ქუთაისი, საქართველო – საქართველოს ქარიზმატული ლიდერი შაბათს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, პარლამენტი დედაქალაქიდან ძველ, პროვინციულ ქალაქში გადაიტანა და თავის მტერს, რუსეთს სამხედრო პარადი დაუპირისპირა.
„პარლამენტის ეს ახალი შენობა ახალი საქართველოს სიმბოლოა,“ განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ახალი, ულტრათანამედროვე შენობის ოფიციალურ გახსნაზე, ექს-საბჭოთა ქვეყნის მეორე ქალაქში, ქუთაისში.
ათასობით სამხედრომ ჩაირა პარლამენტის წინ. ეს იყო დრმონსტრაცია საჩვენებელი ტანკების, საბრძოლო თვითმფრინავების და საქართველოში პირველად დამზადებული სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის: უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების, სატყორცნი დანადგარების და საბრძოლო ტრანსპორტის.
პრო-დასავლურმა საქართველომ გამანადგურებული მარცხი განიცადა თავის გიგანტურ მეზობელთან რუსეთთან 2008 წლის ომში და სააკაშვილმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ სურს „თავისი სანუკვარი ოცნების განხორციელება – საქართველოს მთავრობის დამხობა“.
„მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დადგება საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე,“ განაცხადა მან.
პირველი სხდომა ქუთაისში მხოლოდ სიმბოლური იყო, რადგან სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და საკანონმდებლო ორგანო სხდომებს თბილისში განაგრძობს.
„ახალი საქართველოს მშენებლობა ჯერ კიდევ შორსაა დასრულებამდე,“ აღიარა სააკაშვილმა, ამბიციური $83 მილიონიანი მშენებლობის ინიციატორმა. ეს ნაგებობა, საქართველოს სამრეწველო ქალაქის (ქალაქის მოსახლეობა 186,000-ია) ნიადაგიდან წამოჭიმულ მინის ბუშტს ჰგავს.
„საქართველო, დემოკრატიის კონტექსტში, რა თქმა უნდა, დაუსრულებელი პროექტია,“ დასძინა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განცხადებაში, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნა, აღნიშნა, რომ ვაშინგტონი, საქართველოს მთავარი მოკავშირე განაგრძობს თავისი პატარა კავკასიელი მოკავშირის მხარდაჭერას.
„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკური კავშირების გაღრმავებას და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, და ჩვენ კვლავინდებურად ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“ განაცხადა კლინტონმა.
რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობა და აქ პერმანენტულად ჰყავს დაყენებული ჯარი.
ოპონენტები პარლამენტის გადატანას გაღატაკებულ ქვეყანაში ფულის უაზრო ხარჯვად მიიჩნევენ.
„სააკაშვილი ყველა წესსა და კანონს თავისი პირადი სურვილების მიხედვით ცვლის,“ უთხრა AFP-ს მაია ფანჯიკიძემ, მილიარდერი მაგნატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიციის „ქართული ოცნების“ სპიკერმა.
თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერების თქმით, პარლამენტის გადატანა ხელს შეუწყობს პოლიტიკის განვითარებას და ქუთაისის აღორძინებას, რადგან ქუთაისი დაკნინდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
„ჩვენი ქალაქი დავიწყებული იყო და ახალ სიცოცხლეს იძენს. ამაზე ბედნიერები უბრალოდ, ვერ ვიქნებოდით,“ უთხრა AFP-ს დისახლისმა ნანუკა მაისურაძემ შაბათის დემონსტრაციაზე.
„ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი ხდება,“ განაცხადა მასწავლებელმა სერგი გაბუნიამ.
წამოწყებამ თავიდანვე წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება გამოიწვია, რადგან 2009 წელს, როდესაც მუშებმა ააფეთქეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი ახალი პარლამენტისთვის ადგილის გასაწმენდად, ნამსხვრევებმა ქალის და მისი პატარა ქალიშვილის სიცოცხლე შეიწირა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თვითონ ხელმძღვანელობდა ამ მონუმენტის შემცვლელის დადგმას მოსკოვში და განაცხადა, რომ ორიგინალის დეკონსტრუქცია წარმოადგენდა “სახელმწიფო ვანდალიზმის სამარცხვინო აქტს”.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღით აღინიშნება საქართველოს გათავისუფლება რუსეთის იმპერიისგან 1918 წელს. კომუნისტურმა წითელმა არმიამ 1921 წელს დაიბრუნა კონტროლი ქვეყანაზე და მოსკოვის მმართველობისგან ხელახალი გათავისუფლება მხოლოდ 1991 წელს მოხერხდა.
2011 წელს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა შეილახა, როდესაც პოლიციის სპეცრაზმებმა ძალა გამოიყენეს იმ ოპოზციური დემონსტრაციის წინააღმდეგ, რომელსაც მიზნად ჰქონდა სამხედრო პარადის აღკვეთა და ამ ადგილიდან მიმავალმა მანქანებმა ორი ადამიანი მოკლეს.
foreignpress.ge