონა, რომ დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანეს.
ეს სულაც არ ყოფილა მარტივი საქმე, სააკაშვილმა თქვა, რომ წვიმაც ჩამოვა და სახურავსაც ქარი მოგლეჯს, მაგრამ ვინც არ აშენებს, იმას არც წვიმა ჩაუვა და არც სახურავი გაუფრინდებაო, პარლამენტის ქუთაისში გადატანა კი „პრომეთემ, ჩვენ რომ ამირანს ვეძახით“, ღმერთებს ცეცხლი რომ მოსტაცა იმას ჰგავსო.
აქ კი ცოტა დაიბნევი, სააკაშვილია პრომეთე თუ კაკო ბობოხიძე... თუმცა, ერთი პრომეთე იყოს და მეორე ამირანი, ვინმე შეედავებათ თუ რა... მაგრამ სად გვყავს კლდეზე, ყვავ-ყორნის საჯიჯგნად მისაჯაჭვი ბობოხიძე და სააკაშვილი! ან კიდევ ნუგზარ წიკლაური.
სხვათა შორის, ქუთაისში პარლამენტის გადატანა რომ გაემართლებინა, ზოგიერთ დეპუტატს კიდეც წამოსცდა, ყოფილა დრო, როცა დედაქალაქი ქუთაისშიც კი გადასულა ხოლმეო. ესეც მართალია, მაგრამ განა ისეთი რა ძნელბედობის ჟამი უდგას საქართველოს, რომ სათათბიროდ ქუთაისში გარბიან? ეს ჩვენ არ ვიცით, სამაგიეროდ იმათ იციან, ვინც გრიბოედოვის თეატრში ჩუმ-ჩუმად დაიარება.
ისე, იქაც ვერ გაიგებდნენ ბევრს ვერაფერს, საკუთარ თანამშრომლებს „ნაციონალი“ ლიდერ-იდეოლოგები ძირითადად, საკუთარ მიღწევებზე ესაუბრებიან და სულ ციფრებით არწმუნებენ, სად რა წარმატებას მიაღწიეს და როგორ გაუსწრეს მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებს. როგორც ჩანს, ვინც ჰყავთ, ან ჰგონიათ, რომ ჰყავთ, იმათი დაკარგვისაც ეშინიათ, და რას არ იზამენ - შიში ოხერია.
ხუმრობა იქით იყოს და ამ რამდენიმე ფრთიანმა ფრაზამ ხუმრობის გუნებაზე რომ დაგვაყენა, თურმე მთლად ასე სახუმაროდაც არ გვაქვს საქმე.
საქართველოს დედაქალაქი ორად რომ უნდათ, მოგვაჩვენონ, ამასაც თავისი, არც თუ ზედაპირული მიზეზები გააჩნია.
როგორც ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა ამბობს, დედაქალაქი ქვეყანას ერთი აქვს, ადრე მცხეთა გვქონდა, ახლა, ოფიციალურად, თბილისია და მცდელობა იმისი, რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქი გახადონ, გარკვეულ ინტერესებთან არის დაკავშირებული.
„ერთი ჩემი აზრით ისაა, რომ თბილისი აშკარად ოპოზიციურად განწყობილია ხელისუფლების მიმართ - ეს არაერთმა კვლევამ დაადასტურა. რაც შეეხება ქუთაისის პროექტის გამართლებას, რომ ამით დეცენტრალიზაცია ხდება, არ მგონია, პარლამენტის ქუთაისში გადატანას მრეწველობის აღმასვლა მოჰყვეს, იმიტომ, რომ მრეწველობის განვითარებას რეგიონში სულ სხვა ფაქტორები სჭირდება და არა ოფიციალური დაწესებულებების გადატანა. ეს არ არის საკმარისი და არც აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ მრეწველობა განვითადეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ქუთაისის პრობლემა სხვა რამეშია, მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ზედაპირული მცდელობაა იმისა, რომ თბილისს ჩამოშორდეს პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, რაც სწორედ იმითაა განპირობებული, რომ თბილისი ტრადიციულადაც, ამ კონკრეტულ მომენტშიც და იმედია, კიდევ დიდხანს, ოპოზიციურად არის განწყობილი და არ არის დასაყრდენი „ნაციონალური მოძრაობისა“- განმარტავს ბიგვავა.
