რა თქმა უნდა, 27 მაისი სამუშაო დღედ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ეს ინფორმაცია presage.tv-ის თავად იმ ადამიანებმა მიაწოდეს, ვინც საჯარო სტრუქტურაში არიან დასაქმებულნი.
აქამდე, რაიმე მასშტაბური აქციის დროს სამსახურში გამოცხადების ვალებულება მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე ვრცელდებოდა და მათაც იცოდნენ და დანარჩენმა საზოგადოებამაც, რომ ძალოვანები აქციების დროს მუშაობენ, ყველანაირი გაგებით.
მაგრამ, ახლა ამ კატეგორიას სრულიად უწყინარი პროფესიის ხალხი – კულტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სამინისტროების რიგითი თანამშრომლები და პოლიკლინიკების პერსონალიც კი დაამატეს.
„გვითხრეს, რომ სამსახურში უნდა მივსულიყავით, თუ არადა, გაგვათავისუფლებდნენ. ასე გვითხრეს, თუ არ გაითვალისწინებთ, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა სამსახურის დაწყება და ისინი მოვლენ თქვენს ადგილასო. ისედაც სულ იმის შიშში ვართ, რომ სამსახურიდან ან ახლა გაგვიშვებენ და ან ახლა და რა უნდა გვექნა, მივედით და ვისხედით“, - გვიყვება ერთ-ერთი პოლიკლინიკის ექიმი, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, ვერ ვასახელებთ გასაგები მიზეზების გამო.
თუმცა, როგორც ის ამბობს, გარკვეულმა კატეგორიამ მაინც მოახერხა, რომ სამსახურში არ მისულიყო.
საინტერესოა ისიც, რომ ამ აქციაზე ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს სწორედ ის ევალებოდათ, რომ საჯარო უწყებების თანამშრომლები აღმოეჩინათ. ძნელი სათქმელია, ამას რა მეთოდებით ახერხებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ახალი მეთოდი არ არის და, როგორც წესი, აქციაზე ისინი იმიტომ დადიან, რომ საჯარო უწყებების თანამშრომლები დაითვალონ და უფროსობას უპატაკონ. მერე აღმოჩენილებს სამსახურებიდან გაათავისუფლებენ სხვადასხვა საბაბით, აღმომჩენებს კი დააწინაურებენ ან პრემიას გამოუწერენ „კარგი მუშაობისთვის“.
ეს ყველამ იცის და ამიტომ, აქციის ჩატარებისას ყოველთვის არსებობს იმის პრობლემა, რომ გარკვეული კატეგორიის ხალხი, უნდა თუ არა აქციაზე მისვლა, ვერ მივა. ახლა კი, როგორც ჩანს, ამ კატეგორიის ხალხთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა.
მიუხედავად ამისა, მაინც ძნელი სათქმელია, ამ მეთოდით ხელისუფლებამ აქციაზე რამდენი ადამიანის მისვლას შეუშალა ხელი. მაგრამ, ნაცმოძრაობის ფანების და მაღალჩინოსნების ცოლების, მაგალითად, ბოკერიას ცოლის, მოლოდინს თუ გავითვალისწინებთ, რომელიც მან ფეისბუკზე გამოთქვა, სადაც „რკინისებური ლოგიკით“ ითვლის, აქციაზე 30 000 კაციც კი ვერ მივიდოდა, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ხელისუფლებას ამ მეთოდებით სწორედ იმაზე ჰქონდა გათვლა, რომ აქციაზე 30 ათასზე მეტი არ უნდა მისულიყო.