- რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა, იმისი კეთილი მინდოდა...
(“ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს...”)
ყველას გვახსოვს, რუსეთის ხელისუფლებამ, აგრეთვე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობებმა, როგორი აღფრთოვანებით განაცხადეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ.
ამას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ირონიული ღიმილი (გადაზრდილი აპლოდისმენტებში) მოჰყვა.
გაკეთდა აგდებული განცსადებები ხსენებულ სახელმწიფოთა მიმართ.
პარლამენტარმა დავით დარჩიაშვილმა ხომ საერთოდ გაგვაოცა „თავისი დაკვირვებითა“ და განაცხადა: „რაც უფრო მეტი ტუვალუ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, მით მეტად დაიკლებს მათი ლეგიტიმაციის საფუძველი“.
არა, მართლა?
კანეჩნო...
რასა ბრძანებ?
ვითომ, რათაო?
არა, ასეთი სისულელე მაინც ვინ გითხრა, დავით... მიშამ თუ ვაშაძემ ?
აი, მე კი გეტყვი, რომ ეს ფაქტი სულაც არ არის სახუმარო.
ჯერ ერთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, გარდა ტუვალუსი, ნაურუსი და ვანუატუსი, აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ.
იმედია, არავინ შემეკამათება, რომ რუსეთი, ნიკარაგუა და ვენესუელა ხელწამოსაკრავი ქვეყნები არ არიან... რაც შეეხება ტუვალუს, ნაურუს და ვანუატუს... მერე რა, რომ ფიზიკური მოცულობით და მოსახლეობის რაოდენობით მცირემასშტაბიანი ქვეყნებია?
სამივე, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, შემდგარი სახელმწიფოა, სამივე გაეროს სრულუფლებიანი წევრია.
რაც მთავარია, მათ მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება ჩვენ გვართმევს საფუძველს, სეპარატისტული რეგიონები „არ–აღიარებულად“ მოვიხსენიოთ. მათ გადაინაცვლეს „ნაწილობრივ აღიარებულთა“ კატეგორიაში, რაც სეპარატისტებისთვის დიდი წარმატებაა.
გასაგებია?
დავიჯერო, ეს ყველაფერი (რაც ასე მარტივია) თქვენთვის უცნობია?
თუ – ყველაფერი კარგად იცით, და ისიც იცით, რომ საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილიც კარგად აცნობიერებს არსებულ ვითარებას და მაინც ცდილობთ, თვალში ნაცარი შეგვაყაროთ და სულ არ გაინტერესებთ არავის აზრი?
ასეთ შემთხვევაში, მახსენდება აზდაკის ფრაზა ბ.ბრეჰტის „კავკასიური ცარცის წრე“-დან: „ერთი მოსამართლე ბაზარში დადიოდა და ჰაერს აფუჭებდა, აქაოდა,ფეხებზე მკიდიხართო“.
ირონიულად გეღიმებათ?
მაშინ, გონს რომ მოგიყვანოთ, შეგახსენებთ რომელიმე ცნობილ ისტორიულ ფაქტს.
მაგალითად – ლავრენტი ბერია.
1953 წლის 9 მარტს, სტალინის დაკრძალვის ცერემონიალზე, ბერია მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგა, როგორც საბჭოთა იმპერიის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი (მიუხედავად იმისა, რომ იგი ფორმალურად პირველი პირი არ იყო, რეალურად – შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობდა), იმავე წლის ივნისში იგი უკვე დაპატიმრებული იყო, ხოლო დეკემბერში - დახვრიტეს.
და ეს ყველაფერი სულ რაღაც 10 თვეში მოხდა
ისტორია ზღაპარი არ არის, რომ ძილისპირულივით მოვუყვეთ ბავშვებს. ისტორია უნდა გავითვალისწინოთ.
ჰოდა, გაითვალისწინეთ... ეს, უბრალოდ, ჩემი კეთილი რჩევაა...