„არჩევნების ბედს ორი სუბიექტის დაპირისპირება გადაწყვეტს“

„არჩევნების ბედს ორი სუბიექტის დაპირისპირება გადაწყვეტს“

მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ლაპარაკი, როდესაც ბიზნემენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველი განცხადებები გააკეთა. მაშ შემდეგ, რაც ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ შექმნა და მის გარშემო რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი გაერთიანდა, მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის გარდაუვალობაზე საზოგადოების ვარაუდები უფრო გამყარდა.

არსებობდა მოსაზრებაც, თითქოს გარკვეული ოპოზიციური ძალები, კერძოდ კი „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს გამოეთიშებოდა, მაგრამ ეს პროგნოზები არ გამართლდა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ უკვე დაადასტურა, რომ ოთხ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი ერთ ბლოკად მოგვევლინებიან.

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „თეთრები“, „თავისუფალი საქართველო“ და „ტრადიციონალისტები“ საარჩევნო ბლოკს ქმნიან.

ბლოკ „ეროვნული ფორუმის“ დაშლის შემდეგ, „ქალთა პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, „ტრადიციონალისტების“ ლიდერმა აკაკი ასათიანმა კი ბურჯანაძე-კუკავა-შაშიაშვილის საარჩევნო ბლოკაში გაწევრიანება გადაწყვიტა. სავარაუდოდ, აკაკი ასათიანი ახალ ბლოკში გაერთიანებაზე მომავალ კვირაში უფრო დეტალურად ისაუბრებს.

გაერთიანების საბაბი ნონა გაფრინდაშვილის განცხადება გახდა, როდესაც „სახალხო კრებაში“ შემავალ ორ პოლიტიკური პარტიას - „დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „თეთრებს“ საარჩევნო ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციების  დაწყებისკენ მოუწოდა.

გაფრინდაშვილის მოწოდებას ნინო ბურჯანაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სხვა პარტიებთან სერიოზული კონსულტაციების დაწყებას გეგმავდა.

„ჯერ არ ვართ მზად, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია გამოვხატოთ, მაგრამ სერიოზული კონსულტაციებს გამართვას ვგეგმავთ. მიზანი არის ის, რომ ნეიტრალური ელექტორატის ხმა არ დაიკარგოს, ვინაიდან ერთიანი ოპოზიციური ფრონტი არ გამოდის, ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ამომრჩეველთა ყველა სეგმენტი მოცული იყოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, ბუნებრივი პროცესი წარიმართა, აქამდეც ბევრს ლაპარაკობდნენ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე, ანუ იმ ოპოზიციური ძალების გაერთიანებაზე, რომლებიც ვერ აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ რიგებში.

„ეს ბუნებრივი პროცესია და ამისგან რაიმე ვაიუშველებელის შექმნა არ შეიძლება. გაერთიანება, ანუ კოალიციის წევრად გახდომა ნიშნავს იმას, რომ შენ ამ პრინციპებს იზიარებ, ვიცი რა, ბატონი კუკავას დამოკიდებულება დასავლეთისა და რუსეთის მიმართ, ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მგზავრობები მოსკოვში და ა.შ. ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ასეთი მჭიდრო ურთიერთობა გაებათ „ქართულ ოცნებასთან“- ამბობს ფირალიშვილი.

მოკლედ, გაერთიანება გადაწყვეტილია, და როგორც კახა კუკავა ამბობს, მისი უახლოესი მიზანია საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული ფრაქციის შექმნა.

„ეს იქნება პირველი ეროვნული ძალების მოხვედრა საკანონმდებლო ორგანოში ბოლო 22 წლის მანძილზე. 22 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ეროვნული ძალები არ ყოფილა და  საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილნი არიან როგორც უმრავლესობით ასე უმცირესობით ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამერიკის საელჩოსგან იმართებიან“,- აცხადებს კუკავა.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ახალი ბლოკის შექმნას საკმაოდ ნეიტრალურად უყურებენ, როგორც რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს: „ყველას აქვს უფლება, რომელ ბლოკშიც უნდა, იმ ბლოკში გაერთიანდეს. არ მგონია, ის ძალები რამე სერიოზულს წარმოადგენდეს და რამე საფრთხეს უქმნიდეს „ქართულ ოცნებას“ და ნინო ბურჯანაძე ვისთან გაერთიანდება და ვისთან არა, ეს მისი უფლებაა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, მიანიჭოს მას უპირატესობა, თუ არა. მე მიმაჩნია, რომ მაგ გაერთიანებას დიდი პერსპექტივა არ აქვს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალ ბლოკს მომავალ არჩევნებში დიდი პერპექტივა არ გააჩნია.

