ახალი დროის გლადიატორები

ახალი დროის გლადიატორები

თუკი რაიმეში გლობალიზაცია შედგა, ეს უთუოდ ფეხბურთია. არცერთი ქვეყნის ნაკრები აღარ არის უშუალოდ იმ ქვეყნის ფეხბურთელთაგან დაკომპლექტებული. მათ უსაზღვრო შემოსავლები აქვთ და ისინი იყიდებიან. არაფრით არ მესმის ცოცხალი ადამიანის ყიდვა–გაყიდვა. როგორც არ უნდა შეფუთო, ყიდვა–გაყიდვა მონობაა, ოღონდ - მონობა მდიდრულ ყოფაში.

გლობალიზაციის აპოლოგეტებს მიაჩნიათ, რომ ეროვნული სიამაყე გადმონაშთია. პოლიტიკიდან იგი უნდა განიდევნოს, მას ადგილი ხელოვნებასა და სპორტში მიუჩინეს. ამიტომაც არის, რომ  შევიწროებული ეროვნული გრძნობები ფეხბურთის მატჩებზე და მათ შემდეგ ზოგჯერ მახინჯ ფორმებს იძენს.

არავის არ ეპატიებოდა ფეხბურთის გულშემატკივრების გარდა ყვირილი: „ვივა იტალია – პუტანა ალემანია“! მაგრამ რაკი ეროვნული სიამაყის ადგილი იქღა დარჩა, რას იზამ! ალემანია კი მწარედ ატირა „ჩელსიმ“. აღარც „ჩელსია“ ინგლისური გუნდი და აღარც „ბაიერნი“ – გერმანული. საბჭოთა კავშირის ქონებაზე მოსუქებულმა რომან აბრამოვიჩმა ბავშვობის ოცნება აისრულა და საფეხბურთო გუნდი, ანუ ფეხბურთელები ცალობით კი არა – ბითუმად იყიდა და ახალი დროის მისტერ ტვისტერი გახდა:

„მისტერ ტვისტერ,

ბივში მინისტერ,

მისტერ ტვისტერ

მინისტრ ი ბანკირ.

ვლადელეც ზავოდოვ,

გაზეტ, პაროხოდოვ,

რეშილ ნა დოსუგე

ობიეხატ მირ“.

ბავშვობაში სამუილ მარშაკის ამ ლექსს ზღაპრად აღვიქვამდით, არადა, სრულიად შესაძლებელი ამბავი ყოფილა! აბრამოვიჩის ნაყიდმა დროგბამ (საფრანგეთის მოქალაქემ) ალემანია ატირა, ხოლო მეკარე ჩეხმა (ეროვნებითაც ჩეხი რომაა) მიუნჰენის ტრიბუნებს კლასი აჩვენა. ასი წლის წინაც ატირეს გერმანელები და შედეგად ჰიტლერი მიიღეს.

ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ დროგბამ ერთი ტაიმი მინდორზე წოლასა და გადალაპარაკებებში გაატარა. კატალონიელებს ვგულშემატკივრობდი და მათზე ნაკლებად არ დამწყვეტია გული. დროგბამ კი თავისი ქნა. „ჩელსის“ მოთამაშეებთან შედარებით ტანმორჩილმა კატალონიელებმა წააგეს. მოიგო აბრამოვიჩმა. დი მატეომ პატრონს პატაკი ჩააბარა.

პატარა ვიყავი, როცა მამაჩემმა კინოფილმ „სპარტაკის“ სანახავად წამიყვანა. გოლიათმა ზანგმა (მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ზანგისთვის ზანგი გეწოდებინა) დრაბამ (დროგბაა, აბა რა – მაინც ასე ჟღერს), რომელმაც სპარტაკი არენაზე სასიკვდილოდ არ გაიმეტა, მსოფლიოს ისტორია შეცვალა. დრაბას შუბი აძგერეს და მოკლეს, სპარტაკი კი მონების აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. 

დროგბა არ აჯანყდება.

ის ახალი დროის გლადიატორია.

მაქსიმუსიც გლადიატორი გახდა, თუმცა მანამდე მხედართმთავარი იყო. მაქსიმუსმა მამის მკვლელს არ შეჰფიცა, კომოდოსი საიქიოს გაისტუმრა და ორთაბრძოლაში დაჭრილი მიჰყვა კიდეც. სპარტაკი, როგორც მონას შეეფერებოდა, ჯვარს აცვეს.

დროგბა კათოლიკეა და საფრანგეთის მოქალაქე. მას ჯვარცმა არ ემუქრება. ყველაზე მეტი, აქციების კურსის დაცემამ აზარალოს. ყოველ შემთხვევაში, მშობლიური კოტ’დივუარის მოქალაქეებზე უკეთ ყოველთვის იცხოვრებს.

გერმანელები ტირიან. მე არ მეტირება, კატალონიელებთან ერთად უკვე ვიტირე. და არამარტო ფეხბურთის გამო. რომელ ერთს გინდა მოუგო: ესპანელებს, ფრანგებს, თუ იტალიელებს? კატალონიის მიწები მათ აქვთ წაღებული, ხოლო ესპანეთში ამაზე ლაპარაკიც კი იკრძალება. არც „ბასკურ მიწებზე“ შეიძლება ლაპარაკი – კატალონიური სეპარატიზმის საფრთხის გამო. მათი წინაპრები იბერიელები ყოფილან. ისინი ვაზს უვლიან, ღვინოს წურავენ და, ალბათ, ჭიქა ღვინის სმისას კატალონიელებიც ეკითხებიან ერთმანეთს: „იბერია გაბრწყინდება“? 

ისე, დათო ყიფიანი არ იყიდებოდა და მაინც ატირა ესპანელებიც, იტალიელებიც, ინგლისელებიც და გერმანელებიც...