ეს ყველაფერი კი საქართველოს ხელისუფლებას უჩენს განცდას იმისა, რომ მისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან რთული იქნება ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. სააკაშვილის პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდის მხარეს არის მთელი ის ადმინისტრაციული რესურსი, რასაც იგი აქტიურად გამოიყენებს. ბიძინა ივანიშვილის მხარეს კი არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ინტერესი მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ.
უკანასკნელი მესიჯები, რომელიც დასავლეთის მხრიდან წამოვიდა და ამ თემას შეეხო, იყო ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის და ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის საკვანძო საკითხი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში.
ყველაფერ ამის ფონზე, სააკაშვილს და მის გუნდს ხელისუფლების დაკარგვის სერიოზული შიში აქვთ. ამის დასტურად ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და ამ საკითხთან დაკავშირებული ბატალიები შეგვიძლია მოვიყვანოთ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იმის შიშიც გაჩნდა, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის განეიტრალება მისი ფიზიკური ლიკვიდაციის გზით მოისურვოს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოდან დევნილმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიიდან გაახმაურა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრება და თავდასხმა შეიძლება მაშინ განხორციელდეს, როცა იგი რეგიონებს ესტუმრება“, - დაწერა ვახტანგ კომახიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ წყაროს მიერ (რომელმაც მას ეს ცნობა მიაწოდა) ინფორმაციის გავრცელება ირიბ მიზანს ემსახურებოდა და ამიტომ, აუცილებელი იყო ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება.
„რადგან ქართულ რეალობაში არსებობს ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუფოვის დაღუპვის გამოუძიებელი საქმე, რადგან გამოუძიებელია „მასტერას” და უვაის ახმადოვის ფარული ჩანაწერები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაზე, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრის ფარული ჩანაწერი ბელორუსიაში პოლიტიკური მკვლელობის განზრახვის შესახებ, ვფიქრობ, არაა გადაჭარბებული ვარაუდი, რომ ჩემი წყაროსგან მიღებული ინფორმაცია კეთილსინდისიერი სიგნალი შეიძლება იყოს“, - წერდა კომახიძე „ფეისბუქის“ საჯარო სტატუსზე.
მართლაც, რა უნდა იყოს გასაკვირი ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა და რომლის გარდაცვალებაც დღესაც გამოუძიებელია.
დღემდე ბურუსითაა მოცული ასევე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაც. ოფიციალური ვერსიით, 2007 წლის თებერვალში იგი ლონდონში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმაც პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა ქართულ საზოგადოებაში, რადგან პატარკაციშვილი პოლიტიკაში გამოჩენისთანავე საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის მტრად და რუსეთის აგენტად მოინათლა. არსებობს ეჭვები, რომ ბადრი პატარკაციშვილი რაიმე რადიაქტიული ნივთიერების მოქმედების შედეგად იქნა მოკლული, რისი კვალიც ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა, რადგან როგორც მისი უახლოესი გარემოცვა მაშინ აცხადებდა, პატარკაციშვილს საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.
ამდენად, როდესაც საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მოღვაწე ჟურნალისტი (რომელსაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ფილმი აქვს მომზადებული) კონკრეტულ პიროვნებაზე ამბობს, რომ მას საფრთხე ემუქრება, ალბათ, ამის უყურადღებოდ დატოვება არასწორი იქნებოდა. ვახტანგ კომახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თუკი ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მოშორება სურს, ეს არ მოხდება საიდუმლო ვითარებაში, რათა ეჭვები ხელისუფლების მიმართ არ გაჩნდეს.
„ქართული ოცნება“ ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიაში დაუკავშირდა. კომახიძე ამბობს, რომ მისი მხრიდან არასწორი იქნებოდა იმაზე საუბარი, რა ხერხით შეიძლება ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილი მოიშოროს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამის გარკვევა შესაბამისი სპეციალისტების საქმეა.
„ჩემი საქმე იყო პრევენციული განცხადება გამეკეთებინა და საჯარო გამეხადა ინფორმაცია, რომელიც მე ჩამივარდა ხელში. როდესაც ასეთი ინფორმაცია არსებობს, ნორმალურ ქვეყანაში ამ ინფორმაციის გადამოწმების და გამოძიების ჩატარების გზით ხდება ხოლმე ამგვარი საფრთხეების პრევენცია, მაგრამ ჩვენთან ამას ვინ გამოიძიებს? ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გამოუძიებელი დევს და აქვე აღვნიშნავ, მე შემთხვევით არ ვამბობ, რომ ეს მკვლელობა იყო“, - აცხადებს ვახტანგ კომახიძე.
მისი თქმით, როდესაც ადამიანს სრულიად უსამართლოდ ართმევენ მოქალაქეობას, ეს არის საჯარო მინიშნება იმაზე, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ხელს უშლის. აქვე კომახიძე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის მოშორების გეგმა ხელისუფლებაში გაჩნდა, ამ განზრახვაზე ხელს ასე ადვილად არავინ აიღებდა.
„რადგან ასეთი განზრახვა გაჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ამგავრი ქმედება მისაღებია. როდის და სად გამოიყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას, ამის თქმა ძალიან რთულია“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.
უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოში არის პარანოიდალური და კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ახლა აგონიაშია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. შესაბამისად, ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში ხელისუფლებას აიძულებს მიმართოს ყველა იმ კრიმინალურ გზას, რომელიც მას ამ საფრთხეს აარიდებს. ნაცვლიშვილის თქმით, სააკაშვილისთვის მთავარი გამოწვევა არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და შესაბამისად, მისი პოლიტიკური თუ ფიზიკური ჩამოშორება ამ ხელისუფლებისთვის და პირადად სააკაშვილისთვის, გადაუდებელი ამოცანაა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით ლაშა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმა მუშავდება. თუმცა, უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ ეს არ იქნება შეფარული მეთოდით ადამიანის ლიკვიდაცია.
„ასეთი გადაწყვეტილების არსებობაში მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ სახის სპეციალური ღონისძიების მარილი იქნება ის, რომ მკვლელი უნდა იქნეს ლიკვიდირებული, ან მინიმუმ დაპატიმრებული მაინც. საქმე უნდა იყოს გახსნილი, ანუ საბრალდებო სკამზე მიხეილ სააკაშვილის მაგივრად, ვინმე უნდა დაჯდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანები მათ შერჩეული ჰყავთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ, რომ დაიჭერენ, მაგრამ შემდეგ გამოუშვებენ.
თუკი ბიძინა ივანიშვილის მაღალკვალიფიციური დაცვა ასეთი ადამიანის გაუვნებელყოფას მოახდენს, არ არის გამორიცხული ისიც, რომ იყოს სარეზერვო ვარიანტიც, ანუ მეორე პიროვნება, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, - ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, ხალხმრავალი ადგილი ამ მხრივ სახიფათოა, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური აქტივობა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. ამიტომ, ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ხელისუფლებამ ამგვარი ხალხმრავალი ადგილი და ბიძინა ივანიშვილზე „განაწყენებული“ ოდიოზური ფიგურა შეარჩიოს, რომელიც ხელისუფლების ნებას აღასრულებს. შემდეგ კი, მოხდება ამ ადამიანის გასამართლება, რათა ხელისუფლებას ჰქონდეს ალიბი, რომ ის არაფერ შუაშია და უფრო მეტიც, მან ამხილა და დასაჯა მკვლელი.