სააგენტოს ვებგვერდზე შავ სიაში შეყვანის მიზეზად თვითმმართველი ქალაქი რუსთავისთვის ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიწოდებაზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად შესრულებაა დასახელებული.
სააგენტოს ვებგვერდზე, გამოცხადებული ტენდერებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის მოძიებაც შესაძლებელია. თუმცა საიტზე „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის“ მიერ გამოცხადებულ ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიწოდებაზე ტენდერში შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ გამარჯვების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
სააგენტოს ვებგვერდზე შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან“ დაკავშირებით მხოლოდ 4 ტენდერის შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული.
კერძოდ, „გლობალ ტვ“-მ 2011 წლის დეკემბერში რადიო და სატელევიზიო მომსახურებებზე ფინანსთა სამინისტროსა და იგივე მომსახურებაზე, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა. მანამდე ორგანიზაციას წარდგენილი ჰქონდა წინადადება პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ეს ტენდერი იმის გამო ჩაიშალა, რომ პარლამენტს საკაბელო მომახურება სურდა, ორგანიზაციამ კი მას სერვისი თეფშით შესთავაზა.
„გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ ასევე წარადგინა წინადადება შსს თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოცხადებულ ტენდერშიც, თუმცა ეს ტენდერიც შეწყდა იმ მიზეზით, რომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერიტორიული დანაყოფების ერთიან სატელევიზო სისტემაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება შავი სიის ცნებას, გასული წლის მაისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, შესყიდვების სააგენტოს დაევალა, რომ აწარმოოს შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი - „შავი სია“. „შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს და კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები.