თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა კოალიციის წევრები ასპინძაში „ქართული ოცნებისთვის“ ოფისის ძიებას შეუდგნენ.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, გელა მურადაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს თავისი სახლის ფოტოები აჩვენა და ბინის მიქირავება შესთავაზა. „ქართული ოცნების“ სათანადო სამსახურმა, რომელიც კოალიციისთვის ფართებს ქირაობს, აღმოაჩინა, რომ ბინა რეგისტრირებული არ იყო. ამავე დროს, არ იყო დამტკიცებული სახლზე მიშენებული ფართი. ამის გამო, კოალიციის წევრებმა მურადაშვილს ხარვეზის აღმოფხვრისთვის დრო მისცეს. თუკი ის ხარვეზს საჯარო რეესტრში გამოასწორებდა, მაშინ მისი ფართის დაქირავებაზეც შეიძლებოდა საუბარი.
დათქმული დროის გასვლის შემდეგ, გელა მურადაშვილმა მათ უთხრა, რომ პრობლემები ვერ მოაგვარა, რადგან გამგეობა და პოლიცია ხელს უშლიდნენ. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ტარიელ ივანიშვილმაც მას ბოდიში მოუხადა, რადგან ვერ მოხერხდებოდა აღნიშნული ფართის დაქირავება - როცა „ქართული ოცნების“ შტაბი გაიხსნებოდა, ხელისუფლება აუცილებლად დაინტერესდებოდა ამ საკითხით და ხარვეზებით. მურადაშვილთან ურთიერთობაც ამით დამთავრდა და „ქართულმა ოცნებამაც“ ფართი სხვაგან იქირავა (აღსანიშნავია, რომ ქირაობის პროცესში პირადად ტარიელ ივანიშვილი ჩართული არ ყოფილა).
6 აპრილს „ქართული ოცნების“ შტაბის გახსნას გელა მურადაშვილიც დაესწრო და იგი შტაბის მუშაობით დაინტერესდა. მას შემდეგ რამდენჯერმე მივიდა შტაბში, რომლის კარიც ყველა მიმსვლელისთვის დილის ცხრიდან საღამოს 9-10 საათამდე ღიაა. მეორე სტუმრობისას, მურადაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს ჰკითხა, სამსახურს ხომ არ შესთავაზებდნენ, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.
ტარიელ ივანიშვილი ამბობს, რომ მას ვერაფერს შესთავაზებდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - შტაბის სრული შემადგენლობა, პრაქტიკულად, უხელფასოდ, ენთუზიაზმზე მუშაობდა.
ამის შემდეგ, მურადაშვილი შტაბის წევრებს აღარ შეხმიანებია. ინციდენტამდე 2-3 კვირით ადრე, გვიან ღამით, მურადაშვილმა ტარიელ ივანიშვილს დაურეკა და მისი ადგილსამყოფელით დაინტერესდა, თან დასძინა, რომ მისი ნახვა უნდოდა.
„ვუთხარი, რომ ეს არ იყო ის დრო, როდესაც ჩვენ შეიძლებოდა, შევხვედროდით ერთმანეთს, ამიტომ, მეორე დღისთვის დავიბარე, მაგრამ არ მოსულა. მომდევნო ზარი ერთი კვირის შემდეგ კვლავაც გვიან ღამით განახორციელა. ამ შემთხვევაშიც, შტაბის სამსახურთან ერთად, კონკრეტულ საქმეზე გახლდით და გაღიზიანებულმა შევახსენე, რომ უკვე მეორედ მირეკავდა დაგვიანებით და მეორე დღეს დავიბარე. მანამდე ინფორმაცია მქონდა, რომ აღნიშნული პიროვნება აქტიურად თანამშრომლობდა პოლიციასთან და კონკრეტული დავალებები ჰქონდა მიცემული - ყველანაირი ფორმა გამოეყენებინა, როგორმე შემოეღწია და ჩართულიყო შტაბის მუშაობაში“, - იხსენებს ტარიელ ივანიშვილი.
მისი თქმით, იგი ცივილიზებული ფორმით ცდილობდა გელა მურადაშვილისთვის მიენიშნებინა, რომ შტაბის მუშაობაში მას არაფერი ესაქმებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა - მურადაშვილი არ ეშვებოდა. სხვა გზა რომ არ დაუტოვა და ივანიშვილმა მურადაშვილი ერთ დღესაც ოფისში დაიბარა. როცა მურადაშვილი ეწვია, სხვა თანამშრომლებთან ერთად ოფისში იმყოფებოდა ერთ-ერთი აქტივისტი, ასპინძის მკვიდრი პაატა ქავთარაძე. ტარიელ ივანიშვილმა გელა მურადაშვილს აუხსნა, რომ მას, როგორც ახალგაზრდას, მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა და არ გამოადგებოდა ამ გზით სიარული. ამასთან, შეახსენა, რომ იგი ნარკოტიკების მოხმარებისთვის რამდენჯერმე დააჯარიმეს, რომ მას ყაჩაღობისთვის სასჯელი ჰქონდა მოხდილი და ამჟამად მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში, კულტურის სახლში ადმინისტრატორად. ამდენად, ამ ეტაპზე რაიმე საერთო არ შეიძლება ჰქონოდა მოძრაობასთან.
ამასთან, ტარიელ ივანიშვილის სურვილი იყო, მურადაშვილს ამოეშალა მისი ტელეფონის ნომერი და არჩევნებამდე დაევიწყებინა მისი არსებობა. თუმცა, მურადაშვილს აინტერესებდა, რა იყო მისდამი უნდობლობის მიზეზი. ტარიელ ივანიშვილმა დეტალურად რამის თქმისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ორი ფაქტი შეახსენა. კერძოდ, მურადაშვილის მხრიდან განხორციელებული ორივე ზარი იმ დროსა და ადგილზე იყო განხორციელებული, ეჭვს არ იწვევდა რომ მურადაშვილი სხვისი დავალებით რეკავდა და ისიც აუხსნა, რომ საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდა მურადაშვილის სხვვადასხვა ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ.
„ვუთხარი, მადლობას მეტყვი შემოდგომით, რადგან ღირსეულ კაცად დარჩები. მართლაც, მან აგრესიის გარეშე დატოვა ჩვენი შტაბ-ბინა. სავარაუდოდ, იგი მივიდოდა თავის დამკვეთთან და ეტყოდა, რომ ამოწურა ყველა რესურსი და ჩვენთან მოსასვლელი გზა აღარ ჰქონდა. სამწუხარო ის არის, რომ ძალიან ახლოს ვიცნობდი მის მამას და ამ ბიჭის გადარჩენაც მინდოდა. არანაირად არ მსურდა, ჩემი სოფლის მკვიდრი ცუდი სახელით დარჩენილიყო საზოგადოების თვალში. მაგრამ ერთია მორალური მხარე და მეორეა ვალდებულება. ამიტომ, არ გამოვრიცხავდი, რომ ჩემზე პროვოკაცია რაღაც ფორმით განხორციელდებოდა. ქუჩაში დახვედრას, ან სხვა აგრესიულ გამოვლინებას ველოდი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ შუაღამისას შტაბზე თავდასხმა განხორციელდებოდა და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელს, ჩხუბში გამომიწვევდნენ. სავარაუდოდ, გეგმა ასეთი იყო, რომ იქ აუცილებლად უნდა დაღვრილიყო სისხლი. მე ვერავინ დამსჯიდა, რადგან არავის მივვარდნივარ, მაგრამ ამით სურდათ, სერიოზული დარტყმა მიეყენებინათ „ქართული ოცნებისთვის.“
22 მაისს, ღამის 2-ის ხუთ წუთზე, „ქართული ოცნების“ შტაბში მარტო მყოფ ტარიელ ივანიშვილს თავს დაესხნენ, ოფისის წინ ღობე გადათელეს, კარი შეანგრიეს და ჩხუბი ატეხეს. ტარიელ ივანიშვილმა პოლიციას გამოუძახა. თავდასხმისას გელა მურადაშვილი მარტო არ ყოფილა, მას ფიზიკურად მოზრდილი პიროვნება ახლდა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, თავდამსხმელის ძმა ყოფილა. ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი მისგან ადექვატურ პასუხს ელოდა. როცა ვერ მიიღო ის, რასაც ელოდებოდა, უკვე მუშტების ქნევაზე გადავიდა. თავდაცვის მიზნით, ტარიელ ივანიშვილმა ხელ-ფეხი რამდენჯერე გამოიყენა და მისი აგრესიის შეჩერება სცადა. გელას ძმა თითქოს გამშველებლის როლს თამაშობდა, თუმცა, პრაქტიკულად, საკუთარ ძმას უფრო ეხმარებოდა და ივანიშვილს აკავებდა.
