ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა კვირას საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში, რათა გამოეხატა თავისი პროტესტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ – ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იყო.
პროტესტს განიხილავდნენ, როგორც ოპოზიციის საზოგადობრივი მხარდაჭერის ტესტს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ
ეს ასევე პოლიტიკური დებიუტი იყო აქციის ორგანიზატორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ქართველი მილიარდერისთვის, რომელიც საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი და ცნობილი ქველმოქმედია. მან პოლიტიკაში ოქტომბერში შეაბიჯა, განაცხადა რა რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის მიზანი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და საბოლოო ჯამში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაა.
სააკაშვილის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა იანვარში სრულდება და მისი სამომავლო გეგმები ბუნდოვანია. მან არ გამორიცხა ის, რომ პრემიერ-მინისტრი გახდება – თანამდებობა, რომელსაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად ძალაუფლება ემატება. სააკაშვილის ოპონენტების თქმით, ეს საკონსტუტუციო რეფორმა იმისთვის გატარდა, რომ პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ სააკაშვილს პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.
მაგრამ ეს უსიამოვნო ანალოგიებს გააჩენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, რათა მორგებოდა ორზე მეტ საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ აკრძალვას.
ორგანიზატორების ვარაუდით კვირას გამართულ აქციაში 110, 000 ადამიანი მონაწილეობა, მაშინ როდესაც პოლიციის შეფასებით დემონსტრანტების რიცხვი დაახლოებით 30, 000 იყო.
დემონსტრანტები, რომლებმაც მსვლელობა სამი პუნქტიდან მოაწყვეს, რათა ბოლოს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას შეერთებოდნენ, ქართულ დროშებთან ერთად ევროკავშირის და ნატოს დროშებს აფრიალებდნენ, იმის ნიშნად, რომ სააკაშვილის დროს განსაზღვრული მიზნებისადმი მხარდაჭერა, კერძოდ საქართველოს დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, კვლავ ძლიერია.
აქციის მონაწილეებმა ასევე დაწერეს თავიანთი „ოცნებები“ ბარათებზე და ჩაყარეს ის ტომრებში, რომელზეც ივანიშვილის ახალი პარტიის „ქართული ოცნების“ სახელწოდება იყო ამობეჭდილი.
„ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი და ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ თავისუფლად და დამსახურების მიხედვით“, უთხრა შეკრებილთ ივანიშვილმა. „მე ველოებოდი, რომ საქართველო ძლიერი და ერთიანი გახდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გარდამავალი პერიოდი გაჭიანურდა და ამ რეჟიმთან ბრძოლის დაწყება გადავწყვიტე“.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოიპოვა და დაიწყო დასავლეთთან დაახლოება როდესაც 2004 წელს სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა.
მას მიაწერენ მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, თუმცა მან ასევე მიიყვანა ქვეყანა დამანგრეველ ომამდე რუსეთთან 2008 წელს, რომელიც საქართველოს ორი გამოყოფილი რეგიონის ირგვლივ გაჩაღდა და რომლებიც დღეს თბილისის კონტროლის მიღმა არიან და მთლიანად მოსკოვთან არიან დაკავშირებულნი.
2009 წელს სააკაშვილმა გაუძლო ოპოზიციის დემონსტრაციებს, რომელიც კვირეების განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინ დანაწევრებულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა კოორდინირება ვერ შეძლეს და პროტესტი მინელდა.
ივანიშვილმა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა, მაგრამ უარი თქვა სხვებთან, მათ შორის ოპოზიციის ვეტერანი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის პარტიასთან მუშაობაზე.
კვირის აქცია გახსნა კახა კალაძემ, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც ცხრა სეზონის განმავლობაში „მილანში“ თამაშობდა. აქცია დასრულდა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის, რეპ მუსიკოსის ბერას პერფორმანსით.
foreignpress.ge