ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარებს იმაზე კულუარული საუბრები, რომ შაშკინი მიმინოშვილთან დაპირისპირებული იყო იმის გამო, რომ მას გამოცდების ეროვნული ცენტრის გაუქმება სურდა, რათა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის წესი შემდეგ თავად განესაზღვრა და მიმინოშვილი მის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა.
სხვათა შორის, მათი დაპირისპირება ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როდესაც შაშკინმა იმის მიზეზით, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის მიეცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ატესტატებს ვერ იღებდნენ. მაგრამ, როგორც ამბობენ, ამით ძალიან ბევრ ქართველ ბავშვსაც მისცეს საზღვარგარეთ წასვლის საშუალება.
კულუარული ინფორმაციით, მიმინოშვილი მის ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და შაშკინმა საერთოდ ეროვნული ცენტრის გაუქმება მოინდომა იმ მიზნით, რომ მის ხელში მოქცეულიყო აბიტურიენტების ბედი. თუმცა, იმის გამო, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციონირება საერთაშორისო რეიტინგებში ყველაზე წარმატებულ რეფორმად მიიჩნევა და მიმინოშვილი თავად სააკაშვილის ფავორიტად ითვლებოდა, შაშკინი მის გათავისუფლებას აქამდე ვერ ახერხებდა.
ასეთი ინფორმაცია კულუარებში არსებობდა და ამის შესახებ ცოტა ხნის წინ presage.tv-ც წერდა. თუმცა, მაშინ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება განათლების სამინისტროში საერთოდ არ ისურვეს. რესურსცენტრის პრესსამსახურმა კი გვითხრა, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და იმ დროისთვის ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობდნენ.
დღეს კი შაშკინმა მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინმა გადაწყვეტილება დღეს, „რეფორმების განხორციელების პროცესში პრინციპული შეუთავსებლობის გამო მიიღო“.
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 28 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.
თუმცა, არავინ არაფერს ამბობს, რაში გამოიხატება პრინციპული შეუთავსებლობა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელისთვის, მაია მიმინოშვილისთვის თანამდებობიდან გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა.
როგორც მიმინოშვილმა presage.tv -ს განუცხადა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავად განათლების მინისტრისგან დღეს გაიგო.
„ვინც მიიღო გადაწყვეტილება, მიზეზი იმათ უნდა ჰკითხოთ. გამოცდების პერიოდია და ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მინისტრისგან ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
ამ დროისთვის კი სახელისუფლებო კულუარებში მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთ ვერსიად განათლების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული უთანხმოება სახელდება. კერძოდ - მიმინოშვილი საგამოცდო სისტემის გამარტივების მომხრე იყო, რასაც შაშკინი ეწინააღმდეგებოდა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით.
კიდევ ერთი ვერსიით კი, მაია მიმინოშვილის ვაჟი გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც ჟურნალისტებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილმა განუცხადა, ეს არ არის საპარალამენტო ტიპის გადაწყვეტილება, შესაბამისად, მისთვის მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები უცნობია.
„მე ვთვლი, რომ მაია მიმინოშვილმა ნაყოფიერად იმუშავა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის ჩამოყალიბებაზე და ამ სისტემაში წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა“, - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა.
ფაქტია, რომ ეს თემა ასე ადვილად და მარტივად არ დაიხურება, რადგან პირველი შემთხვევა არ არის, რომ შაშკინი მთელი სისტემის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამიტომაც საინტერესო ის არის, შაშკინს ამდენის საშუალებას რატომ აძლევენ.
ამასთან, საპარლამენტო კულუარებში უკვე იმასაც ელოდებიან, რომ მიმინოშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს და უკვე დოკუმენტურად ილაპარაკებს შაშკინის მიზნებზე.