ჩხუბის დასრულების შემდეგ, როგორც ტარიელ ივანიშვილი ამბობს, გელა მურადაშვილი წყნარად მიბრუნდა, ფაქტი არ უნდა დარჩესო, და შემოხეული ტანსაცმლის ნაფლეთები აკრიფა, იმ ადგილზე ერთი ღილი იყო დარჩენილი, რაც პოლიციამაც დააფიქსირა. ამის შემდეგ, მურადაშვილი იქაურობას გაეცალა. თუმცა, მისი ქმედებიდან გამომდინარე, დაზარალებულ ივანიშვილს შთაბეჭდილება დარჩა, რომ მურადაშვილი საკმაოდ მომზადებული და დაკვალიანებული იყო, თანაც, ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა.
„ფიზიკური ზეწოლის დროს მეუბნებოდა, შენ მე მიწოდე აგენტი, ჩამშვები. ამიტომ მოვედი, რომ პასუხი მოგთხოვოო. არ ვიცი, მერე ჩვენებაში რა დაწერა, მაგრამ პოლიციელების თქმით, იგი ზუსტად ამასვე ამბობდა, მასთან იმიტომ მივედი, რომ შეურაცხყოფა მომაყენა და აგენტი მიწოდაო. თუმცა მეორე დღეს, ხელისუფლებისგან მართვადმა ტელევიზიებმა სიცრუე გაავრცელეს, თითქოს ამ პიროვნებას გარკვეულ ანაზღაურებას გარკვეული საქმის სანაცვლოდ შევპირდი. არ ვიცი, რა საქმეზე საუბრობენ, მაგრამ ანაზღაურება თურმე 800-დან 1000 ლარამდე უნდა ყოფილიყო. რა თანხა უნდა მიმეცა, როცა მთელი შტაბი ენთუზიაზმზეა და ჩემი დანაზოგიდან ვხარჯავ თანხას, რომელიც წლების განმავლობაში სამსახურიდან დაგროვილი მქონდა. ასევე იქცევიან ჩემი თანამშრომლებიც. თუ დაგვჭირდება, შეიძლება, კრედიტიც ავიღოთ. თუკი სამომავლოდ კოალიცია რომელიმე თანამშრომელზე ოფიციალურად გასცემს ხელფასს, ეს აბსოლუტურად საჯარო ინფორმაცია იქნება. მანამდე რა უფლება მქონდა, ვინმეს რამეს შევპირებოდი?!“ - კითხულობს ტარიელ ივანიშვილი.
სხვათაშორის, სანამ ტარიელ ივანიშვილი პოლიციაში დარეკავდა, მანამდე მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარს მამა ზოსიმეს დაურეკავს, რომელსაც გაუგია, ღობის ჭიშკართან ატეხილი ხმაური.
ტარიელ ივანიშვილის თქმით, პოლიცია მასთან კორექტულად იქცეოდა.
„მათ სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ კარგი ახალგაზრდების გუნდია და კრიმინალური ქმედებები მართლაც შემცირდა რაიონში, მაგრამ მათ მაინც ვუსაყვედურე - თქვენს გარეშე ჩიტიც ვერ შეფრინდება იმ ქუჩაზე, დღე და ღამე აკონტროლებთ იმ ტერიტორიას, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისი მდებარეობს და აქ თქვენი ხელი ხომ არ ურევია-თქო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი რამ არ გამორჩებოდათ. თუმცა პოლიციელებმა ყველაფერი უარყვეს“, - ამბობს ტერიელ ივანიშვილი.