ექსპერტი კახი კახიშვილიც ფიქრობს, რომ საქართველოს აქვს ერთი დედაქალაქი და ეს არის თბილისი.
„მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც ორი დედაქალაქია, შემდგომში შეიძლება, დედაქალაქზე დიდი ქალაქიც აშენდეს, მაგრამ დედაქალაქი ერთია. კანადაში მაგალითად, ოტავაა დედაქალაქი, მაგრამ ტორონტო ბევრად უფრო დიდი ქალაქია და ინფრასტრუქტურით ბევრად განვითარებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არავის არ შეუცვლია და არავინ არ საუბრობს, რომ კონსტიტუციით ტორონტო უნდა იყოს მეორე დედაქალაქი. ეს, უბრალოდ, არის პროპაგანდა იმისთვის, რომ პარლამენტი გადავიდა და ახლა უნდა შეაჩვიონ ქუთაისის მოსახლეობა, რომ მან ის სტატუსი მოიპოვოს, რომელიც ჰქონდა. ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქუთაისი მეორე ქალაქი იყო სიდიდით და დატვირთვით და დასავლეთ საქართველოს ცენტრად ითვლებოდა, მაგრამ ესენი ამბობენ დედაქალაქს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ზოგიერთი ტელევიზიის ტენდენციურობას, აჰყვეს, სახელმწიფო პროპაგანდას. კონსტიტუციაში მხოლოდ ერთ ქალაქს აქვს დედაქალაქის სტატუსი და ეს არის თბილისი და დათქმა იმისა, როცა დასჭირდება მაშინ დედაქალაქი ქუთაისი იქნებაო, არ არის“, - მიიჩნევს კახიშვილი, რომელიც თვლის, რომ ეს ჩვეულებრივ, პოლიტიკურ ენაზე ამომრჩევლის მოზიდვაა.
მისივე შეფასებით, ქუთაისი მეორე დედაქალაქიაო, ამაზე მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც გადაწყვიტეს, რომ პარლამენტი ქუთაისში გადაეტანათ. რაღაცით ხომ უნდა დაასაბუთონ, რატომ გადაიტანეს პარლამენტი ქუთაისში და ახლა მოიგონეს, რომ მეორე დედაქალაქია.
რა დროს გადადიოდა ხოლმე დედაქალაქი ქუთაისში, ნაციონალები ისტორიას იშველიებენ, მაგრამ თუ საქართველოს ისტორია ქუთაისის ჯერაც დაუსრულებელ პარლამენტში ლენტის გაჭრიდან იწყება, საინტერესოა, ვის ისტორიას იშველიებენ. როგორც ზურაბ ბიგვავა ამბობს, აქ ეს არგუმენტიც არ გამოდება:
„ძნელბედობის ჟამს მეფე წასულა ქუთაისში ან მთაში ასულა და რომელიმე ციხისთვის შეუფარებია თავი, მაგრამ არ მგონია, ახლა ეს სიტუაცია ჰქონდეს საქართველოს.
არც ის მგონია, საქართველოს ისტორია იწყებოდეს ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით და იმ ადგილიდან, რომელსაც ის ერთი ადამიანი ან თუნდაც პარტია გადაწყვეტს. საქართველოს ისტორია იყო საუკუნეების განმავლობაში და კიდევ საუკუნეები გაგრძელდება“, - განმარტავს ბიგვავა, მისივე შეფასებით, „ნაციონალებს“ მართლაც რომ ძნელბედობის დრო აქვთ.
„სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც და ოჯახშიც მასწავლიდნენ, რომ საქართველოს ისტორია გაცილებით ღრმაა, ვიდრე 2003 წელი, ახლა, თურმე, 2012 წლიდან დაიწყება, ალბათ, იმიტომ, პრეზიდენტის მეორე ვადას უკავშირდება“,- ამბობს კახიშვილი.
