მოსკოვი – საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებმა კვირას, დედაქალაქში დიდი პოლიტიკური მიტინგი გამართეს. ეს გამოსვლა, წლევანდელი საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიის უფრო ძლიერი დასაწყისი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ათობით ათასმა ადამიანმა გაავსო თბილისის მთავარი, თავისუფლების მოედანი და ახლომდებარე ქუჩები. დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა დაახლოებით 80,000 დამსწრე ადამიანი დათვალეს, რამაც ეს დემონსტრაცია ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოსვლად აქცია 2003 წლის იმ ქუჩის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.
ეს მტკიცე დემონსტრაცია იმ დროს დაემთხვა, როდესაც საქართველო თავისი პოსტ-საბჭოთა პოლიტიკის გზაჯვარედინს უახლოვდება.
სააკაშვილი, რომელმაც სამშობლოში პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, სამართალი კოლუმბიის უნივერსიტეტში შეისწავლა, თავისი ხმაურიანი ორვადიანი საპრეზიდენტო მმართველობის დასასრულს უახლოვდება. მას თანამდებობიდან წასვლა 2013 წელს მოუწევს.
ის ახლა პირისპირ აღმოჩნდა წარმატების იმ პარადოქსის წინაშე, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიული რეფორმების გამტარებელი პოლიტიკოსებისთვის არის დამახასიათებელი, არჩევანი ასეთია: არსებობს რისკი იმისა, რომ მას ამომრჩევლები მოიცილებენ თავიდან, ან ის აირჩევს კარიერას, რომელიც ვადებით განსაზღვრულ ლიმიტს დაიცავს. სააკაშვილის ვადა ოფისში დასასრულს უახლოვდება და მასებმა ქუჩაში კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ „არსებობს ბევრი უკმაყოფილო ადამიანი“, რომელიც ხელისუფლებიდან მის წასვლას ისურვებდა, გვითხრა სატელეფონო საუბარში ლოურენს შითსმა, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის თბილისის ოფისის პროექტის დირექტორმა.
დემონსტრაცია თბილისში „დიდი იმიტომ იყო, რომ ამის საშუალება არსებობდა“, დასძინა მან. ოპოზიციურ ჯგუფებს მისცეს დემონსტრაციის ჩატარების და მთავარი ქუჩების გადაკეტვის ნებართვა.
დემონსტრანტებმა მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ქართველი ბიზნესმენი. ამ გამოსვლამ დაადასტურა, რომ მას, მის ფინანსურ შესაძლებლობებთან ერთად, დედაქალაქში მაინც, ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.
სააკაშვილმა, რომელსაც ეკრძალება კიდევ ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, განაცხადა, რომ მას უნდა საპარლამენტო არჩევნებში მისმა პოლიტიკურმა პარტიამ დიდი უმრავლესობა მოიპოვოს, რათა შეინარჩუნოს და განაგრძოს საჯარო სამსახურების რეფორმები და პრო-დასავლური პოლიტიკური კურსი. ის არ გამორიცხავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
ქართული ოპოზიცია დედაქალაქში უფრო პოპულარულია, ვიდრე სხვაგან, რადგან საჯარო მოსამსახურეებმა საჯარო სამსახურების, პოლიციის, სამთავრობო საავადმყოფოებისა და საგანმანათლებლო სისტემის რესტრუქტურიზაციის დროს სამუშაო ადგილები დაკარგეს.
ფიქრია მირიანაშვილი, 54 წლის კარდიოლოგი, რომელიც გამოსვლას ესწრებოდა, ამბობს, რომ მან სამსახური ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის გამო დაკარგა და ახლა უმუშევარია.
„ცხოვრება აუტანელია,“ განაცხადა მირიანაშვილმა. „ქართველების მხოლოდ 10 პროცენტი ცხოვრობს ისე, როგორც ადამიანმა უნდა იცხოვროს, დანარჩენები სიღატაკეში არიან.“
ფსონები საშინაო პოლიტიკას სცდება: სააკაშვილისთვის ის, რომ ამ უკმაყოფილების საფუძველზე ოქტომბრის თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებში ოპონენტს უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა მისცეს, ერთ რამეს ნიშნავს – რისკს იმისას, რომ ძალაუფლებას პარლამენტში მოიპოვებს კაცი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს, სულ ცოტა თავისი ბიზნესიმპერიით მაინც, რუსეთთან.
ივანიშვილმა, რომელიც ახლა არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ, რომელიც ფინანსურად უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ პარტიას, ამას წინათ, თავისი სააფთიაქო ქსელი რუსეთში, „დოქტორ სტოლეტოვი“, როგორც ამბობენ, ათეულობით მილიონ დოლარად გაყიდა. ეს ისეთი გარიგება იყო, რომელიც, ალბათ, მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა.
foreignpress.ge