„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა თბილისელებს მადლობა გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
"ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო თანამებრძოლებო, გუშინ რაც მოხდა, თითოეულ ჩვენგანს სჭირდებოდა, ყველას გაინტერესებდათ, თუ რა განწყობა აქვს თქვენს მეზობელს, თქვენს შორეულ ახლობელს. გუშინდელმა დღემ დაგანახათ, რომ მარტო არ ხართ, რომ გამაგრებულიყავით, თქვენ ეს გჭირდებოდათ. შეკრებაზე 99% თბილისიდან იყო, რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ, თუმცა ჩვენ ამისთვის სპეციალურად არაფერი გაგვიკეთებია. ყველამ კარგად დავინახეთ, თუ როგორი განწყობაა საქართველოში. ამას ევროპისა და ამერიკისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
მათ დაინახეს, თუ როგორი კულტურული ხალხი ვართ, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა გვაქვს და რომ ეს შეგნებული და ორგანიზებულია. ეს რაც მოხდა, ჩემთვისაც კარგი იყო. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, თუმცა მტკიცებულება მჭირდებოდა. ეს იგივეა, როცა გამოცდა ხუთზე გაქვს მომზადებული, მაგრამ ვიდრე არ ჩაგიწერენ, მაინც განიცდი", - განაცხადა ივანიშვილმა.