როდესაც დაუსრულებელ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის აყვავებას გვპირდებოდა, იქვე გაახსენდა ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებსაც ოჯახის გამოკვება და მკურნალობა უჭირთ. სააკაშვილმა თქვა (ამჯერად ცრემლის გარეშე), რომ მან იცის რა დღეშია საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. თუმცა, რას ნიშნავს პრეზიდენტის ეს სენტიმენტალური აღიარება, ზურაბ ბიგვავას საკუთარი მოსაზრება აქვს:
„ეჭვქვეშ დგება, რამდენად იყო საჭირო პარლამენტის ქუთაისში გადატანა და ეს რა სარგებელს მოიტანს. ეჭვქვეშ აყენებს არა ერთი და ორი პოლიტიკური ძალა, არამედ საზოგადოება მთლიანად. ის, რომ საქართველოს ისტორია ამ შენობიდან იწყება, ესეც ეჭვქვეშ არის. ის, რომ ადამიანებს უჭირთ, პრობლემები აქვთ და სააკაშვილი ამას აღიარებს, ეს არის სწორედ იმისთვის, რომ დანარჩენიც, რასაც ის ამბობს, დაიჯერონ.
ნახევარზე გაცილებით მეტია გაჭირვებული საქართველოში, რომელიც სიღარიბის ზღვართანაა და რამდენად რეალურია ეს სიღარიბის ზღვარი ესეც საეჭვოა. ძალიან პატარა პროცენტია საქართველოში, რომელთაც შეუძლიათ სრულყოფილად გამოკვებონ ოჯახი, საშუალო მაცხოვრებლის დონეზე, გადაადგილდნენ, ან მივიდნენ ექიმთან. ადამიანებს შეუძლიათ, მხოლოდ და მხოლოდ, პირველადი მოთხოვნილების საშუალებების მიღება და ასეთი ძალიან ბევრია, მათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებნი რომ მივამატოთ, გამოვა, რომ მხოლოდ 10 პროცენტი ცხოვრობს მდიდარი და მაძღარი ცხოვრებით.
სააკაშვილის მიერ, ქვეყანაში ღარიბთა და გაჭირვებულთა არსებობის აღიარება ნიშნავს - ერთ სიმართლეს რომ იტყვი, იქ, ამ სიმართლის გვერდით მეორე ტყუილის თქმაც შეგიძლია“,- აცხადებს ბიგვავა.
რაც მთავარია, ქუთაისის აღორძინების ეს აბსურდული პროექტი უზარმაზარ ხარჯებსაც უკავშირდება და იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტის მომჭირნეობით დაგროვილი თანხები სოციალური მიმართულებით მიედინებოდეს, ხელისუფლება რაღაც არარენტაბელურ პროექტებში ხარჯავს უამრავ ფულს.
კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს იდეა ჩვენს ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდება.
„მიჭირს, წარმოდგენა, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა საპარლამენტო განხილვებში, როდესაც ეს ორგანიზაციები თბილისის პარლამენტში ყოველდღე არიან წარმოდგენილნი. ეს უკავშირდება ასევე სამივლინებო ხარჯებს, დეპუტატებისთვის კოტეჯები შენდება, რემონტდება და ინვენტარით აღიჭურვება, მაგრამ ესეც ხომ ფული ჯდება. კონსტიტუციით პარლამენტი მთავრობის მაკონტროლებლად ითვლება და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა მთავრობა თბილისშია, პარლამენტი - ქუთაისში. წარმოიდგინეთ, მთავრობის და პარლამენტის წევრების ყოველდღიური სამივლინებო ხარჯები რა დაგვიჯდება ჩვენ.