„მე არ ვიცი, კახა კუკავა რას გულისხმობს სიტყვა ეროვნულში. თუ ეროვნულობა რუსეთთან ახლო ურთიერთობას გულისხმობს, შეიძლება, მართლაც ერთიანდებიან ისინი. მე საქართველოში ვერ ვხედავ არაეროვნულ ძალებს და თუ ვინმეს ვხედავ, სწორედ მათ ბლოკში მოიაზრებიან, ამიტომ, კარგად არ მესმის ეს რას ნიშნავს. ყოველთვის, ამ სიტყვის გამოყენებას იუმორად აღვიქვამ, იმიტომ, რომ ეროვნული არის ყველა ძალა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“, მათ შორის, „ქართული ოცნებაც“, თუ „ზვიადისტებს“ გულისხმობს ბატონი კუკავა, მაშინ უნდა თქვას, რომ ვიყავი „ზვიადისტი“ ან არ ვიყავიო, არ ვიცი, რა ეროვნული ძალებზეა ლაპარაკი, ვერ გეტყვით, მაგრამ გეუბნებით, რომ მაგ ბლოკის პერსპექტივები ძალიან შეზღუდულია“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ქართულ მედიასთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ  სხვა ოპოზიციურ ძალებს „ნაციონალების“ მსგავსი პოლიტიკური პრიორიტეტები აქვთ. ამიტომ უჭირს „ქართულ ოცნებას“ რეალური ოპოზიცია უწოდოს - „ეს ერთი და იგივე პოლიტიკურ ძალებს შორის, უფრო შიდაკლანური დაპირისპირებაა. სსრ კავშირის დროს, ასეთი ბრძოლების სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მალენკოვი, ხრუშჩოვი და ბერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“,- ამბობს კუკავა.

„ასეთი ღრმა აზრების კომენტირებას ვერ შევძლებ, იმიტომ, რომ რა ასოციაციები აქვს სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კუკავას, ჩემთვის არის სრულიად უმნიშვნელო. მე პირადად, მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი პროგრამა, რას აპირებს ეს ბლოკი ის უნდა გვითხრას და არა, ვინ ვის ჰგავს და ვინ როგორია. რა მნიშვლელობა აქვს, ახლა კუკავას ბერიასა და მალენკოვზე რა წარმოდგენები აქვს, მაგონებსო რომ ამბობს, მაშინ კუკავა კი არა, მამამისი არ იქნებოდა დაბადებული, რას აგონებს, არ ვიცი, მართალი გითხრათ“, -ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

იმის მიუხედავად, რომ „თავისუფალ საქართველოსა“ და  „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის საჯაროდ გამოცხადებული პოლიტიკური შეუთავსებლობაა, კუკავა სამომავლოდ მაინც არ გამორიცხავს კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანაშრომლობას, როგორც კუკავა აცხადებს:

„ეს მათზეა დამოკიდებული, ჩემი მხრიდან ამაზე მზადყოფნა არაერთხელ იყო გამოხატული, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიიის“ პოზიციის გამო, ეს თანამშრობმლობა არ შედგა. ეს პოზიცია გაიზიარა ბიძინა ივანიშვილმაც და თუ ივანიშვილი გადახედავს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ ამ თანამშრომლობას წინ არაფერი დაუდგება“, - აცხადებს კუკავა.