ამ ინციდენტის შემდეგ გელა მურადაშვილის დედა ეწვია ასპინძის „ქართული ოცნების“ ოფისს და ითხოვა, შვილი არ დამიღუპოთო, რადგან მისი ვაჟის საქციელმა თავის დროზე მამაც შეიწირა. ტარიელ ივანიშვილმა ქალბატონს აუხსნა, რომ ფაქტი უკვე მომხდარი იყო და მან მაქსიმუმი გააკეთა, რომ მეორე შვილიც ამ საქმის თანამონაწილედ არ გამოეყვანა და გამშველებლის პოზიციაში ჩააყენა.
„არ მინდოდა, მეორე ძმაც იქ მოხვედრილიყო, რა გზაც მისმა ძმამ გაიარა“, - გვითხრა ტარიელ ივანიშვილმა.
მისი თქმით, ამგვარი პროვოკაციების მიუხედავად, ასპინძაში „ქართული ოცნების“ მოლოდინი ძალიან დიდია და ვერც კი წარმოიდგენდა ეს ხელისულება, რომ ამდენი მხარდამჭერი ეყოლებოდა კოალიციას. ამასთან, კვლავაც მძლავრობს შიშის ფაქტორი, ხალხს სამსახურებიდან დათხოვნით ემუქრებიან, სოციალური დახმარების მოხსნით აშინებენ, ან მკურნალობის დაფინანსებას ჰპირდებიან, თუკი ბიუჯეტში ამის საშუალება იქნება.
ამის მიუხედავად, ტარიელ ივანიშვილს სწამს, რომ „ქართულ ოცნებას“ დიდი პერსპექტივა აქვს და შემოდგომაზე ამ ხელისუფლების დამარცხება გარდაუვალი იქნება.
„რაიონში, სადაც 21 სოფელი და დაბაა და 16 ათასამდე მოსახლეა, გააუქმეს სასწრაფო დახმარება, პრაქტიკულად, არ გვაქვს საავადმყოფო, სამშობიარო და სასწრაფოს გამოძახება რომ დასჭირდეს ადამიანს, თბილისს უნდა დაუკავშირდეს, თბილისმა ნებართვა მისცეს ახალციხეს და ახალციხემ -ასპინძას. დასაქმების მაჩვენებელი დაბალია, თუ ვინმეს ასაქმებენ ჰესებზე, ისიც მხოლოდ დაბალი ანაზღაურებით და კაბალურ პირობებში. ხალხს გამოსავალი არ აქვს და საარსებო საშუალების გამო თანხმდებიან ასეთ პირობებს. რაიონი უწყლოდაა დარჩენილი და წყალი, რომელიც უხვადაა ჩვენს რეგიონში, საათობრივად მოდის. ხშირად ქვეწარმავლები გამოჰყოლია სასმელ წყალს“.
ტარიელ ივანიშვილის პოზიციას იზიარებს ასპინძის მკვიდრი, „ქართული ოცნების“ წევრი პაატა ქავთარაძე და აცხადებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლა მართლაც ხორციელდება. ამის მიუხედავად, იქაურ ხალხში ხელისუფლების შეცვლის დიდი მოლოდინია.
„არის ოჯახები, რომლებსაც სულ რაღაც 50, 100 ლარად „ამუშავებენ“, რათა ამ მიზერული თანხით მათზე ზეწოლა მოახდინონ. წყალი მართლაც ამღვრეული მოდის, არ დაილევა, მიშა რომ ჩამოდის, ალბათ, სათავეში აჰყავთ და იმ წყალს ასმევენ. ხალხი შინაგანად მზად არის, გამოხატოს თავისი პოზიცია, ჩვენთან მოდიან, ფარულად გვითანაგრძნობენ კიდეც, მაგრამ ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. ამის მიუხედავად, არჩევნების პერიოდში თავის არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დააფიქსირებენ.
ჩვენთან არის რაგბის გუნდი, რომლის მწვრთვნელიც, რომელმაც ამ გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა, „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს“, - ამბობს პაატა ქავთარაძე.