ბადრი ტაბიძე ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, 29 მარტს გარდაიცვალა. 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში ქალა-ტვინის უმძიმესი ტრავმების შედეგად 1 იანვარს მოხვდა. 20 დღის განმავლობაში იგი სუნთქვის ხელოვნურ აპარატზე იყო მიერთებული. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი ბადრი ტაბიძე პალატაში მოათავსეს. ქეთი გადელია შვილის გარდაცვალების ფაქტსაც საეჭვოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ იგი, როგორც არასასურველი მოწმე და დაზარალებული, სამედიცინო დაწესებულებაში გაგუდეს.
ბადრი ტაბიძის ნათესავები აცხადებენ, რომ სოფელ ოდიშიდან ზუგდიდის მიმართულებით ფეხით მოძრაობისას იგი პოლიციამ გაურკვეველი მიზეზით დააკავა, სამმართველოში გადაიყვანა და სასტიკად სცემა. ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციელები ტაბიძის გარდაცვალებაში დარწმუნდნენ, იმავე მანქანით უკან დააბრუნეს და ზუგდიდი-ჩხოროწყუს ცენტრალურ ტრასაზე დააგდეს.
ქეთი გადელია ამბობს, რომ „ერთადერთი თვითმხილველი თურმე გრიგოლიშის საჯარო სკოლის მანდატური, ზამირა როგავა აღმოჩნდა, რომელსაც ფაქტობრივად გარდაცვლილი ჩემი შვილი შეუნიშნავს. თითქოს მან საპატრულო სამსახურს შეატყობინა და პოლიციასთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანაც მისულა, მაგრამ ეს ყველაფერი ახლომახლო მცხოვრებლებს არ შეუმჩნევიათ.
ზუგდიდის საავადმყოფოში ჩემი შვილი, როგორც უცნობი მამაკაცი ისე დაურეგისტრირებიათ. თავის ქალის ოპერაცია ექიმებს მიყვანიდან სამ საათში ჩაუტარებიათ. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს თბილისში შევიტყვე, სადაც ჩვენი ოჯახი ამჟამად ცხოვრობს. პოლიციის მიმართ ეჭვები მაშინ გაგვიჩნდა, როცა ჩემი შვილის პასორტი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში აღმოვაჩინეთ. მაშინ, როცა პოლიციელები ამბობდნენ, ვინაობა არ ვიცოდით და ვერ დაგიკავშირდითო, მატყუებდნენ. იმავე პასპორტში ახლო ნათესავების სატელეფონო ნომრებიც იდო.
20 დღე ბიჭი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. შემდეგ მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა, მისი გადარჩენის იმედი მომეცა. ცოტა ხანში ყველაფერი ესმოდა და ყველას ცნობდა. ვთხოვდი ენიშნებინა მიმიკით, ან მოქმედებით დაედასტურებინა ის, რომ მის უბედურებაში პოლიცია მონაწილეობდა. ამის გაგონებაზე მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ხელის მუშტების დაბერვით დამეთანხმა.“
გელა არღვლიანი, რომელიც შვილის გარდაცვალებას ასევე პოლიციას უკავშირებს, ამბობს, რომ მკვლელის ვინაობა მისთვის ცნობილია და სამართალდამცავებისგან ამ ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაკითხვაც კი მოითხოვა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა.
რევაზ არღვლიანი მეგობარმა ქალმა ზუგდიდის მახლობლად, ონარიის დასახლებაში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 11 თებერვალს იპოვა. პოლიციის ინფორმაციით, არღვლიანმა თავი ე.წ. კაპრონის ბაწრით ჩამოიხრჩო, რასაც გარდაცვლილის ოჯახი იმთავითვე არ დაეთანხმა, თუმცა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან შესაბამის დასკვნას ამ დრომდე დაელოდა. გელა არღვლიანი ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ მისი ვაჟის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მიზეზები მისთვის ცნობილია, თუმცა დეტალების გახმაურებისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.