საარჩევნო ბლოკის თანამშრომლობაზეა ლაპარაკი თუ ბლოკში შემავალი ცალკეული სუბიექტების, როგორც კუკავა ამბობს, ეს დეტალებია და ჯერჯერობით, შესათანხმებელია პრინციპი: „ყველა მიშას წინააღმდეგ“ თუ „ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ“, „ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა მიშას წინააღმდეგ. „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციაა, რომ  მთავარია, ოპოზიცია ერთმანეთს დაერიოს ბოლომდე“, - აცხადებს კუკავა.

კუკავას პათოსს არ იზიარებს ლევან ბერძენიშვილი: 

 „ქართული ოცნებისა“ და თქვენს მიერ დასახელებული ბლოკის ადგილი ქართულ ოპოზიციაში ერთმანეთთან შესადარებელი არ არის. კიდევ ვიმეორებ, იქნება მრავალი ასეთი წვრილ-წვრილი გაერთიანება, ბლოკი, მაგრამ აქ ძირითადი ბრძოლა მიმდინარებს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. თუ ვინმე ამას ვერ ხედავს, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ჩახედონ გამოკითხვებს, იმ გამოკითხვებშიც კი, რომელსაც არ ენდობა „ქართული ოცნება“, კარგად ჩანს, სხვა პარტიების როლი და რეიტინგი რამხელაა. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ახლა მთლიანად არის თავმოყრილი „ქართულ ოცნებაში,“ სხვა ოპოზიციურ ძალებს სერიოზული პერსპექტივები არ გააჩნიათ. ეს არც კარგია და არც ცუდია, ეს არის უბრალოდ, არსებული რეალობა“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

თუმცა, ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ იდეოლოგიებს შორის პრინციპული სხვაობა რაღაც ეტაპზე თანამშრომლობას არ გამორიცხავს, იმიტომ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ყველა ოპოზიციური ძალა არის დაინტერესებული სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლით და თანამშრომლობა ზოგად კონტურებში ყოველთვის შესაძლებელია.

ზაზა ფირალიშვილი„ვერ გეტყვით, კონკრეტულად რაში შეიძლება შედგეს თანამშრომლობა, მაგრამ ეს თავისთავად შეუძლებელი და წარმოუდგენელი არ არის. სხვაა, რომ კოალიციის წევრად გახდომა უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებს კოალიციის პარტნიორებს, მათი ღირებულებები, საერთაშორისო მოვლენებისადმი დამოკიდებულება უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და ა.შ.

წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ისეთივე შემთხვევითი გაერთიანება, რომელიც არაერთი გვინახავს და არჩევნების შემდეგვე იშლება ხოლმე.

რაც შეეხება საარჩევნო ხმების დაქსაქსვას, არ მგონია, რომ სამსუბიექტიანმა არჩევნებმა ისე დაქსაქსოს ხმები, რომ უკეთესად გამოხატულმა არჩევნების ლიდერმა, რომელიც მოსახლეობის მეტი სიმპაიებით ისარგებლებს, დაკარგონ ხმების დიდი რაოდენობა.

მთავარი მაინც ღირებულებითი შკალაა, უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ერთიანდებიან არა ადამიანები, არამედ ღირებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული ცალკეული პოლიტიკოსის პიროვნებაზე. თუ გნებავთ, მის ახირებაზე და ა.შ. მთავარია, რა ღირებულების მატარებელია ესა თუ ის პოლიტიკოსი და იქიდან უნდა ვიმსჯელოთ გაერთიანების შესახებ.

რა თქმა უნდა, იმოქმედებს რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის არსებობა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ არ მჯერა, რომ გადამწყვეტ როლს ითამაშებს, იმიტომ, რომ ამ არჩევნებს ეყოლება მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერები, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და ვფიქრობ, რომ არჩევნების ბედი მაინც გადაწყდება ამ ორი ძალის დაპირისპირებაში. ისეთი აღმავალი ძალისა, როგორიცაა „ქართული ოცნება“ და უდიდესი ადმინისტრაციული რესურსების მქონე „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ორის კონკურენციაში გადაწყდება საბოლოო ჯამში არჩევნების ბედი. რაც შეეხება სხვა ძალებს, მათ შეიძლება მიიღონ გარკვეული ხმები, მაგრამ ეს არ იქნება დიდი და მნიშვნელოვანი“.