ძირითადი სახელმწიფო უწყებები, რომელსაც კონტროლის პალატა უნდა ამოწმებდეს, დღეს თბილისშია, წარმოიდგინეთ რევიზორებისა და აუდიტორების სამივლინებო ხარჯები სადამდე ავა. წერილს რომ აგზავნი, იქაც ფულია გადასახდელი. ზოგს შეიძლება გაეცინოს,მაგრამ წარმოიდგინეთ, დღეში ასობით წერილის გაგზავნა რა დაჯდება. ბიუჯეტი კი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ სახელისუფლებო ხარჯები მაქსიმალურად იყოს შემჭიდროებული და ეს თანხები სოციალურ პროექტებს მოხმარდეს. მაგრამ აქ ყველაფერი გათვლილია არა მოსახლეობაზე, არამედ იმაზე, ვინ რა პიარით წარდგება ამომრჩეველთან. წარმოიდგინეთ, რა დღეშია საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ყველაფერს მოწყვეტილია და ბათუმშია. ახლა გავიგეთ, რომ მოსამართლეებისთვის ერთ ლარად ბინები გადაუციათ, მაგრამ ეს ხომ ვინმეს ჯიბიდან არ იდება, ეს იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რასაც ხალხის ფული ჰქვია და ჩვენ ვავსებთ ჩვენი გადასახადებით. სწორედ ეს მიდგომაა - არაუშავს, წვიმა ჩამოვიდეს, სახურავი ქარმა წაიღოს, - ეს ყველაფერი ჩვენი ფულია და არა სააკაშვილის ხელფასიდან გადახდილი. ეს ჩვენი ფულია, რომელიც სადღაც დაიხარჯა, და რაკი სასწრაფოდ უნდა ყოფილიყო იმ დღეს, როცა მოისურვა, ქარმა წაიღო, და მერე ამ მეორე სახურავსაც ჩვენ ვაფინანსებთ. აბა, ამ სახურავის გამო ვინმეს პასუხი ეგო, ნახავდით მერე რა ხარისხით აშენდებოდა შენობებიც და სახურავებიც“, - აცხადებს კახიშვილი.
რაც შეეხება ამ ეტაპზე ფოიერვერკის პიკს - მცხეთის მეტროს, კახიშვილი ამბობს, რომ ასე უბრალოდ მეტროებს არავინ აშენებს.
„ნორმალურ ქვეყნებში მეტრო გარდა იმისა, რომ ტრანსპორტია, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტიც არის. მეტროს მშენებლობას ჯერ ნიადაგის შესწავლა სჭირდება იმის გასაგებად, რამდენად გაუძლებს ეს ნიადაგი ამხელა დატვირთვას. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჯერ განცხადებები კეთდება, შემდეგ კი საკითხის შესწავლა იწყება. იგივეა, თუნდაც ლაზიკასთან დაკავშირებით. ის პროექტი, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთით სრულდება, მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა იმაზე რომ ამით 100 ხმა მოემატება კონკრეტულ პარტიას.
ამ ლოგიკით, 2015 წელს მცხეთის მეტროს რომ გახსნიან, იტყვიან მოდით ბარემ ქუთაისამდე გავიყვანოთ მეტრო და ასე გავხდებით მეტროს ქვეყანა. ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ ილუზია შეიქმნას, თითქოს, რაღაც კეთდება. ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ სადაც წამიკითხავს ყველგან ნათქვამია, რომ მეტრო სახელმწიფო დოტაციაზეა, ყველგან კრედიტებით შენდება ყველაფერი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ იფიქრო მომავალზე და ამხელა სახელმწიფო ვალი დააგროვო“, - აცხადებს კახიშვილი.
ზურაბ ბიგვავა კი მიიჩნევს, რომ მსავსი იდეები „ჩვეულებრივი საშუალებაა, გულუბრყვილო ამომრჩეველი რომ დაარწმუნო ყველაფერი კარგადაა, მივდივართ წინ სრული სვლით და დიდი ნაბიჯებით“.
ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ, ოქტომბრისთვის მაინც მოუწევთ ჩვენს პრომეთეებს ერთი გამოცდა-მინიმუმის ჩაბარება, ხალხს უნდა აუხსნან, რა სარგებლობა მოაქვს ქუთაისში პარლამენტს, კოლხეთის ველზე - ლაზიკას და მცხეთაში - მეტროს. ისე, ყაზბეგიდან გამოყვანილ გვირაბზეც რომ გვითხრან ორი სიტყვა, უბან-უბან მოსეირნე ძეგლებსა და შადრევნებზეც, მსმენელს მართლა გაართობენ და ეგებ როგორმე „კოჭლი“ 5-იანიც დასტყუონ.